Accessibility links

logo-print

საერთაშორისო გამოხმაურება რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობის გამწვავებაზე


გაეროს უშიშროების საბჭომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება კიდევ ერთხელ გადადო.

ამის მიზეზი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლის პოზიცია – მან დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი თქვა თეთრი სახლიდან შესაბამისი ინსტრუქციებისა და სათანადო ნებართვის უქონლობის გამო. გაეროში რუსეთის წარმომადგენელთა განმარტებით, უშიშროების საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. თავის მხრივ, თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ ჯაშუშების დაკავების გამო საქართველო–რუსეთის ურთიერთობის განხილვა გაეროს უშიშროების სხდომაზე მიზანშეუწონელი იქნებოდა.

გაეროს უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა გუშინ დაიწყო. რუსეთის მხარეს ამ სხდომაზე კიდევ ერთხელ გაუცრუვდა იმის იმედი, რომ უშიშროების საბჭო რუსეთის მიერ მომზადებული განცხადების პროექტს დაამტკიცებდა. გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი საკმაოდ მკაცრია და საქართველოს მიერ კოდორში ანტიკრიმინალური ოპერაციის განხორციელებით დარღვეულ სხვადასხვა ხელშეკრულებაზე აპელირებას წარმოადგენს. გაეროს საქართველოს წარმომადგენლობაში იმედოვნებენ, რომ საბოლოოდ მომზადებული და გადამუშავებული დოკუმენტი აბსოლუტურად განსხვავებული იქნება რუსული მხარის მიერ მომზადებული ტექსტის პროექტისაგან. პროექტში გარკვეული შესწორებები უკვე შეიტანა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობამ. გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიდან რუსეთის მისამართით გავრცელდა გზავნილიც იმის შესახებ, რომ ქართულ-აფხაზური საკითხის ჯაშუშების დაკავების თემით დამძიმება და, შესაბამისად, საქართველო–რუსეთის ურთიერთობის ფორმატში განზოგადებულად წარდგენა უშიშროების საბჭოზე არამართებულია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს არის საკითხი, რომელსაც ყველაზე კარგად და სწორად ორი მეზობელი - საქართველო და რუსეთი - მოაგვარებს. მანვე განმარტა, რომ კონსპირაციული თეორიები რუსი სამხედროების დაკავებაში ამერიკის ფარული მონაწილეობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება:

[შონ მაკკორმაკის ხმა]“საქართველო სუვერენული სახელმწიფოა. საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს, ემყარება რა საკუთარ თვალსაზრისს იმის შესახებ, თუ რა არის უმჯობესი საქართველოსა და საქართველოს ხალხისთვის. ჩვენ ქართველი ხალხის მეგობრები ვართ, საქართველოს მთავრობის მეგობრები ვართ. ჩვენ რუსი ხალხის მეგობრები ვართ და რუსეთის მთავრობის მეგობრები ვართ. მოვისმინე მედიაში გავრცელებული არაერთი ცნობა, რომელიც ათასგვარ შეთქმულების თეორიას ეფუძნება და სადაც შეერთებული შტატების ფარულ მონაწილეობაზეა საუაბრი. საქმე გვაქვს ორ სუვერენულ სახელმწიფოსთან და კარგი იქნება, თუ უთანხმოებას ისე მოაგვარებენ, როგორც ორ მეზობელს შეეფერება.“

გუშინვე საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების ჯაშუშური ქსელის გამოვლენისა და ამ საბაბით რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობის გაუარესების საკითხს გამოეხმაურა ევროკომისიის პრესმდივანი ემა ადვინი:

[ემა ადვინის ხმა]“ჩვენ ყველა მხარეს ვეუბნებით, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, თავი შევიკავოთ მოქმედებისგან, რომელმაც შეიძლება კიდევ უფრო გაამძაფროს დაძაბულობა იმ დროს, როცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ისედაც დაძაბულია.”

გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში რესპუბლიკელთა ლიდერის, სენატორ ბილ ფრისტის ინიციატივით, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატების სენატში შევიდა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს, ალბანეთის, ხორვატიისა და მაკედონიის ნატოში გაწევრიანებისთვის მატერიალურ დახმარებას ითვალისწინებს და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების ფარგლებში ხორციელდება. პროექტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუჯეტი ამ ქვეყნებს გამოუყოფს თითქმის 20 მილიონ დოლარს, საიდანაც უმეტესი, 10 მილიონი დოლარი, საქართველოს მოხმარდება. საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის პოლიტიკასა და საქართველოში რუსეთის აგენტურული ქსელის გამოაშკარავებას შორის კავშირზე ბოლო დღეებში ექსპერტებიც მიუთითებენ. მოუსმინეთ ვაშინგტონის ჰადსონის ინსტიტუტის ევრაზიის პოლიტიკის ცენტრის დირექტორს ზეინო ბარანს:

[ზეინო ბარანის ხმა]“ რუსეთის აგენტები თვეებისა და წლების მანძილზე საქმიანობენ საქართველოში. ეს ყველასთვის ცნობილი ამბავია. ვფიქრობ, საქართველოს გადაწყვეტილება, სწორედ ახლა ემოქმედა, უკავშირდება სურვილს, ნატოს რიგის სამიტამდე გამონახოს კონფლიქტის მოგვარების გზა. წინასწარვე ცნობილი იყო, რომ რიგის სამიტამდე რუსეთ–საქართველოს ურთიერთობა აუცილებლად დაიძაბებოდა. ასე რომ, ახლა მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური კონფრონტაციისა, რომელსაც ველოდით კიდეც.“



XS
SM
MD
LG