Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა


ეს უდარდელი და ხალისიანი მელოდია კონტრაპუნქტს ქმნის

”სტუდიომობილის” ახალ დოკუმენტურ ფილმში ”კოდექსები და ლექსები” (ფილმის სათაურიც ხომ კონტრაპუნქტზეა აგებული)... მართლაც, თითქოს სახალისო ბევრი არაფერია რეჟისორ ლია ჯაყელის ფილმის გმირის, ქუთაისელი ჟურნალისტის, ია იაშვილის ცხოვრებაში. ახალგაზრდა ჟურნალისტმა თითქმის მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ბრძოლაში გაატარა... ბრძოლასა და შრომაში. როგორც თავად ამბობს, ქუთაისში თავდაპირველად ყველა აღიქვამდა როგორც მხოლოდ და მხოლოდ ”შეყვარებულ გოგოს”...მაგრამ იამ დაამტკიცა, რომ უფრო მეტი შეუძლია - შეუძლია სიყვარულიც და ბრძოლაც, სიყვარულიც და შრომაც, რაც არსებითად ერთი და იგივეა - ყოველ შემთხვევაში, ია იაშვილისთვის.

[ია იაშვილის ხმა, ფილმიდან] ”ვასოცირდებოდი მხოლოდ შეყვარებულ ქალთან - არც ჟურნალისტთან, არც ნიჭიერ ადამიანთან, ვასოცირდებოდი მარტო შეყვარებულთან და გალაკტიონის ლექსების წამკითხველ ქალთან, რომელმაც ლექსები იცის და მეტი არაფერი... დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც დროის შემდეგ ისევ ასოცირებული ვიქნები შეყვარებულ ქალთან, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებულია, შეძლო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება... ამას იცით, როგორ ვხედავ? ძალიან მკაფიოდ.”

სამართლიანობისთვის ბრძოლა ია იაშვილმა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა რადიოს, რომელშიც მუშაობდა, თითქმის მთელმა ქალაქმა შეუტია... ფილმში ”კოდექსები და ლექსები” ია ამ ამბავს ისე ჰყვება, თითქოს 40-იანი, 50-იანი წლების რომელიღაც ამერიკულ ფილმს იხსენებდეს - ფილმს, რომელშიც სიბნელე და უმეცრება პროგრესს და დემოკრატიას უპირისპირდება:

[ია იაშვილის ხმა, ფილმიდან] ”რამდენიმე წლის წინ, როცა რადიო ”ძველ ქალაქში” ვმუშაობდი, ჩვენს ეთერში გადიოდა გადაცემა კათოლიკე მოღვაწეთა შესახებ. მაშინ საზოგადოების ერთმა ნაწილმა ამ გადაცემის ირგვლივ აჟიოტაჟი ატეხა - მიიჩნიეს, რომ ჩვენ ანტიმართლმადიდებლურ კამპანიას ვეწეოდით. რამდენჯერმე ჩვენი ოფისი დაანგრიეს და, ბოლოს, ნაჯახით ჩაჩეხეს ჩვენი ანტენა..საქმე სასამართლომდე მივიდა - სასამართლოს განჩინებით, რადიოს მაუწყებლობა შეწყდა... ჩვენ შესახებ იყო ინფორმაცია, თითქოს ჩვენი გადამცემი იწვევდა სიკვდილს, კიბოს და ხალხი თითით მიგვითითებდა ქუჩაში... აი, ეს ის ხალხია, რომელთა რადიო ხოცავს ჩიტებსო.. ცუდ რამეებს ამბობდნენ...”(სტილი დაცულია)

ეჭვის გაფანტვა ძალიან ძნელიაო, ამბობს ია იაშვილი... მაგრამ ახალგაზრდა ჟურნალისტმა არა მარტო გაუძლო ასეთ ზეწოლას, არამედ ოპონენტებიც დაარწმუნა თავის სიმართლეში - დაარწმუნა საქმით. ია იაშვილი ქუთაისის, ფაქტობრივად, დახურული თოჯინების თეატრის ბედით დაინტერესდა და, შეიძლება ითქვას, ნანგრევებიდან ააღორძინა თეატრი... როგორ შეძლო ყოფილი ოპონენტების დარწმუნება? - ვეკითხებით ფილმის ავტორს, ლია ჯაყელს.

[ლია ჯაყელის ხმა] ”მას ყოფილი ოპონენტები არა ჰყავს, მას ჰყავს ოპონენტები და ახერხებს მათთან თანამშრომლობას - ძალიან ნიჭიერი ადამიანია მართლა და მე მიხარია, რომ მარტო ის არ არის ასეთი ნიჭიერი - თავადაც ამბობს ფილმში, რომ მე ვიცნობ ბევრ ასეთ ნიჭიერ ადამიანს, განსაკუთრებით ქალებს...და სხარტ აზროვნებას ახსენებს - რომ სხარტი აზროვნებაა საჭირო იმისათვის, რომ სწრაფად მოახდინო ცვლილებები, სწრაფად მიიღო გადაწყვეტილებები და ასეთ სხარტ აზროვნებას ვხედავ ჩემს ნაცნობ ქალებშიო.” (სტილი დაცულია)

”კოდექსები და ლექსები”, რომლის პრემიერა 4 ოქტომბერს გაიმართება ჰაინრიხ ბიოლის ფონდში, ერთდროულად სახელმძღვანელოცაა ქალთა უფლებების დამცველებისა და იმ კანონმდებლებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ეჭვით უყურებენ ქალის შესაძლებლობებს საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და პოლიტიკის სფეროში, და, უბრალოდ, კარგი დოკუმენტური ფილმიც არის კარგ ადამიანზე, რომელსაც ადამიანის უფლებების შესახებ რომელიღაც სახელმძღვანელოში არ წაუკითხავს და რომლისთვისაც სიყვარული და შრომა ცხოვრების წესია...აკი გვითხრა კიდეც ფილმის რეჟისორმა ლია ჯაყელმა, ია ფემინისტი არ არისო:

[ლია ჯაყელის ხმა] ”უნდა გითხრათ, რომ ფილმის გმირი ია საერთოდ არ არის ფემინისტი, არის გულწრფელი და აქვს, უბრალოდ, სამართლიანობის გრძნობა, საკუთარ თავს განიხილავს იმავე სიბრტყეზე, როგორც სხვებს - სხვებს კი ძალიან პოზიტიურად უყურებს - ხედავს, რომ ქალები არ არიან შესაბამის მდგომარეობაში...პროვინციაში ქალი გაცილებით უფრო მეტ დაბრკოლებას აწყდება იმისათვის, რომ საკუთარი თავის შესაძლებლობების რეალიზაცია მოახდინოს და ძალიან ძლიერი უნდა იყოს მართლა, რომ მოახერხოს რაიმე.”(სტილი დაცულია)

არადა, მოვისმინოთ როგორ მსჯელობს ფილმში ია იაშვილი თავის მონოლოგებში, რომელიც უხვადაა ჩართული ნახევარსაათიან ფილმში (ავტორის ტექსტი სურათს არა აქვს). ია ფემინიზმის კლასიკოსების მოსაზრებებს იმეორებს:

[ია იაშვილის ხმა, ფილმიდან] ”ქვეყანაში, სადაც ვცხოვრობთ ქალები, მამაკაცები, ბავშვები, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს წყვეტენ მხოლოდ მამაკაცები - კანონებს გვიწერენ მამაკაცები, აღასრულებენ მამაკაცები და ჩვენ, ქალები, ვუყურებთ, რა ხდება ქვეყანაში...რაღაცეები არ მოგვწონს, მაგრამ არ ვმონაწილეობთ არც კანონების შექმნაში და არც აღსრულებაში...სხვა რომ არაფერი, მამაკაცებს რატომ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი არიან მარტო ამ ცხოვრების წესის დამმკვიდრებლები?”

ბუნებრივია, რადიო “თავისუფლება” დაინტერესდა, როგორ მიაგნო სურათის ავტორმა ასეთ პერსონაჟს, თანაც არა თბილისში, არამედ ქუთაისში, სადაც, ზოგიერთი ექსპერტის მტკიცებით, სამოქალაქო საზოგადოების შექმნის პროცესი უამრავ წინააღმდეგობას აწყდება.

[ლია ჯაყელის ხმა] ”ფილმს წინ უძღვის საძიებო სამუშაოები. ამისთანა ადამიანები არც ისე ცოტაა, უბრალო გასვლა უნდა, ცოტა მოძრაობა უნდა - ვიმოძრავეთ და მოვიპოვეთ.”

”მოძრავი ადამიანი” კინოკამერით ხელში კი კვლავაც იშვიათობაა, დღევანდელ ქართულ მედიასივრცეში თუ არა, კულტურულ სივრცეში მაინც... ლია ჯაყელის ფილმი კი სწორედ ხელოვნების ნიმუშია, რადგან სურათის ბოლოს ამბავი ახალგაზრდა ჟურნალისტზე, რომელმაც ქუთაისში თოჯინების თეატრი ააღორძინა, განზოგადდება... ნათელი გახდება, რომ ”კოდექსები და ლექსები” არის ფილმი მომავალ პოლიტიკოსზე, იმ ადამიანზე, რომელმაც ხვალინდელი საქართველო უნდა ჩაიბაროს. ამაში სურათის ავტორი, რეჟისორი ლია ჯაყელიც გვეთანხმება:

[ლია ჯაყელის ხმა] ”ნამდვილად არის პოლიტიკოსის ტიპის ადამიანი, ისეთი პოლიტიკოსის სახეა, რომელსაც მაინცდამაინც მიჩვეულნი არ ვართ - ძალიან ღიაა, ღია არა მარტო ცვლილებებისადმი, არამედ ოპონენტებისადმი...არ მიმართავს ხრიკებს იმისათვის, რომ გზა გაიკვალოს - ის არწმუნებს ადამიანებს თავისი საქმის სიმართლეში და მე პირადად ძალიან მომწონს მისი დედა, რომელიც კარგად ხედავს საკუთარ შვილს და ამბობს, მისგან კარგი პოლიტიკოსი დადგებოდაო - რომ ადამიანმა საქმით უნდა დაარწმუნოს როგორმე მეორე ადამიანი თავის სიმართლეში და არა შიმშილობით, გზების გადაკეტვით...ანუ ესაა კონსტრუქციული, აქტიური ქალის სახე, რომლის განზოგადება შეიძლება.”(სტილი დაცულია).
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG