Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო სახალხო დამცველსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის გაფორმებული მემორანდუმის გაუქმებას მოითხოვს


საქართველოს საპატრიარქო სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსა და იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს შორის გაფორმებულ

მემორანდუმს ერთი დღის დაგვიანებით გამოეხმაურა. საპატრიარქოსათვის მიუღებელი აღმოჩნდა დოკუმენტი, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში რელიგიური უმცირესობების უფლებათა დაცვას ითვალისწინებს. რატომ მოითხოვენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურები სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ შედგენილი მემორანდუმის გაუქმებას?

28 სექტემბერს გაფორმებულ მემორანდუმს ხელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა კონფესიის წარმომადგენლებმა მოაწერეს. შეკრებილ საზოგადოებას დოკუმენტის შინაარსი ომბუდსმენის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა გააცნო:

[ბექა მინდიაშვილის ხმა] „რამდენადაც ვითვალისწინებთ ერთობლივ ხედვას, საქართველოში რელიგიური უმცირესობების უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, რამდენადაც ვაცნობიერებთ თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას, ამ მემორანდუმით მხარეები ვთანხმდებით შემდეგზე: პირველი - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ერთობლივად ვაწარმოოთ მონიტორინგი, რითაც ხელს შევუწყობთ თავისუფლებაშეზღუდული ადამიანების რელიგიური თავისუფლების დაცვას...“

მემორანდუმის გაფორმების ფაქტს მიესალმნენ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები. მე კომენტარი ვთხოვე მოლა ვაგიფს, რომელიც ღვთისმსახურებას თბილისის ჯუმა მეჩეთში ეწევა.

[მოლა ვაგიფის ხმა] „რომ ვილაპარაკოთ სახელმწიფოსა და რელიგიურ უმცირესობებს შორის ურთიერთობებზე, ეს დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არის ადამიანის ფიზიკური თავისუფლება შეზღუდული, ეს არ ნიშნავს, რომ მისი სულიერი თავისუფლებაც უნდა შეიზღუდოს.“

თუმცა, რელიგიური უმცირესობებისაგან განსხვავებით, მემორანდუმის შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა საქართველოს საპატრიარქოსთვის, რომლის ინფორმაციითაც, მემორანდუმი ეწინააღმდეგება 2001 წლის 20 აპრილს საქართველოს საპატრიარქოსა და იუსტიციის სამინისტროს შორის დადებულ ხელშეკრულებას. პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის თქმით, ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ პატიმრობაში მყოფ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან ურთიერთობა საპატრიარქოს მეშვეობით უნდა ხორციელდებოდეს. კერძოდ:

[მიქაელ ბოტკოველის ხმა] „თუ აუცილებლობა შეიქმნება, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სხვა კონფესიის წარმომადგენელს დასჭირდება შესაბამისი მღვდელმსახურის მივლინება, ჩვენ ამას სიამოვნებით უზრუნველვყოფდით და ასეთი რამდენიმე შემთხვევა უკვე გვქონდა.“(სტილი დაცულია)

თეოლოგი ნოდარ ლადარია კი ამბობს, რომ ხელშეკრულებაში ასეთი მუხლის არსებობა ერთადერთ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს: არ შედგეს ურთიერთობა სხვა სარწმუნოების პატიმრებსა და მათ სულიერ მოძღვრებს შორის.

[ნოდარ ლადარიას ხმა] „ჩვენთან არის, გარკვეულწილად, ურთიერთობა მოწესრიგებული მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, მაგრამ არანაირი იურიდიულად ფორმალიზებული ურთიერთობა არ არსებობს მართლმადიდებელ საპატრიარქოსა და სხვა კონფესიებს შორის. ამიტომ ცოტა გაუგებარია, რანაირად ან რომელი კანონის თუ ჩამოყალიბებული ტრადიციის საფუძველზე შეიძლება გადაწყვიტოს მაინცდამაინც მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამ საკითხის რეგულირება.“

საპატრიარქოს წარმომადგენლები შიშობენ, რომ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ რელიგიური უმცირესობები საპატიმროებში პროდუქტებისა და ლიტერატურის თავისუფლად შეტანასა და ამ გზით პატიმრების გადაბირებას შეძლებენ, თუმცა საპატრიარქოს წარმომადგენელთა ამ შიშს უსაფუძვლოს უწოდებენ სასჯელაღსრულების დაპარტამენტში, რომლის წარმომადგენელი სალომე მახარაძე განმარტავს:

[სალომე მახარაძის ხმა] „სახელმწიფო რელიგიად არის გამოცხადებული მართლმადიდებლობა. არსებობს ხელშეკრულებები და მას არანაირად არ შეეხება მემორანდუმი, რმელიც არის გაცილებით მცირე მასშტაბის და ისეთს არაფერს დაარღვევს, რაც ჩაწერილია უფრო მაღალი მასშტაბის დოკუმენტებში.“

არადა, სწორედ ამ სხვა, უფრო მაღალი მასშტაბის, დოკუმენტების სამართლიანობაში ეპარებათ ეჭვი უფლებადამცველებს. სახალხო დამცველმა ყოველწლიურ ანგარიშში ყურადღება სწორედ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული კონსტიტუციური ხელშეკრულების დისკრიმინაციულ შინაარსზე გაამახვილა:

[სოზარ სუბარის ხმა] „კონკორდატი არის დისკრიმინაციული, იმიტომ რომ როცა ერთ რომელიმე რელიგიას, ტრადიციულს თუ არატრადიციულს, აქვს მეტი უფლება, ვიდრე სხვას, იგივე უფლებები უნდა მიეცეს ყველა სხვასაც.“ (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG