Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის “გრუ”, მათი “ღამურები” და ჯაშუშები


როგორი გაგრძელებაც არ უნდა ჰპოვოს

საქართველოში ატეხილმა ჯაშუშთა სკანდალმა, ფაქტია, რომ ამიერიდან 27 სექტემბერს საქართველოში გაიხსენებენ არა მხოლოდ, როგორც სოხუმის დაცემის ტრაგიკულ თარიღს, არამედ როგორც რუსეთის სამხედრო დაზვერვის სერიოზულ დისკრედიტაციას. ნიშანდობლივია, რომ სწორედ, ე.წ. “გრუს,” ანუ რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს მონაცემებით მარაგდებოდა კონფლიქტების დროს, აფხაზ და ოს სეპარატისტთა სამხედრო სარდლობა. სხვადასხვა დროს იგეგმებოდა და ხორციელდებოდა დივერსიები. თუმცა, ყველაზე დრამატულ წლებში საქართველოს ხელისუფლება, ე.წ. “პოლიტიკორექტულობის” გამო, ზედმეტად ფრთხილად ეკიდებოდა რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მუშაობის სააშკარაოზე გამოტანის საკითხს.


ამ 15-იოდე წლის წინ ერთმა ქართველმა მაღალჩინოსანმა, რომელსაც ბევრ მგრძნობიარე სახელმწიფოებრივ ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი, კერძო საუბარში მწარედ იხუმრა: რუსეთის დაზვერვა ისეა მოდებული ყველაფერს, რომ მგონი რუსებმა საქართველოს “გრუზია”- “გრუს” გამო შეარქვესო. ამ ხუმრობაში გადაჭარბებული არაფერია. გრუ-ს ან რუსეთის გენერალური შტაბის მთავარ სამხედრო-სადაზვერვო სამმართველოს, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან და რეგიონში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პოზიცია ეკავა. სადაზვერვო სამსახურს საქართველოში ინფორმაციის მიღების, გადამუშავებისა და გადაბირების ძლიერი სისტემა გააჩნდა. აი, როგორ ახასიათებს “გრუს” საქართველოს სამხედრო დაზვერვის დეპარატმენტის უფროსის ყოფილი მოადგილე, სამხედრო ექსპერტი ზვიად ჩხაიძე.

[ზვიად ჩხაიძის ხმა] “მე მაგალითად, სხვა ქვეყნებთან მიმართებაში იშვიათად მინახავს ასეთი ქსელი, როგორსაც ქმნის “გრუ”. მაგალითად, რომელიმე კომისარიატში, სიტყვაზე რომ ვთქვათ საბჭოთა დროის კომისარიატში, ჰყავთ ე.წ. “კასტო”, ჯგუფი, რომლიდანაც არჩევენ ე.წ. აგენტურული რეზერვისათვის პირებს. შემდეგ ამ პირებს მიიზიდავენ სადაზვერვო სამსახურში, ამზადებენ მათ, ქმნიან მათი მეშევობით აგენტურულ ჯგუფებს, ან შესაძლებელია, რეზიდენტურას. და როდესც საჭირაო რაღაც პერიოდში მათი გამოყენება, ხდება მათი შეკავშირება და გადასროლა. უკვე წინასწარ მომზადების პერიოდშივე, თითოეულმა მათგანმა იცის რა აქვს გასაკეთებელი ამ ტერიტორიაზე.”

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან “გრუს” ხელწერას ხშირად ახსენებენ, როდესაც საქართველოში სამოქალაქო ომის დაწყებაზე, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ დაპირისპირებაზე ჩამოვარდება საუბარი. მაგრამ რუსეთის დაზვერვის ძირგამომთხრელი მუშაობის დამადასტურებელი ფაქტები - ძალიან ცოტაა. ერთ-ერთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს. იხსენებს სამხედრო ჟურნალ “არსენალის” რედაქტორი, სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “ერთ-ერთი ფაქტი, რომელიც გამომჟღავნდა, ეს იყო 1993 წელს, აფხაზეთის ომის დროს, როდესაც სოხუმში დააკავეს ლეიტენანტი სიტნიკოვი. სოხუმში იდგა სადესანტო მოიერშე ბატალიონ და ამ ბატალიონში იყო მივლინებული. და სოხუმში, დადიოდა ქალაქში და როგროც, ქართული სპეცსამსახურები ამბობდნენ, აგროვებდა ინფორმაციებს. ეს დაკავებული სიტნიკოვი მერე სხვათაშორის გაცვალეს ერთ-ერთ ქართველ სუ-25-ის პილოტზე, რომელიც სოხუმთან ჩამოაგდეს.”

სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების გარდა, საქართველოში სეპარატისტული კონფლიქტების გასაღვივებლად “გრუმ” მის სამხედრო კომპონენტიც აამოქმედა, სეპცდანიშულების ქვედანაყოფის სახით. გადამდგარი გენერალი კობა კობალაძე ამბობს, რომ აღნიშნული სპეცდანაყოფი, რომელსაც “მფრინავი თაგვები” ეწოდებოდა, პირველად ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში გამოჩნდა.

[კობა კობალაძის ხმა] “პირველად მაშინ გამოჩნდნენ რუსების “მფრინავი თაგვები”, არის ასეთი სპეცქვედანაყოფი, აქეთა მხრიდანაც და იქითა მხარიდან. პირველადი შეხებები და მსხვერპლი უფრო [ამ] მესამე ძალის დამსახურება იყო, ვიდრე ერთმანეთის.”სტილი დაცულია


თუმცა, საქართველოში უსაფრთხოების სისტემის გაძლიერების კვალობაზე რუსეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლები უფრო ხშირად ექცეოდნენ ქართული სპეცსამსახურების თავლთახედვის არეში. მაგრამ მათი ვინაობის სააშკარაოზე გამოტანა რამდენიმე მიზეზის გამო არ ხდებოდა. როგორც უშიშროების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დავით ბაზღაძემ რადიო “თავისუფლებას” უთხა, პირველი მიზეზი პრობლემისადმი წმინდად პროფესიული მიდგომაა, რასაც სპეცსამსხურები ენაზე ჰქვია “არ დააფრთხო ნადირი.”

[დავით ბაზღაძის ხმა] “ვინაიდან მათზე კონტროლი უფრო მნიშვნელოვანი იყო. როცა იცი შენი მოწინააღმდეგე ვინ არის, როცა იცი კონკრეტულად რას აკეთებს, როცა იცი უშუალოდ ვისთან თანამშრომლობს და როგორ და რა ფორმებით, - უფრო მნიშვენელოვანია, თუკი შეგიძილია ამ საქმიანობაზე კონტროლი. მანამ, სანამ შეგიძლია, სრული კონტროლი გქონდეს, მანამდე ამის გამომჟღავნება და გამოაშკარავებას აზრი არა აქვს, ასე ვთქვათ.”


ჯაშუშური საქმიანობის გამჟღავნებას სპეცსამსახურები მაშინ მიმართავენ, როდესაც ითვლება, რომ ფაქტის სააშკარაოზე გამოტანა უფრო მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, თუკი ძირგამომთხრელი გეგმის ამოქმედებამდე შესაძლოა, წუთები რჩებოდეს. 27 სექტემბრის ჯაშუშურ სკანდალს სამხედრო ექსპერტი ზვიად ჩხაიძე სწორედ აუცილებლობით ნაკარნახევ პრევენციულ ზომას უწოდებს.

[ზვიად ჩხაიძის ხმა] “მთლიანობაში აი იმ სურათით, რა სურათიც გვაქვს, ეს არის ძალინ კარგი პრევენცია. მე არ ვამბობ პოლიტიკურ დატვირთვას, მე ვამბობ მხოლოდ სპეცსამსახურების თვალსაზრისით.”

თანაც ექსპერტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მსგავსი მასშტაბისა და დიაპაზონის ჯაშუშური სკანდალი უპრეცედენტია პოსტსაბჭოთა სივრცეზე აღმოცენებული დემოკრატიული ქვეყნების ურთიერთობაში და, რაც მთავრია, რუსეთთან მიმართებაში. ქართულ სპეცსამსახურების მიერ გამოვლენილი ჯაშუშური შეთქმულება კი რისკავს გახდეს რეგიონული მასშტაბისა – შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ჯაშუშთა ქსელს ერევნიდან ხელმძღვანელობდა გორის 2005 წლის 1 თებერვლის ტერაქტის ორგანიზატორი ანატოლი სინიცინი, კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, “გრუს” ვიცე-პოლკოვნიკი კონსტანტინე პუგაჩინი კი, თბილისში, რუსეთის ჯარების დაჯგუფების შტაბს აფარებს თავს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG