Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პატიმრებს უნდა ჰქონდეთ სულიერი და რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა“ - სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის მემორანდუმი გაფორმდა


სახალხო დამცველის ოფისსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა, როგორც ჩანს, ნელ-ნელა უმჯობესდება.

საქმე ისაა, რომ 28 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსა და იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის გაფორმდა ურთიერთთანხმობის მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, მხარეები ვალდებულებას იღებენ იზრუნონ თავისუფლებაშეზღუდული ადამიანებისთვის რელიგიური თვალსაზრისით არადისკრიმინაციული გარემოს შექმნაზე. „პატიმრებს უნდა ჰქონდეთ სულიერი და რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობა“ - ნათქვამია მემორანდუმში, რომელსაც ხელს სახალხო დამცველის ოფისის მხრიდან ბექა მინდიაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან ბაჩო ახალაია აწერს.

სოზარ სუბარსა და მის ყოფილ მოადგილეს, ამჟამად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, ბაჩო ახალაიას შორის ურთიერთობა ორთაჭალის საპყრობილეში მომხდარი აჯანყების შემდეგ დაიძაბა. მაშინ ომბუდსმენმა გამოაქვეყნა ეგრეთ წოდებული „კანონიერი ქურდის“, პლატონ მამარდაშვილის, ვიდეოფირზე აღბეჭდილი ჩვენება, რომლის მიხედვითაც აჯანყება სწორედ რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და ციხის ადმინისტრაციის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებამ გამოიწვია. ბაჩო ახალაიამ სახალხო დამცველს მაშინ ჭორების გამავრცელებელი და ქურდების მფარველი უწოდა.
თუმცა, დაპირისპირების მიუხედავად, იგი გამოეხმაურა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის ბექა მინდიაშვილის ინიციატივას და 28 სექტემბერს რელიგიათა საბჭოს წევრებთან ურთიერთთანხმობის მემორანდუმი გააფორმა.

[ბაჩო ახალაიას ხმა] „ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს საპატრიარქოსთან, მაგრამ აქამდე არ არსებობდა ისეთი პრეცედენტი, რომ რელიგიური უმცირესობების თვალსაზრისით ყოფილიყო ყურადღება გამახვილებული. სწორედ ასეთ პირობებში მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მათ სულიერ მდგომარეობას და მათ კავშირს საკუთარ კონფესიებთან.“

თავად მემორანდუმის ტექსტის ერთ-ერთი ავტორი ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ მემორანდუმის გაფორმებით, სხვადასხვა აღმსარებლობის პატიმრებს მეტი საშუალება ექნებათ დაიკმაყოფილონ საკუთარი სულიერი და რელიგიური მოთხოვნილებები:


[ბექა მინდიაშვილის ხმა] „ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, საპატიმროებში პოლირელიგიური სპექტრია და არამარტო უმრავლესობის წარმომადგენლებს სჭირდებათ სულიერი დახმარება, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არანაირად არ ჩამოუვარდება სხვა ტიპის დახმარებას და ძალიან მნიშვნელოვანია იქ მყოფი ადამიანისთვის. ეს იქნება სოციალური რეაბილიტაციის პროექტები და ასე შემდეგ.“

მემორანდუმის ხელმომწერთა შორის არიან თბილისის ჯუმა მეჩეთის მოლა ვაგიფი და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მსახური ილია ოსეფაიშვილი. მათი თქმით, სახელმწიფო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სახით, ვალდებულია უზრუნველყოს პენიტენციურ სისტემაში რელიგიური უმცირესობების უფლებათა დაცვა:

[მოლა ვაგიფის ხმა] „ციხეებში მარტო მართლმადიდებლები არ სხედან. იქ არიან მუსლიმები, იუდეველები, ბაპტისტები და ასე შემდეგ და ამის მიხედვით სახელმწიფო ყველას უნდა დაეხმაროს, რომ არ არის დავიწყებული არც საზოგადოების და არც სულიერი პირების მიერ.“(სტილი დაცულია)

[ილია ოსეფაიშვილის ხმა] „მივესალმებით იმას, რომ სახელმწიფო იწყებს პატიმრების სულიერ ცხოვრებაზე ზრუნვას. ამ ადამიანებმა სულიერი ცხოვრება პატიმრობაშიც არ უნდა შეწყვიტონ.“


სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირინა ცინცაძე ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტრო იზრუნებს რელიგიური თვალსაზრისით არადისკრიმინაციული გარემოს შექმნაზე. კერძოდ:

[ირინა ცინცაძის ხმა] „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებში პატიმრებს უნდა ჰქონდეთ რელიგიური რიტუალების აღსრულების საშუალება. ამას დააფინანსებს როგორც სახელმწიფო, ასევე რელიგიათა საბჭო.“

ანუ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში სულ მალე გაიხსნება სამლოცველო ოთახები, სადაც განსხვავებული რელიგიური მრწამსის ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ აღასრულონ რელიგიური რიტუალები, ხოლო რელიგიათა საბჭო იზრუნებს სასჯელაღსრულების სისტემის ბიბლიოთეკების რელიგიური ლიტერატურით შევსებაზე.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG