Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში სოხუმის დაცემის მე-13 წლისთავი აღნიშნეს


1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე - საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი წელს მეცამეტედ აღინიშნა.

ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც ვაშლიჯვრისა და საბურთალოს ძმათა სასაფლაოები მგლოვიარე ადამიანებს ვერ იტევდა. ხალხმრავლობა იყო გმირთა მოედანზეც, სადაც ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალის წინ 13 წელია არ ჩამქრალა მარადიული ცეცხლი - ცეცხლი, რომლის სიმხურვალესაც ვერ ანელებს ვერც დრო და ვერც ძაძებით მოსილი დედების უხვად დაღვრილი ცრემლი. ვინ და როგორ იხსენებს ცამეტი წლის წინანდელ მოვლენებს?

[მაიკო კორინთელის ხმა] „გეგენავა, გეგეჭკორი, გუგუნაშვილი, გადელია...“

17 წლის მაიკო კორინთელი სტუდენტია, აფხაზეთის ომში არავინ დაუკარგავს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც გულმოდგინედ კითხულობს მარმარილოს კედელზე ამოტვიფრულ გმირთა გვარებს.

[მაიკო კორინთელის ხმა] „მოვედი და ამ მემორიალთან ავანთე სანთელი. არავინ არ მყავს და ვერც ჩემი გვარისა აღმოვაჩინე ვინმე.“

მაიკომ ცამეტი წლის წინანდელი ტრაკიკული ამბები გადმოცემით იცის. სოხუმი რომ დაეცა, ის ოთხი წლის იყო. მაიკოსაგან განსხვავებით, ომმა მძიმე დაღი დაასვა სოხუმელი ქალბატონის, ნაირა კალანდიას, ცხოვრებას.

[ნაირა კალანდიას ხმა] „ჩემი შვილი 17 წლის იყო, ნუკრი გერგედავა. კინდღის ჩაის ფაბრიკის წინ ეგდო ჩემი შვილი. გადავაბრუნე. კიდევ სუნთქავდა. ერთი ტყვია სახეში ჰქონდა მოხვედრილი, ცხრა კი - ზურგში. მერე მე ქალაახდილი შვილის თავში სახე ჩამაყოფინეს და მაიძულეს თვალი გადამეყლაპა. აი, ამისთანა დედა ვარ.“

ნაირა კალანდია ამბობს, რომ ტყვეობას თავი 17 დღის შემდეგ დააღწია. ცოცხლობს ერთადერთი მიზნით, დაბრუნდეს აფხაზეთში და დაიტიროს შვილი, რომლის საფლავის ზუსტი ადგილმდებარეობა აფხაზეთში დარჩენილმა ახლობლებმა შეატყობინეს.

[ნაირა კალანდიას ხმა] „გავერთიანდეთ და რამეფრად დავიბრუნოთ ეს დაკარგული ტერიტორია და მოგვანიჭონ შვილმკვდარ დედებს შვილის საფლავებთან მისვლის უფლება.“

„13 წლის წინანდელი 27 სექტემბერი მაშინდელი ხელისუფლების სინდისზეა“, ამბობს ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ნუკრი ცაგარეიშვილი. მისი თქმით, რომ არა ხელისუფლების უპრინციპობა და შეცდომები, მოვლენები ასე ტრაგიკულად არ განვითარდებოდა:

[ნუკრი ცაგარეიშვილის ხმა] „თავის დროზე დიდი შეცდომები იყო დაშვებული მთავრობის მხრიდან, რომ ბოლომდე არ იქნა იერიში მიტანილი სეპარატიზმზე. სამაგიეროდ, მივიღეთ ის, რომ მტერი უფრო გაძლიერდა და 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი. ახლა ამოსუნთქვის საშუალებასაც კი არვის მივცემთ. ჯობია, სეპარატისტები გონს მოეგონ. დღეს სულ სხვა საქართველოა!“

27 სექტემბერს გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან მისულმა ადამიანებმა, როგორც ხატის წინ, წმინდა სანთლები დაანთეს - სანთლები, რომელთა ალმაც, ადრე თუ გვიან, აფხაზებსა და ქართველებს შორის ჩამოწოლილი სიბნელე უნდა გაფანტოს. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედს არ კარგავენ ის თბილისელები, რომლებსაც მე ქუჩაში სოხუმის დაცემის 13 წლისთავზე გამოველაპარაკე.

[მამაკაცის ხმა] „დავბრუნდებით კიდევაც და იქნება ერთი მთლიანი საქართველო. მხოლოდ ნდობით, მეგობრობით, სიყვარულით, ერთმანეთის პატივისცემით ყველაფერი გაკეთდება.“

[მამაკაცის ხმა] „მე მტკიცედ მწამს, რომ ჩვენ აუცილებლად ვნახავთ საერთო ენას, აღვადგენთ ძველ ნათესაობას, ძველ მეგობრობას და ისევ ერთად ვიცხოვრებთ, დიდი იმედი მაქვს.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG