Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 13 პუნქტით გაუმჯობესდა


ეკონომიკური თავისუფლების ქსლის ”ფრეიზერის ინსტიტუტის” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 13 საფეხურით

გაუმჯობესდა და 130 ქვეყნისგან შემდგარ რეიტინგში 53-ე ადგილზე გადაინაცვლა. აღნიშნული კვლევა მხოლოდ 2004 წლის შედეგებს ასახავს და საქართველოს მთავრობაში ფიქრობენ, რომ ახლა გაცილებით უკეთეს შედეგს აჩვენებდნენ, რადგან 2004 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.

“ფრეიზერის ინსტიტუტის” მიერ შედგენილი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ერთ-ერთ ავტორიტეტულ რეიტინგადაა მიჩნეული მთელ მსოფლიოში. მასში საქართველო პირველად შარშან მოხვდა 2003 წლის ეკონომიკური მაჩვენებლებით. მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების 2006 წლის ანგარიში კი საქართველოს ეკონომიკის იმ მდგომარეობას ასახავს, რომელიც 2004 წლის მანძილზე შეიქმნა ხუთი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით. ზოგიერთ მათგანს ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე მიმოიხილავს.

თავდაპირველად, მთავრობის სიდიდის შესახებ, ანუ იზრდება თუ მცირდება ხელისუფლების ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით:

[პაატა შეშელიძის ხმა] ”იგულისხმება, რომ რაც ნაკლებია სახელმწიფო ხარჯები და რაც დაბალია გადასახადები, მით უფრო კარგია. და თუ არ ფლობს სახელმწიფო საწარმოებს, ესეც კარგია. ამ პუნქტის მიხედვით, საქართველოს გაუმჯობესება ნამდვილად არა აქვს...”

შედეგი უფრო დაბალი რომ არ აღმოჩნდა, მასშტაბური პრივატიზაციის დამსახურებაა - სახელმწიფომ რომ უარი თქვა ქონებაზე და აუქციონზე გაიტანა გასაყიდად.

მეორე სფერო, რომელშიც საქართველოს რეიტინგმა დაიწია, საკუთრების უფლების დაცვაა.

[პაატა შეშელიძის ხმა] ”ამ კომპონენტში ჩვენ ისედაც საკმაოდ მძიმე პოზიციაზე ვიყავით...”

კიდევ ერთი პუნქტი, რომელშიც საქართველო უარყოფითადაა შეფასებული, საგარეო ვაჭრობის თავისუფლებას ეხება. აქ, ძირითადად, საბაჟო ბარიერები იგულისხმება, რაც 2004 წელს გამკაცრდა კიდეც. ახლა პირუკუ პროცესი მიდის და მომავალი წლიდან საბაჟო გადასახადების დიდი ნაწილი ნულს გაუტოლდება, ნაწილი კი შემცირდება, მომავალში განულების პერსპექტივით.

”ფრეიზერის ინსტიტუტის” ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია მყარი ვალუტის ხელმისაწვდომობის, შრომითი ბაზრის წარმოებისა და საკრედიტო ბაზრის დერეგულირების თვალსაზრისით.

[პაატა შეშელიძის ხმა] ”აქ ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გვაქვს წინ გადადგმული. სწორედ ამ ნაბიჯის გამო არის გამორჩეული საქართველო ამ წელს...”

პაატა შეშელიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს მომავალი წლის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში გაცილებით უკეთესი პოზიციები ექნება, რადგან საქართველოში 2004 წლის შემდეგ რამდენიმე ლიბერალური რეფორმა განხორციელდა. რა შედეგი შეიძლება მოუტანოს უფრო მეტმა ეკონომიკურმა თავისუფლებამ საქართველოს მოსახლეობას?

[პაატა შეშელიძის ხმა] ”გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანის ბუნება მიდრეკილია გაიუმჯობესოს თავისი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური სტატუსი, ის ცდილობს, რომ ეძებოს გზები. სწორედ ეს გზები იხსნება, უფრო მეტი არჩევანი ჩნდება..."
XS
SM
MD
LG