Accessibility links

logo-print

ქართული პრესა


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირა არა იმდენად დაიწყო, რამდენადაც სრულდება საინტერესო მოვლენებით, თუმცა კვირის დასაწყისშიც მოხდა ამბები,

რომელთაც ბევრმა ქართულმა გამოცემამ მიაპყრო ყურადღება. ასე მაგალითად, ნარკოტიკების რეალიზაციისათვის დააპატიმრეს მომღერალი და ყოფილი მებაჟე თემურ თათარაშვილი. გაზეთი ”ახალი თაობა” იუწყებოდა, რომ, თათარაშვილის თქმით, ნარკოტიკული ნივთიერება სუბოტექსი მას საფრანგეთიდან შემოჰქონდა, ნაწილს თავად მოიხმარდა, ნაწილს კი ყიდდა. თათარაშვილმა განმარტა, რომ ამ საქმიანობას ეწეოდა რამდენიმე თვის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ თათარაშვილის დაპატიმრება და, მით უმეტეს, ასეთი ბრალდებით, მოულოდნელი იყო, წერდა გაზეთი. მისი მეგობრების კომენტარებში გამოიკვეთა, რომ თათარაშვილის მიერ ნარკოტიკების მოხმარება გაუკვირდათ.

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მოვლენები ისე ვითარდება, რომ საბედისწერო ტყვია, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გავარდეს. სეპარატისტთა ყველა დანაყოფი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ოსური მხარე ქართული სოფლების მახლობლად დამატებით საგუშაგოებს ხსნის - ამას უკვე გაზეთი “რეზონანსი” აუწყებდა მკითხველს მას შემდეგ, რაც კონფლიქტის ზონაში 7 ინციდენტი მოხდა, მათ შორის, ერთი მკვლელობა. “რეზონანსი” ჩამოთვლიდა სეპარატისტთა შეიარაღებას - ჯავშანტექნიკას, არტილერიას, სარაკეტო დანადგარების რაოდენობას. კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მერაბ ანთაძის განცხადებით, ქართული მხარე 12-13 ოქტომბერს ვლადიკავკაზში დაგეგმილ შერეული საკონტროლო კომისიის სხდომაზე კვლავ დააყენებს საკითხს, ამოქმედდეს კონფლიქტის ზონაში ერთობლივი საპოლიციო ჯგუფები, და მოითხოვს, შეიცვალოს სამშვიდობო ფორმატი. გაზეთი აქვეყნებს გადამდგარი პოლკოვნიკის, სამხედრო ექსპერტის აკაკი ბარბაქაძის კომენტარსაც: ვითარების ესკალაცია შედის მხოლოდ რუსეთის ინტერესებში. რუსეთის ჩანაფიქრია, რაც შეიძლება, გრძელვადიან კონფლიქტში ჩაგვითრიოს - მან იცის პატარა სახელმწიფოს შესაძლებლობის ამბავი და ცდილობს, რაც შეიძლება, მალე გადაგვიყვანოს მისთვის მისაღებ, ძალისმიერ მეთოდებზე.”

გრუს ოფიცრები საქართველოში ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ - წერდა გაზეთი ”ახალი ვერსია”. ”ჯაშუშთა ქსელი სომხეთიდან იმართებოდა, კერძოდ, ერევანში დისლოცირებული რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილიდან. ჯგუფს რუსეთის დაზვერვის კადრის ოფიცერი, პოლკოვნიკი ანატოლი სინიცინი ხელმძღვანელობდა. საგულისხმოა, რომ 2005 წლის 1 თებერვალს გორში განხორციელებული ტერაქტის ორგანიზებაში სწორედ ის იყო ეჭვმიტანილი.” ”ახალი ვერსიის” ინფორმაციით, ჯგუფი, ძირითადად, პროფესიონალებით იყო დაკომპლექტებული. მათ მიზანს არა მხოლოდ ინფორმაციის მოპოვება, არამედ გარკვეული დივერსიული თუ მცირე მასშტაბის ტერორისტული აქტების მოწყობაც წარმოადგენდა. თან ისე უნდა ემოქმედათ, რომ ხელწერა აღმოსავლეთში მოქმედი რომელიმე ტერორისტული დაჯგუფებისას დამგვანებოდა. ამის მიზეზი ის არის, რომ გარკვეული ძალები საზღვრებს გარეთ დაინტერესებული არიან, საქართველოში ალ-ყაიდას ტერორისტული ქსელის არსებობა ”დაასაბუთონ”.

კვირის მიწურულს ჯაშუშთა თემამ მოიცვა ძირითადი საგაზეთო ფართობი ქართულ პრესაში. ასეა შაბათის, 30 სექტემბრის, გაზეთებშიც. ”ალია”, მაგალითად, თამამ გათვლას სთავაზობს მკითხველს: ”თბილისსა და მოსკოვს შორის ჩვეული ვაჭრობა დაიწყო. კანცელარიის პირობა ასეთია: რუსეთმა უარი უნდა თქვას ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობაზე. პროცესი უკვე დაწყებული აქვთ. მალე ცხინვალში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს. თუ კრემლი ამ გეგმებზე ხელს აიღებს და კოსოვოს ვარიანტს არ გამოიყენებს, მაშინ ჯაშუშებს გაუშვებენ. კანცელარია ოფიციალურად აცხადებს, რომ ჯერ რუსი ჯაშუშების აღიარებით ჩვენებებს დაელოდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თბილისი ვითარების დაძაბვას მოერიდება და ჯაშუშებს გაუშვებს. შესაძლოა, ასეც მოხდეს, თუ კრემლი აფხაზეთისა და ცხინვალის შეერთების პროცესს შეაჩერებს.”

ხელისუფლება და ოპოზიცია რუსეთმა შეარიგა, - წერს 30 სექტემბრის ”24 საათი”. რუსეთიდან წამოსული მუქარა და აგრესია მიმართულია არა მხოლოდ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების, არამედ მთელი ქართველი ხალხის წინააღმდეგ - ამას აცხადებენ ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციის, დემოკრატიული ფრონტის წევრები. ფრაქციის წევრს, ივლიანე ხაინდრავას, აუცილებლად მიაჩნია, საქართველოს ხელისუფლებამ წარმოადგინოს უტყუარი საბუთები იმის შესახებ, რომ დაკავებული რუსი ოფიცრები ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდნენ. ამის გაკეთება მაინცდამაინც რთული არ უნდა იყოს, რადგან რუსეთს ოფიციალურადაც არ უარუყვია ის ფაქტი, რომ დაკავებულები რუსეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები არიან,” - წაიკითხავთ “24 საათში”.


XS
SM
MD
LG