Accessibility links

logo-print

საქართველო რუსეთისთვის პოზიციების დათმობას არ აპირებს

  • ნინო როდონაია

ამიერკავკასიაში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო დაჯგუფების შტაბთან, რომელიც 27 სექტემბრიდან თბილისის საპატრულო პოლიციის მიერ იყო

ალყაშემორტყმული, ამჟამად მხოლოდ ოცამდე სამართალდამცავი მორიგეობს. ოფიციალური მონაცემებით, კვლავ შტაბის ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ვიცე-პოლკოვნიკი კონსტანტინ პიჩუგინი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ჯაშუშობაში ადანაშაულებს და მოსკოვისგან მის გადმოცემას მოითხოვს. რუსეთის კატეგორიული უარის მიუხედავად, თბილისი პოზიციების დათმობას არა მხოლოდ რუსი ოფიცრების, არამედ მოსკოვთან ნებისმიერ სხვა სადავო საკითხში არ აპირებს. თემას ნინო როდონაია განაგრძობს:

ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოში რუსი ოფიცრების დაპატიმრებიდან მეხუთე დღეს ურთიერთბრალდებების შემცველმა განცხადებებმა საგრძნობლად იკლო. თუმცა, კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ გამოეხმაურა რუსეთის ბოლოდროინდელ მუქარას და მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების სრული პასუხისმგებლობა მოსკოვს დააკისრა. თბილისში სამხედრო ძალის გამოყენების აშკარა მუქარად აფასებენ რუსეთის მიერ საქართველოს საზღვრის სიახლოვეს დაგეგმილ ფართომასშტაბიან საზღვაო და სახმელეთო წვრთნებს. იმის დასადასტურებლად, რომ მიუხედავად საქართველოზე რუსეთის ზეწოლის მცდელობისა, ხელისუფლება პოზიციის დათმობას არ აპირებს, საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა კვირას საგანგებო ბრიფინგი მოიწვია:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ,,საკმაოდ უპერსპექტივო მცდელობაა ეს დაშინების საქართველოს ხელისუფლების. ჩვენს წარმატებულ წინსვლას ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც ვთვლით საჭიროდ, რაც შედის საქართველოს ეროვნულ ინტერესებში. ბუნებრივია, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ჩამოყალიბებულ ჩარჩოებში, საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით და აქამდე რასაც ვაკეთებდით, ვაკეთებდით ზუსტად ამ ჩარჩოებში და კვლავაც გავაგრძელებთ ამის გაკეთებას.” (სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მისივე განცხადებით, ყველა საერთაშორისო ნორმის დაცვით მოქმედებს, ამ ნორმების დარღვევაში რუსეთს ადანაშაულებს. მოსკოვის ბოლოდროინდელ სამხედრო რიტორიკას თბილისში გაეროსა და ეუთოს დოკუმენტების იგნორირებად აფასებენ და რუსეთის უმთავრეს შემაკავებელ ფაქტორად სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობას მიიჩნევენ. საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, გაეროს მკაცრი პოზიციის იმედი აქვს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაეროს გენერლური მდივნის ახალი მოხსენების ე.წ. სასიგნალო ეგზემპლარის კომენტარი გამოაქვეყნა. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ გენერალური მდივნის შეფასებები, კერძოდ, ის, რომ ქართული და აფხაზური მხარეების ურთიერთობაში ახალი დაძაბულობა კოდორის ხეობაში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ წარმოშვა, სრულად ემთხვევა რუსეთის პოზიციას. სხვაგვარად ფიქრობს საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაერო, კოდორის მოვლენებს არა სამხედრო, არამედ ანტიკრიმინალურ ოპერაციად აფასებენ. განსხვავებულია თბილისისა და მოსკოვის განცხადებები საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში რუსეთის სამშვიდობო მისიისადმი საერთაშორისო ორგანიზაციების დამოკიდებულების შესახებაც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ გაერო აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სტაბილიზაციის მნიშვნელოვან მექანიზმად სწორედ რუსი მშვიდობისდამცველებისა და გაეროს მეთვალყურეთა მისიის ურთიერთქმედებას მიიჩნევს.
კონფლიქტების მოგვარების პროცესში რუსეთის დომინანტობისადმი საქართველოს უარყოფითი დამოკიდებულება რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სრულიად გასაგებია, ამის თაობაზე კვირას კვალვ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ,,აშკარაა საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ის ჩვენი მიმართვა, რომ არსებული სამშვიდობო ფორმატები, მოლაპარაკების ფორმატები და ასევე სამშვიდობო ოპერაცია, რომელსაც ახორციელებს რუსეთი და რუსეთს აქვს დომინირების როლი ამ კონფლიქტების დარეგულირებაში, ბუნებრივია, არ შეიძლება დარჩეს ისე, როგორც არის.” (სტილი დაცულია)

რამდენადაა მოსალოდნელი სამშვიდობო ფორმატისადმი პოზიციის შეცვლა, მაგალითად, გაეროში, რომლის უშიშროების საბჭოში რუსეთი ვეტოს უფლებით სარგებლობს, ჯერჯერობით გაურკვეველია. ოქტომბრის პირველ ნახევარში ორგანიზაციის გენერალური მდივანი უშიშროების საბჭოს აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებულ მოხსენებას და რეგიონში გაეროს მეთვალყურეთა მისიისთვის მანდატის გაგრძელების რეკომენდაციას წარუდგენს.
რეკომენდაციებს რუსეთის აღმასრულებელ ხელისუფლებას უმზადებს ქვეყნის პარლამენტი, რომლის ქვედა პალატა საქართველოს საწინააღმდეგო სანქციებზე მომავალ ოთხშაბათს იმსჯელებს. იმავე დღეს თბილისში, რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციას გეგმავს ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია დემოკრატიული ფრონტი. აქციის კონკრეტული მიზანი კვირას საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე კონსერვატორთა ლიდერმა კობა დავითაშვილმა განსაზღვრა:

[კობა დავითაშვილის ხმა] ,,ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ერთიანობა რუსეთის დუმის პოლიტიკოსებს, რათა მათ არ გაუჩნდეთ ილუზია, რომ რაიმე ზეწოლა საქართველოზე, სწორედაც რომ ქვეყანაზე, ერზე და არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, გამოიღებს იმ შედეგს, რომ ქვეყნის შიგნით გამოჩნდებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც რუსეთის ნებას დაჰყვებიან.” (სტილი დაცულია)

ქართული პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების ერთიანობის მასშტაბს, რომელიც ერთი აქციის დონეზე მომავალ ოთხშაბათს გაირკვევა, უშუალოდ რუსეთის საელჩოდან მისი მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელი დააკვირდება. რუსი დიპლომატების უდიდესმა ნაწილმა თბილისი უკვე დატოვა, განსხვავებით ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო შტაბის მოსამსახურეებისგან, რომელთა შვილები ორშაბათიდან თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სწავლას განაახლებენ. ეს გადაწყვეტილება შტაბის სარდლობამ კვირას მიიღო და რუს სამხედროთა შვილებს შტაბიდან სკოლამდე დაცვის თანხლებით მიიყვანს.
XS
SM
MD
LG