Accessibility links

logo-print

ზეინო ბარანი: " საქართველომ იცის, რომ ნატოში გასაწევრიანებლად აუცილებელია თავშეკავებულად მოქმედება"


ნატალია ჩურიკოვა, პრაღა საქართველო-რუსეთის ბოლო დაპირისპირების საკითხზე ვაშინგტონის ჰადსონის ინსტიტუტის ევრაზიის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა ზეინო ბარანმა ინტერვიუ მისცა

რადიო "თავისუფლების" უკრაინულ სამსახურს. ჩვენმა კოლეგამ ნატალია ჩურიკოვამ ამერიკელ ექსპერტს ჰკითხა, რამდენად შესაძლებელია, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ კიდევ უფრო აგრესიულ ქმედებაზე გადავიდეს.

[ზეინო ბარანის ხმა]: "არა მგონია, რუსეთს ისეთ მდგომარეობაში აღმოჩენა სურდეს, როცა ის საქართველოსთან ომის გამჩაღებლად ჩაითვლებოდა. საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, რუსეთს კი მის მიმართ აქამდეც არაერთხელ გამოუჩენია აგრესიული დამოკიდებულება. ახლა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მათი ვალია, აღელვებდეთ, რა ხდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რადგან ამ რეგიონების მოსახლეობის უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეები შეადგენენ. ეს უსამართლო განცხადებებია, რადგან ხალხს რუსეთის პასპორტები სწორედ იმ მიზნით დაურიგეს, რათა რუსეთს რეგიონებში მიმდინარე მოვლენებში ჩარევა შეძლებოდა."

შემდეგ რადიო "თავისუფლების" უკრაინული სამსახურის თანამშრომელმა ამერიკელ ექსპერტს ჰკითხა, რამდენად მოსალოდნელია, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციები შემოიღოს და, საერთოდ, რატომ მიმართავს მოსკოვი გაეროს უშიშროების საბჭოს ამ საკითხის განხილვის მოთხოვნით.

[ზეინო ბარანის ხმა]: "პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, რომ საქართველოში დაპატიმრებული პირები მართლაც რუსეთის ჯაშუშები იყვნენ. საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია, რომ საამისოდ მას საკმარისი მტკიცებულება მოეპოვება. და თუ მართლაც დადგინდა, რომ კონფლიქტის ზონებში რუსეთის ჯაშუშები საქმიანობდნენ, მაშინ რუსეთმა ამ საკითხზე ახსნა-განმარტება უნდა წარმოადგინოს. მეორეც, რუსეთმა უკვე გამოთქვა მუქარა, რომ საქართველოს წინააღმდეგ, შესაძლოა, შემოიღოს სანქციები - საფინანსო თუ ენერგეტიკული. ეს კი კეთილი ნების ნიშანი სულაც არ გახლავთ. თუ ჯაშუშებთან დაკავშირებული ინციდენტი სიმართლეა, მაშინ ის ყოველგვარი ემოციების ჩაურევლად უნდა მოგვარდეს."

ზეინო ბარანს ჩვენმა უკრაინელმა კოლეგამ, ნატალია ჩურიკოვამ, რუსეთის ზოგიერთი ოფიციალური პირის გამონათქვამები შეახსენა, თითქოს ნატოს გადაწყვეტილებამ, საქართველოსთვის ინტენსიური დიალოგის პროგრამა შეეთავაზებინა, თბილისი გაათამამა და ერთგვარად წააქეზა კიდეც. ზეინო ბარანის კომენტარი ასეთი იყო:

[ზეინო ბარანის ხმა]: "რუსეთის გარდა, ასეთი მოსაზრება სხვებმაც გამოთქვეს. ნატოს ზოგი ევროპელი წევრი შეშფოთებული ჩანდა, ვაითუ საქართველომ ეს წაქეზებად მიიჩნიოს და ინტენსიური დიალოგის დაწყება უფრო აგრესიული მოქმედებისთვის გამოიყენოსო. ასეთ პოზიციას კატეგორიულად არ ვეთანხმები. ჩემი აზრით, საქართველოს "ინტენსიური დიალოგი" რომ არ მიეღო, ის რუსეთის წინაშე თავს დაუცველად და მიტოვებულად იგრძნობდა. ნატოს ლიდერებს არაერთხელ უთქვამთ საქართველოსთვის, რომ ამ ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად აუცილებელია თავშეკავებულად მოქმედება; აუცილებელია პოლიტიკური და სხვა სახის რეფორმების გატარება. ასე რომ, საქარართველოს ლიდერებმა კარგად იციან, რომ ინტენსიური დიალოგის შეთავაზება მხოლოდ დასაწყისია და იმისთვის, რომ გზა წარმატებით გააგრძელონ, თანამშომლობის ეს ფორმა მათ ისე არ უნდა გამოიყენონ, რომ ნატოში შესვლის შანსები შეიმცირონ."

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG