Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში თავშეკავებული ოპტიმიზმით ეკიდებიან ევროკავშირში გაწევრიანებას


ევროპის კომისიამ 26 სექტემბერს გამოაცხადა, რომ რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირში 2007 წლის 1 იანვარს გაწევრიანდებიან

და შესაბამისი რეკომენდაციებიც მიიღო, რაც ამ ქვეყნებს ავალდებულებს გააგრძელონ რეფორმები. მაგრამ ცნობას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ თავშეკავებული ოპტიმიზმით - ზოგ შემთხვევაში კი სკეპტიციზმითაც - ხვდებიან რუმინეთში, სადაც, ოფიციალური გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეთა საშუალოდ 70 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის გაფართოებულ ევროპის ბლოკში გაწევრიანებას.


ცნობა 2007 წლის 1 იანვრისათვის რუმინეთისა და ბულგარეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ 25 სექტემბერს ბრიუსელში მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ გაახმაურა და იქვე დასძინა, რომ ევროპის ბლოკის შემდგომი გაფართოების საკითხი დღის წესრიგში ჯერჯერობით არ დგას:

[ჟოზე მანუელ ბაროზუს ხმა] "ბულგარეთი და რუმინეთი, კაცმა რომ თქვას, გაფართოების ბოლო ფაზაა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ევროპის ხელახალი გაერთიანება. ვფიქრობ, ჩვენ მზად არ ვართ ახალი წევრების მისაღებად, ვიდრე ინსტიტუციურ რეფორმებს გავატარებდეთ."


რუმინეთი, 22 მილიონიანი მოსახლეობით, სიდიდით ბრიტანეთის ოდენაა, მაგრამ იგი ერთ-ერთ ყველაზე ჩამორჩენილ რაიონად ითვლებოდა და ითვლება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუს ადმინისტრაციამ ენერგიულად დაიწყო ეკონომიკასა და სასამართლო სისტემაში ევროპული ნორმების დანერგვა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. მაგრამ რუმინეთში კვლავ მაღალია უმუშევრობა, რის გამოც, 2002 წლიდან მოყოლებული, სამუშაოს საძებნელად ქვეყანა 2-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა. თეოდორა, 20 წლის სტუდენტი, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობს, ამბობს, რომ დაბალი ხელფასის გამო, რაც თვეში 200 დოლარს აღწევს, ახალგაზრდები იძულებულნი არიან საზღვარგარეთ წავიდნენ სამუშაოს საძებნელად:

[თეოდორას ხმა] “ახალგაზრდობის უმრავლესობას სურს დარჩეს რუმინეთში და იქ იმუშაოს, სადაც სწავლობს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ რუმინეთში ხელფასი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროპის დანარჩენ ქვეყნებში. ამიტომ ჩვენ, ვინც ცხოვრებას მხოლოდ ახლა ვიწყებთ და გვსურს გვქონდეს მომავალი, არ გვინდა ვიყოთ რუმინეთში და გვქონდეს 10-ჯერ, 15-ჯერ ნაკლები ხელფასი.”

საშუალო ხელფასი რუმინეთში 200 დოლარს შეადგენს. ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში კი შიშობენ, რომ ბლოკში გაწევრიანების შემდეგ რუმინეთიდან იაფი მუშახელის მოზღვავება ადგილობრივ მცხოვრებლებს უმუშევრად დარჩენის საფრთხეს შეუქმნის. თავის მხრივ, რუმინელი მცირე მეწარმეები ფიქრობენ, რომ ევროკავშირში შესვლის შემდეგ მათი ბიზნესი იზარალებს:

[ჟოლტის ხმა]“პირველი საფრთხე მოდის დიდი საერთაშორისო კომპანიების მხრიდან, რომლებმაც უკვე დაიწყეს ფეხის მოკიდება რუმინეთში. გარდაუვალია - დიდი თევზი გადაყლაპავს პატარას. ასეთია კონკურენციის წესი. “

ფიქრობს რუმინელი ჟოლტი, რომელსაც მცირე სამშენებლო კომპანია აქვს ქალაქ ბრასოვთან ახლოს. კავშირში გაწევრიანებას ასევე სკეპტიკურად ეკიდებიან მოხუცები. 64 წლის მოხუცი, პატარა ქალაქ სფანტუ გეორგედან, ამბობს, რომ ევროკავშირისგან სარგებლობას მისი თაობა ვეღარ მოესწრება:

[მარიუსის ხმა]“ჩემს ასაკაში, მე არ ვიცი რა სახის სარგებელს უნდა ველოდე იმ მოგებიდან, რაც ევროკავშირში გაწევრიანებას აქვს. ეს მოგება გამოჩნდება არა უადრეს 20 წლისა. 20 წელიწადში კი მე 80 წლისა ვიქნები.”

გაცილებით უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილი ახალგაზრდები. კოლეჯის სტუდენტი აურელი ევროკავშირში გაწევრიანების შეგნებული მომხრეა:

[აურელის ხმა]“დიახ. ეს კარგია - მაშინაც კი, თუ ამ ნაბიჯის გადადგმა რუმინეთისათვის რთული იქნება. შესაძლოა, ძალიან სწრაფად ვერა, მაგრამ 10-15 წელიწადში სარგებლობას აუცილებლად ვიგრძნობთ.”

ევროკავშირის წევრობას ემხრობა ბიზნესმენი ჟოლტი, რომელიც, როგორც ზემოთ დავინახეთ, დარწმუნებულია, რომ გაწევრიანება ნეგატიურად იმოქმედებს მის ბიზნესზე:

[ჟოლტის ხმა]“დიახ, მე ამ არჩევანს მხარს ვუჭერ. ინტეგრაცია ევროპის კავშირში - ეს არის ერთადერთი გამოსავალი ჩვენი ბავშვებისა და დღევანდელი ახალგაზრდობისათვის.”
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG