Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დადგა 27 სექტემბერი და ქართულ პრესას კიდევ ერთხელ მიეცა საბაბი


დადგა 27 სექტემბერი და ქართულ პრესას კიდევ ერთხელ მიეცა საბაბი ცამეტი წლის წინანდელი შეცდომების გახსენებისა და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის

მოგვარების პერსპექტივაზე მსჯელობისთვის. მინდა დღევანდელ პრესაში აფხაზეთის თემაზე გამოქვეყნებული რამდენიმე პუბლიკაცია გაგაცნოთ.

გაზეთი “რეზონანსი” ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თაობაზე ბრიტანელი ექსპერტის ჯონათან კოენის მოსაზრებებს აცნობს მკითხველს: “ნდობის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია”, - ამბობს კოენი და დასძენს: “ქართულმა მხარემ უნდა დაანახვოს [აფხაზურ მხარეს], რას სთავაზობს. ამ მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას ძალიან სუსტი სტრატეგი აქვს”. კოენის თქმით, “მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქართული მხარე კონფლიქტის მოუგვარებლობაში მთავარ დამნაშავეებს ეძებს გარეთ, იქნება ეს რუსეთი თუ სხვა ვინმე. რეალურად კი კონფლიქტის მოუგვარებლობის ძალიან ბევრი მიზეზია. აფხაზური მხარისთვის მთავარი არის უსაფრთხოების გარანტია. მათ არ სჯერათ იმის, რომ ქართული მხარე ძალით არ შეეცდება პრობლემის მოგვარებას. მართალია, ხელისუფლება აცხადებს, რომ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ, ამავე დროს, აკეთებს განცხადებას, რომ თუკი პრობლემა არ მოგვარდება, მაშინ ქართული მხარე ყველა ზომას მიმართავს”, - ამბობს ბრიტანელი ექსპერტი, რომელსაც მიაჩნია, რომ აფხაზეთის ხელისუფლების კოდორის ხეობაში გადაყვანა კონფლიქტზე არც ცუდად ასახულა და არც კარგად.

აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების კოდორში გადაყვანას ბრწყინვალე გადაწყვეტილებად აფასებს რუზგენ გოგოხია “24 საათთან” ინტერვიუში. “აფხაზები არასოდეს წამოვლენ მოლაპარაკებებზე, თუ ჩვენ შორის მუდმივად იქნება რუსი. ამიტომ, სანამ რუსეთის “სამშვიდობოებს” ნეიტრალური საერთაშირისო სამშვიდობო კონტინგენტი არ ჩაენაცვლება, აფხაზებთან მშვიდობიან ურთიერთობას ვერ ავაწყობთ”, - ამბობს გოგოხია.

“ახალმა ვერსიამ” 13 წლის წინანდელი მოვლენების გახსენება-შეფასებისთვის პირველი საარმიო კორპუსის ყოფილ მეთაურს, პოლკოვნიკ აკია ბარბაქაძეს მიმართა, რომელიც იხსენებს: “მოხდა წარმოუდგენელი რამ, 17 სექტემბერს საქართველოს ორ სტრატეგიულ ქალაქს ერთდროულად შეუტიეს: სოხუმს აფხაზებმა და რუსებმა, ფოთს კი – რევანშისტულმა ძალებმა. გეგმის კვალი მოსკოვამდე მიდიოდა და მეტად სერიოზული სპეციალისტების მიერ იყო მომზადებული, რადგან წარმოუდგენელი იყო აფხაზებსა და ქართველებს მოელაპარაკათ და ერთდროულად შეეტიათ სოხუმისა და ფოთისთვის. მაშინდელმა ხელისუფლებამ კიდევ ერთ სამოქალაქო დაპირისპირებას თავი აარიდა და დაკარგა ასეთ სიტუაციაში ყველაზე ძვირფასი რამ, დრო. ბოლოს, სამთავრობო ჯარების პირველი კორპუსი იძულებული გახდა, გარკვეული შეიარაღებული ძალა ფოთის დასაცავად გადაესროლა. საკმაოდ სისხლისმღვრელი ბრძოლა გაიმართა და ლოთი ქობალიას დაქვემდებარებაში მყოფმა ძალებმა ფოთი ვერ აიღეს. ამ დროს კი საქმე სოხუმის გადარჩენა იყო,” - იხსენებს აკია ბარბაქაძე “ახალ ვერსიასთან” ინტერვიუში.

“საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან, რომელიც კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ საქართველომ აფხაზეთი რუსეთის გამო დაკარგა და რომ ეს იყო ომი რუსეთსა და საქართველოს შორის. შევარდნაძე ასევე აღნიშნავს, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, აუცილებელია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნება. “საქართველოს რესპუბლიკისავე” პუბლიკაციიდან შეიტყობთ პროექტ “ჩემი სახლის” მიმდინარეობის შესახებაც. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის განცხადებით, სულ მალე საქართველოს უცხოელი ადვოკატი ეწვევა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტურ ზონებში დევნილების მიერ დატოვებული ქონების აღმწერი დოკუმენტების სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენად მომზადებაში დაეხმარება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG