Accessibility links

logo-print

სუამის წევრი სახელმწიფოები კონფლიქტურ ზონებში სამოქალაქო-საპოლიციო ძალების გამოყენების შესაძლებლობებს განიხილავენ


სუამის წევრი სახელმწიფოები (საქართველო, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდავეთი) კონფლიქტურ ზონებში სამოქალაქო-საპოლიციო ძალების გამოყენების შესაძლებლობებზე მსჯელობენ.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, გადაწყდა სუამის წევრი სახელმწიფოების გააქტიურება სამშვიდობო ძალებისა და სამოქალაქო-საპოლიციო ქვედანაყოფების ჩამოყალიბების მიზნით. სუამის, როგორც რეგიონული ნიშნის გაერთიანების, გააქტიურება კონფლიქტების მოწესრიგების კუთხით ძალზედ საინტერესო ხდება.

საქართველო ცდილობს გამოიყენოს სუამის სამხედრო პოტენციალი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების ჩასანაცვლებლად. საქართველოს ხელისუფლება ისწრაფის სუამს სამხედრო-პოლიტიკური მიმართულება შესძინოს, რაშიც მას ზოგიერთი დასავლური სახელმწიფოც ეხმარება. - ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ასე გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი სუამის სივრცეში გაყინული კონფლიქტების მოსაგვარებლად სუამის, ამ რეგიონული ნიშნის გაერთიანების, გააქტიურებას, რასაც სერიოზული შედეგი მოჰყვა. ვგულისხმობ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის დღის წესრიგში სუამის სივრცის გაყინულ კონფლიქტებთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტის განსახილველად შეტანას.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ” მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, პირველად მოვახერხეთ გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში შესულიყო საქართველოსა და რეგიონის კონფლიქტები. ”

საქართველოს პრეზიდენტმა გაეროში სუამის ინიციატივის გატანაზე, როგორც სერიოზულ წარმატებაზე, ახლახან არასამთავრობი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა. რას ცვლის საკითხის გენერალური ასამბლეის სესიაზე გატანა? - ამასთან დაკავშირებით პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი აღნიშნავს:

[ალექსანდრე რონდელის ხმა ] ”გაეროში ჩვენი პრობლემები ისე განიხილებოდა, რა, სხათა შორის, იმიტომ რომ რუსეთი ადგათ თავზე. ახლა სამსჯავროზე გამოვიდა და როცა ასე ხდება, სხვა რაღაცები იწყება: სამართლებრივი მხარე, პოლიტიკური მხარე, ამ ყველაფრის ლეგიტიმურობის პროცესი და ასე შემდეგ.”(სტილი დაცულია)

25 სექტმბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა. მასზე შემუშავდა ერთობლივი ღონისძიებების გეგმა, სუამის არეალში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით გაეროს შესაბამისი რეზოლუციის პროექტის მომზადებისა და საერთაშორისო მხარდაჭერის გაფართოების მიზნით. რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, მიღწეულ იქნა შეთანხმება გააქტიურდეს მუშაობა სუამის სამშვიდობო ძალებისა და სამოქალაქო-საპოლიციო ქვედანაყოფების დროულად ჩამოყალიბებისთვის. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციის მოსმენის შემდეგ სუამის მინისტერიალმა გაიზიარა საქართველოს აზრი მოლაპარაკებისა და სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. დაბოლოს, სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ჩეჩელაშვილი სუამის გენერალურ მდივნად იქნა არჩეული. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ გაერთიანების ფარგლებში გაგრძელდება აქტიური მსჯელობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში სუამის ძალების გამოყენების შესაძლებლობებზე.
XS
SM
MD
LG