Accessibility links

logo-print

როგორი ნარკოვითარებაა საქართველოში 2005 წლის ანგარიშის მიხედვით


დღეს, 28 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ცნობილ ქართველ მომღერალს თემურ თათარაშვილს ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზებისთვის

2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. სამართალდამცველი ორგანოების ინფორმაციით, თათარაშვილი ორიოდე დღის წინ იმ დროს დააკავეს, როდესაც ის სუბუტექსით ვაჭრობდა. სუბუტექსი საქართველოში ფართოდ გავრცელებული ნარკოტიკია და მისი მოხმარების მასშტაბები თანდათან იზრდება.

თემურ თათარაშვილის ფაქტზე დაკავების ამსახველი ოპერატიული ვიდეომასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა ძირითადი ტელეარხების საშუალებით გამოაქვეყნა. მსგავსი კადრები - ნარკოტიკების გამავრცელებელთა დაკავების ამსახველი ტელესიუჟეტები - არაერთხელ უნახავს ქართველ ტელემაყურებელს. მიუხედავად სამართალდამცველთა ასეთი აქტიურობისა, შედეგი საპირისპიროა.

[გიგი წერეთლის ხმა] ”ხშირად აქტივობა იმდენად ეფექტური არ არის, როგორიც ჩვენ გვჭირდება. ამოღება კი ხდება, მაგრამ თუ შევადარებთ მოცულობას, გავრცელებას და მომხმარებელთა რაოდენობას და იმ ნარკოტიკის მოხმარებას, რაც საქართველოშია, და ამოღებას, ძალიან მცირე პროცენტი იქნება.”(სტილი დაცულია)

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიგი წერეთლის მიერ ნახსენები პროცენტის გამოანგარიშება ძალიან გართულებულია, რადგან ახლა არც ერთი სახელმწიფო უწყება ნარკოტიკის მომხმარებელთა აღრიცხვას აღარ აწარმოებს. ამიტომ ევროკომისიისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ”სამხრეთ კავკასიური ანტინარკოტიკული პროექტის” ექსპერტის დარეჯან ჯავახიშვილის ინფორმაცია 2005 წლის მაისამდე არსებულ სტატისტიკას ეყრდნობა.

[დარეჯან ჯავახიშვილის ხმა] ”ოფიციალურად რეგისტრირებული 2005 წლის მაისამდე, სანამ არსებობდა მონაცემთა ბაზა ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში, ახლა გადაეცა იუსტიციის სამინისტროს და ბაზა დაიკარგა სადღაც გზაში და არ მიმდინარეობს რეგისტრაცია ახლა. იყო 24 ათასი ნარკომანი და მომხმარებელი, ერთობლივად. ამას ამრავლებდნენ გარკვეულ ინდექსზე, რომ სინამდვილესთან მიახლოებული სურათი მიეღოთ. სადღაც 200-250 ათასზე მეტს ვარაუდობენ. აქედან 80 ათასი არის ნარკოტიკებზე დამოკიდებული და დაავადებული ადამიანი.”(სტილი დაცულია)

დარეჯან ჯავახიშვილმა, თავის სხვა კოლეგებთან ერთად, 28 სექტემბერს წლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 2005 წლის მანძილზე ნარკომანიით დაავადებულ იმ მოქალაქეთა რაოდენობამ იმატა, რომლებმაც მკურნალობა გადაწყვიტეს. თუ 2003-2004 წლებში სამკურნალო დაწესებულებებს 320 კაცზე მეტმა არ მიაკითხა, 2005 წელს მათი რიცხვი 600-ს გადასცდა. მკურნალობის მსურველთა გამოკვლევამ აჩვენა, რომ თუ 2004 წელს მათი 39 პროცენტი მოიხმარდა სუბუტექსს, 2005 წელს ეს პროცენტი 49-მდე გაიზარდა. მე დარეჯან ჯავახიშვილს ვკითხე, რა შედეგები მოაქვს სუბუტექსის წინააღმდეგ სამართალდამცავი ორგანოების ხმაურიან ბრძოლას.

[დარეჯან ჯავახიშვილის ხმა] ”შეიძლება ინსტიტუციური გარდაქმნების პრობლემები აქვთ, იმიტომ რომ, მაჩვენებლების მიხედვით, ვერ ვიტყვი, რომ დიდად გაზრდილია 2005 წელს ეფექტიანობა ბრძოლის, იმიტომ რომ სუბუტექსის ამოღების მაჩვენებელი 1 კილოგრამამდე ვერ მივიდა,როცა მინიმუმ 1/3 80 ათასი ადამიანისა ინექციის სახით იღებს სუბუტექსს. თუ ვნახავთ ინდიკატორებს, ძალოვანი სტრუქტურების ბრძოლა არ არის ეფექტური. იმედი გვაქვს, რეორგანიზაციის შემდეგ გააუმჯობესებენ. ”

სუბუტექსის და სხვა ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებით უკმაყოფილოა პარლამენტარი გიგი წერეთელიც:

[გიგი წერეთლის ხმა] ”სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების საკმაოდ ცნობილი და გამოჩენილი ადამიანებიც არიან ჩართული ამ საქმიანობაში და ეს ძალიან მძიმედ აღსაქმელია. აქ მარტო სამართალდამცველები ვერაფერს გააკეთებენ. ძალიან დიდი საქმეა გასაკეთებელი თვითონ საზოგადოების, ექსპერტების და იმავე ჯანდაცვის კუთხით, განათლების კუთხით, რომ იყოს მდგრადი სისტემა პირველადი პრევენციის, განათლების...”

ეს და სხვა ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა ნარკომანიასთან ეფექტური ბრძოლისთვის, ასახული იქნება სახელმწიფო სტრატეგიაში, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება ახლა მუშაობს და რომლის სახელმძღვანელო დოკუმენტად დამტკიცებას მიმდინარე წლის ბოლომდე ვარაუდობენ.
XS
SM
MD
LG