Accessibility links

logo-print

სუამი გაყინული კონფლიქტების მოგვარებისთვის იღვწის


როგორც უკვე ვიტყობინებოდით, 25 სექტემბერს ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მსვლელობისას, გაიმართა სუამის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა,

რომელზეც გაყინული კონფლიქტების თემა განიხილეს. დღეს ბიძინა რამიშვილი ამ შეხვედრის ზოგიერთ დეტალზე გესაუბრებათ.

დიპლომატიურ ენაზე "გაყინული კონფლიქტი" ზოგჯერ ერთობ აბსტრაქტულად ჟღერს ხოლმე. იმის წარმოსადგენად, თუ რა იმალება ამ სიტყვების მიღმა, უნდა გავიხსენოთ, რომ მოლდავეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში 16 მილიონზე მეტი ადამიანის ბედს ეხება საქმე. ეს კონფლიქტები არა მარტო ამ რეგიონებს, არამედ საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას უქმნის საფრთხეს.

ეს სურათი აისახა გაეროს გენერალური ასამბლეისადმი გაგზავნილ სუამის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ მიმართვაშიც.

როგორც ჩანს, საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდავეთის ძალისხმევამ გაამართლა. 6 ნოემბრისთვის გენერალურ ასამბლეაზე გაყინული კონფლიქტების განხილვა მოეწყობა.

[მამადიაროვის ხმა ] "სუამის სახელმწიფოს მეთაურებმა კონფლიქტების მოგვარების საკითხზე ერთობლივ დეკლარაციაში მოუწოდეს გაეროს წევრ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა მათი შესაძლებლობების ფარგლებში შეუწყონ ხელი სუამის ზონაში კონფლიქტების მოგვარებას. ამდენად, სუამის სივრცეში კოფნლიქტების მოგვარების საკითხის შეტანა გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში არის იმის ცდა, რომ ასამბლეამ უფრო მეტად გააცნობიეროს მოუგვარებელი კონფლიქტებიდან მომდინარე საფრთხე."

ეს გახლდათ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამადიაროვი.

მისმა უკრაინელმა კოლეგამ, ბორის ტარასიუკმა გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას თქვა, რომ გაჭიანურებული კონფლიქტები მშვიდობისა და უშიშროების დესტაბილიზაციას ახდენს და ხელს უშლის ეკონომიკურ განვითარებას.

[ტარასიუკის ხმა] "ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს ყურადღება მიექცეს იმას, რომ საჭიროა საერთაშორისო თაანმეგობრობის მხიდან უფრო აქტიური და ეფექტიანი ნაბიჯები, რათა მოხერხდეს აზერბაიჯანის, საქართველოსა და მოლდავეთის ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების მოგვარება. ეს კოფნლიქტები არის ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი სრულმასშტაბიანი დემოკრატიული გარდაქმნებისთვის რეგიონში, რომელიც უკრაინის რეგიონული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია."

გენერალურ ასამბლეაზე კოფლიქტების საკითხის განხილვას განსაკუთრებულ იმედებს უკავშირებს საქართველო. 22 სექტემბერს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა უფრო უნდა იაქტიურონ პრობლემის გადასაჭრელად.

[სააკაშვილის ხმა] "ამ პაკეტის ძირითად ელემენტთა შორის უნდა იყოს აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დემილიტარიზაცია, რასაც ზურგს გაუმაგრებს გაეროს, ეუთოს, ევროპის კავშირისა და სხვა ორგანიზაციების აქტიური თანადგომა. მასში უნდა შედიოდეს მხარეებს შორის აქტიური დიალოგი - ამაში მე ვგულისხმობ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას და სეპარატისტულ ხელისუფლებებს - რათა ერთად ვიტვირთოთ პასუხსიმგებლობა მშვიდობის აღსადგენად."

რუსეთმა, რომელზეც მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ამ კონფლიქტების მოგვარება, დაგმო სუამის ინიციატივა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მას "პროპაგანდისტული ნაბიჯი" უწოდა და დასძინა, რომ გენერალური ასამბლეა ამ საკითხში ვერავითარ დადებით შედეგს ვერ მიაღწევს.

თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა კი თქვა, რომ მოსკოვი გაყინული კონფლიქტების ზონებში არ შეუშვებს სუამის მშვიდობისდამცველებს განურჩევლად იმისა, თუ რა დასკვნები გაკეთდება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.
XS
SM
MD
LG