Accessibility links

საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით რუსი ოფიცრების დაკავებამ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა უაღრესად გაართულა


საქართველოში ჯაშუშობის ბრალდებით რუსი ოფიცრების დაკავებამ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა უაღრესად დაძაბა. 27 სექტემბრის ოპერაციის შემდეგ

საქართველოს მოქალაქეებზე რუსეთის ვიზების გაცემა შეწყვიტა საქართველოში რუსეთის საკონსულომ, რუსეთის ფედერაციის საბჭოში საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე ალაპარაკდნენ, რუსმა პოლიტიკოსებმა რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყებაც კი იწინასწარმეტყველეს. ” რუსი ოფიცრების დაკავებით საქართველო რუსეთის პროვოცირებას ცდილობს, ოფიცრებისთვის წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა,” - განმარტავენ რუსეთის ოფიციალური პირები. საქართველოს ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ დაკავებულთა წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები უტყუარია.


შეგახსენებთ: 27 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დააკავა რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამსახურის 4 ოფიცერი და, ამას გარდა, რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მიერ სხვადასხვა დროს გადაბირებული საქართველოს 12 მოქალაქე. გაკეთდა განმარტება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი რუსეთის ჯაშუშური ქსელი ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების საფარქვეშ მოქმედებდა და მას სომხეთიდან ქალაქ ერევანში დისლოცირებული რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილიდან ხელმძღვანელობდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი ანატოლი სინიცინი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა ჯაშუშური ქსელის მისწრაფებებისა და ინტერესის ობიექტების შესახებ. უკვე 28 სექტემბერს ვრცელდება ცნობა, რომ დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს.

”საქართველოს ტერიტორიაზე ჯაშუშობა არის კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული და ისჯება კონკრეტული მუხლით. ჯაშუშური ქსელის გამოვლინება მოხდა დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, რუსეთი კი ამისთვის პოლიტიკური ნიშნის მიკერებას ცდილობს,”- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე. რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახურის ოფიცრების დაკავებას
რუსეთში ძალზედ სერიოზული რეზონანსი მოჰყვა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, არ გამიკვირდება, თუ მათ ციდან მზის მოპარვის ბრალდებას წაუყენებენო. ივანოვმა, ისევე როგორც რუსეთის სხვა ოფიციალურმა პირებმა, დაკავებულების სასწრაფოდ გათავისუფლება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ადეკვატური ზომების გატარებით დაიმუქრა:

[სერგეი ივანოვის ხმა] ” ჩვენ ვითხოვთ ოფიცრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მომხდარზე რუსეთის რეაქცია იქნება ადეკვატური. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს სიტუაციის პროვოცირებას, ურთიერთდაპირისპირების მაქსიმალურ ტემპერატურამდე აყვანას.”

[გივი თარგამაძის ხმა] ” ეს არის შანტაჟი, პოლიტიკური შანტაჟი, რომელსაც ჩვენ არ მივიღებთ. ჩვენ შევეჩვიეთ რუსეთის მხრიდან სხვადასხვა ტიპის ბლოკადის პირობებში არსებობას. ჩვენ ეს არ დაგვღუპავს, ხოლო რამდენად დაეხმარება ეს დაკავებულების მდგომარეობას, ამას დაინახავენ ნამდვილად. ”

რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში გივი თარგამაძემ გამორიცხა დაკავებულების გათავისუფლება და აღნიშნა, რომ, პოლიტიკური განცხადებების კეთების ნაცვლად, რუსეთის მხარე რუსი ოფიცრებისთვის სერიოზული ადვოკატების დაქირავებაზე უნდა ზრუნავდეს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ დაკავებულების წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები უტყუარია:

[გივი თარგამაძის ხმა] ”ყველა დარწმუნდება, რომ მათი ბრალი არის თავიდან ბოლომდე დამტკიცებული - დაწყებული იმით, თუ რა წარმოადგენდა მათ ინტერესს, დამთავრებული იმით, რა ანაზღაურებას აძლევდნენ გადაბირებულ ადამიანებს. ეს არის უტყუარი მტკიცებულებები.”

28 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნახსენები მტკიცებულებების ნაწილი გაავრცელა, ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების სახით. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მტკიცებულებების ამ ნაწილის გავრცელებასთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განმარტა, მტკიცებულებები ადასტურებს, რომ რუსი ოფიცრები პირადად იყვნენ დაკავებული სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებით, ქმნიდნენ ჯაშუშურ ქსელს საქართველოს ტერიტორიაზე და ამ ქსელში ითრევდნენ საქართველოს მოქალაქეებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს იმ დოკუმენტსაც, რომელიც ადასტურებს პოლკოვნიკ სინიცინის კავშირს გორში 2005 წლის თებერვალში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან.

საქართველოს ტერიტორიაზე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ რუს ოფიცრებს დიპლომატიური იმუნიტეტი არ იცავს. ამდენად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გაუგებარია რუსეთში განცხადებული პრეტენზიები მათ გათავისუფლებაზე.
XS
SM
MD
LG