Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პოლიტიკური სტატუსი, როგორც ჩანს, მალე გაირკვევა


ამ დღეებში საყურადღებო ცნობა გავრცელდა კოსოვოს შესახებ: მის პოლიტიკურ სტატუსზე გადაწყვეტილებას, როგორც ჩანს, მიმდინარე წლის ბოლომდე მიიღებენ.

შესაბამისი დასტური მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოებისაგან მოიპოვა კოსოვოში გაეროს წარმომადგენელმა მარტი აჰტისაარიმ.

გადაწყვეტილება, რომ კოსოვოს სტატუსის მოგვარება დაჩქარდეს, საჭიროდ მიიჩნიეს მას შემდეგ, რაც შუამავლობით, დაპირსპირებულ მხარეებს (კოსოვოელ ალბანელებსა და სერბიას) შორის მოლაპარაკებით ბევრს ვერაფერს მიაღწიეს.

ეს დიპლომატიური ძალისხმევა გასულ წელს დაიწყო, როცა კოსოვოში 2004 წლის გაზაფხულზე მოდებულმა არეულობამ ნათელჰყო, რომ პოლიტიკური სტატუსის დადგენის გარეშე კოსოვოს, შესაძლოა, კიდევ უფრო უარესი დესტაბილიზაცია ემუქრებოდეს. დაახლოებით ამ შინაარსის განცხადება გასულ წელს გააკეთა გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ნორვეგიელი დიპლომატის, კაი ეიდესაგან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე.

ახლა კი კოსოვოში გაეროს წარმომადგენელმა, მარტი აჰტისაარიმ კონკრეტული წინადადება უნდა შეიმუშავოს - სავარაუდოდ, ოქტომბრის მიწურულის, ან ნოემბრის დასაწყისისთვის. რა არის მოსალოდნელი კოსოვოს პოლიტიკურ სტატუსთან მიმართებაში, ჩვენი რადიოს ანალიტიკოსმა, ბალკანეთის რეგიონის ექსპერტმა პატრიკ მურმა განგვიმარტა:

[პატრიკ მურის ხმა] “მოსალოდნელია, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული იქნება კოსოვოს პირობითი დამოუკიდებლობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ - კოსოვო, რომელსაც 1974 წლის კონსტიტუციით (ლაპარაკია იუგოსლავიისა და სერბიის კონსტიტუციაზე) ჰქონდა თითქმის იგივე სტატუსი, როგორიც ხორვატიას, სლოვენიას და სხვა ფედერალურ რესპუბლიკებს, მოიპოვებს დამოუკიდებლობას. თუმცა, პირობა არის ის, რომ საერთაშორისო სამეთვალყურეო მისია გულდასმით გააკონტროლებს ვითარებას კოსოვოში - როგორ იცავენ სერბებსა და სხვა უმცირესობებს, რომლებიც მოსახლეობის 10-მდე პროცენტს შეადგენენ. 90 პროცენტი კი ეთნიკური ალბანელები არიან და მათი პოლიტიკური პარტიები - ყველა, გამონაკლისის გარეშე - დამოუკიდებლობას ემხრობიან”.

კოსოვოს სტატუსის განსაზღვრისას ვეტოთი არ არიან აღჭურვილი არც სერბიის მხარე და არც ეთნიკური ალბანელები, დასძენს პატრიკ მური.

სტატუსის მოგვარების ამ გზას ემხრობიან ქვეყნები, გაერთიანებული “საკონტაქტო ჯგუფში”, რომელიც კოსოვოს საკითხზე მუშაობს - ესენია აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუსეთი. ისინი, როგორც სულ რამდენიმე დღეა, 20 სექტემბერს დაადასტურეს, ემხრობიან ძალისხმევას, რომ 2006 წლის მიწურულამდე გაირკვეს კოსოვოს სტატუსი. ამასთან, როგორც ჩვენმა კოლეგამ, პატრიკ მურმა შეიტყო, დასავლელი დიპლომატები შიშობენ, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე კოსოვოში ისევ არეულობა დაიწყება, თუ მანამდე არ მოგვარდა პოლიტიკური სტატუსის საკითხი.

საყურადღებოა, რასაკვირველია, ბელგრადში მიმდინარე პროცესებიც: პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ, ამომრჩეველს არ გაუჩნდეს შთაბეჭდილება, რომ მთავრობა კოსოვოს საკითხში “სუსტია”, ვერ იცავს სერბიის ინტერესებს. ამიტომ მთელი პოლიტიკური ელიტის დრო და ენერგია კოსოვოს საკითხისკენ არის მიმართული, მაშინ, როცა არაერთი მიმომხილვევლის შეფასებით, უპრიანი იქნებოდა სერბიის ისეთ პრობლემათა მოგვარებაზე ზრუნვა, როგორიცაა სიღატაკე, კორუფცია, დემოკრატიის არაერთი დეფიციტი.

სერბი ლიდერები რუსეთის ავტორიტეტსაც იშველიებენ: პრემიერ-მინისტრ ვლადისლავ კოშტუნიცასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ვუკ დრაშკოვიჩს ნათქვამი აქვთ, რომ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს გამოიყენებს, რომ არ დაუშვას მისთვის მიუღებელი გადაწყვეტილება კოსოვოს პოლიტიკურ სტატუსზე. მართლაც არის თუ არა მოსალოდნელი რუსეთის მიერ ვეტოს გამოყენება, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოსკოვი - კოსოვოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოდის?

[პატრიკ მურის ხმა] “რუსეთის ნებისმიერი საინფორმაციო სააგენტოს ვებსაიტზე რომ შეხვიდე და საძიებელში კოსოვო ჩაწერო, ნახავ, რომ კოსოვოს საკითხი პუტინის, ლავროვის, ან ივანოვის თითქმის ნებისმიერ განცხადებაში დაკავშირებულია რუსეთის მიმდებარე რეგიონების კონფლიქტებთან - ანუ, კონფლიქტებთან საქართველოში, მოლდავეთში. რუს პოლიტიკოსებს ეს აინტერესებთ და არა კოსოვო. კოსოვოთი დაინტერესებული არიან იმდენად, რამდენადაც სურთ მისი გამოყენება საკუთარი ინტერესებისთვის, მისი გამოყენება პრეცედენტად - როგორც ყოველთვის ბალკანეთში, რომელსაც მუდამ საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდნენ”.

არსებობს თუ არა რეალური საფრთხე, რომ კოსოვო პრეცედენტად იქცეს საქართველოს სეპარატისტული რეგიონებისათვის? ამ საკითხზე უკვე არაერთხელ გვილაპარაკია. ექსპერტები, როგორც წესი, მიუთითებენ პრინციპულ სხვაობაზე, რომელიც კოსოვოს და, დავუშვათ, აფხაზეთს შორის არსებობს...

[თემურ იაკობაშვილის ხმა] “კოსოვო თუ იყო აგრესიის ობიექტი და კოსოვარებმა შეძლეს სერბული მოსახლეობის განდევნა (მას შემდეგ, რაც სერბებისგან მოხდა ეთნიკური წმენდა), ჩვენს შემთხვევაში პირიქით მოხდა. ეთნიკური წმენდა განახორციელეს აფხაზებმა რუსების დახმარებით და დაზარალებულია დანარჩენი მხარე და დევნილი მოსახლეობა და არა აფხაზები,” -განმარტა რამდენიმე დღის წინ ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში პოლიტოლოგმა თემურ იაკობაშვილმა.

ჩვენი კოლეგა, პატრიკ მური კი საკითხის სამართლებივ ასპექტზე აკეთებს აქცენტს.
[პატრიკ მურის ხმა] “(ყოფილი იუგოსლავიის კონსტიტუციით) კოსოვო სარგებლობდა სამართლებრივი სტატუსით, რომელიც - თუ საბჭოთა კავშირის მაგალითს მოვიყვანთ - შეიძლება მოკავშირე რესპუბლიკების სტატუსს შევადაროთ. და ვიცით, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პრობლემა არ ყოფილა მოკავშირე რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება. და ეს იგივე იქნება კოსოვოსთვის. როცა ლაპარაკია კონფლიქტებზე საქართველოში, ან მოლდავეთში, საქმე გვაქვს, რასაკვირველია, სრულიად განსხვავებულ სამართლებრივ ვითარებასთან და სერიოზულად არ შეიძლება მათი კოსოვოსთან შედარება”.
XS
SM
MD
LG