Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


”24 საათი” წინასაარჩევნო მარათონზე მსჯელობს და ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავს.

გაზეთის დაკვირვებით, არასამთავრობო სექტორის მიერ წელს აღმოჩენილი დარღვევები ”წინა არჩევნებთან შედარებით, საკმაოდ უმნიშვნელოა.” სტატიაში ვკითხულობთ: ”თუკი ნებისმიერი წინა არჩევნების დროს მთავარი აქცენტი ამომრჩეველთა სიებში პერმანენტულ დარღვევებზე კეთდებოდა, ახლა არასამთავრობოები მხოლოდ ცალკეულ საარჩევნო უბანზე აღმოჩენილ დარღვევებზე საუბრობენ. ეს კი ნიშნავს, რომ ცესკომ, პირველად ბოლო 10 წლის განმავლობაში, რეალურად სცადა საარჩევნო სიებში არსებული სრული ქაოსის გამოსწორება, რაც, უდავოდ, წინ გადადგმული ნაბიჯია”. აქვე ”24 საათი” აღნიშნავს იმასაც, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიას არასრულყოფილი უწოდა და მასში შესწორებების შეტანა მოითხოვა არასამთავრობო ორგანიზაციამ ”სამართლიანი არჩევნები”. თუმცა ორგანიზაციამ აქცენტი უფრო უზუსტობებზე გააკეთა, ვიდრე ერთიანი სიის მონაცემების შეგნებულ გაყალბებაზე, - წერს გაზეთი. ”24 საათი” აღნიშნავს იმასაც, რომ, ”როგორც იქნა, ოპოზიციურმა პარტიებმა მეტ-ნაკლებად მკაფიოდ ჩამოაყალიბეს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამები. როგორც მოსალოდნელი იყო, ძირითადი აქცენტი ხელისუფლების კრიტიკასა და მის ფუჭ დაპირებებზე გაკეთდა. თუმცა დაპირებებიც გაისმა, რომლებიც, ძირითადად, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას ეხებოდა, მაგრამ, - გაზეთის კორესპონდენტის შეფასებით, - განსაკუთრებული და ორიგინალური არც ამ კუთხით თქმულა რაიმე. სამაგიეროდ, ხელისუფლებამ კვლავ რამდენიმე წარმატებული პიარ-აქცია ჩაატარა, რომელიც თავად მიხეილ სააკაშვილმა რიყეზე ყურძნის დაწურვით დაასრულა.”

საერთოდ, ყურძნის თემა წინასაარჩევნო კამპანიის განუყოფელ ნაწილად რჩება. ”ახალი თაობის” ინფორმაციით, თანდათან სულ უფრო იზრდება გლეხების უკმაყოფილება, რომელიც ყურძნის ფასის ხელოვნური დაგდებით არის გამოწვეული. გაზეთი წერს, რომ კახეთში ამას, შესაძლოა, ჯანყი მოჰყვეს, ეს კი, მით უმეტეს - არჩევნების წინ, ხელისუფლებისთვის სრულიად მიუღებელია. ”ჯანყის თავიდან აცილების მიზნით, კახეთს გუშინ რთველის გენერალი ირაკლი ოქრუაშვილი ეწვია”, რომელმაც, ყურძნის ფასის ხელოვნურად შემცირება უარყო და, ”ახალი თაობის” სიტყვებით რომ ვთქვათ, კახეთის შუაგულიდან ყველა ამრევი გააფრთხილა, ”თავი შეიკავონ ჯანყისგან”. ”ჩვენ ვერავისგან მივიღებთ შანტაჟს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ფასით უკმაყოფილოებმა აქციები და პიკეტები მოაწყონ. არ დავუშვებთ გზების გადაკეტვას... ყველა ეს ადამიანი მიიღებს საკადრის პასუხს. და ისე ნუ იზამთ, რომ ორი წლის განმავლობაში ყურძნის მოსავლიდან აღებული თანხა ”პერედაჩებში” დახარჯოთ. გარწმუნებთ, ეს თანხა არ გეყოფათ.” – ”ახალი თაობის” ინფორმაციით, სწორედ ასე გააფრთხილა თავდაცვის მინისტრმა ჯანყის მსურველები.

მახინჯაურში წაკიდებული ნაციონალები და ლეიბორისტები რესპუბლიკელმა დეპუტატმა გააშველა, - იტყობინება გაზეთი ”ალია” და ახლახან მომხდარი ინციდენტის დეტალებზე წერს: ”მახინჯაურში ამომრჩევლებთან შეხვედრა ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილას დაუნიშნავთ ნაციონალებს და ლეიბორისტებს. ის იყო, ლეიბორისტებმა თავიანთი დეპუტატობის კანდიდატი თენგიზ აფაქიძე წარუდგინეს შეკრებილ საზოგადოებას, რომ ”გამოჩნდნენ საიდანღაც მთვრალი ახალგაზრდები და დაიწყეს შეურაცხმყოფელი შეძახილები. ისინი ნაციონალების აქტივისტები იყვნენ. საქმე კინაღამ ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. შეხვედრა ჩაიშალა” - აღნიშნა გაზეთთან საუბარში ლეიბორისტმა დავით რობაქიძემ. თვითმხილველების თქმით, ”მოწინააღმდეგეები რობაქიძის განცხადებამ გააღიზიანა”. მას უთქვამს, რომ ”სააკაშვილისა და ლევან ვარშალომიძის რეჟიმს ლეიბორისტები ჩამოაგდებენ. მოვლენათა ცენტრში აღმოჩნდა აჭარის უმაღლესი საჭოს დეპუტატი, რესპუბლიკელი მურმან დუმბაძე, რომელიც წარმოშობით ამ თემიდან არის და მისმა ჩარევამ განმუხტა მდგომარეობა. ”ალიასთან” საუბარში მურმან დუმბაძემ ეს ინფორმაცია დაადასტურა და დასძინა - კიდევ კარგი ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდაო.

XS
SM
MD
LG