Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანალიტიკოსი ვიქტორ იასმანი: ''რუსეთის თამაში საქართველოს წინააღმდეგ ძალიან მარტივია''


როცა საქმე ჯაშუშობას, თუ ჯაშუშობაში ეჭვმიტანას ეხება, ორი ქვეყანა, ჩვეულებრივ, ჩუმად, მასმედიაში გახმაურების გარეშე ცდილობს ხოლმე პრობლემის მოგვარებას.

მაგრამ საქართველოსა და რუსეთს შორის, როგორც მოგეხსენებათ, ასე არ მომხდარა. რამდენიმე დღეა, არა თუ ამ ორი ქვეყნის, მთელი მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებები აშუქებენ საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ოფიცრების დაკავებას და ამ ნაბიჯით გამოწვეულ კრიზისს - იქნება ეს თბილისიდან რუსი დიპლომატების უმრავლესობის გამგზავრება, თუ უაღრესად მწვავე განცხადებები, რომელთაც რუსეთის ლიდერები აკეთებენ თბილისში რუსი ოფიცრების დაკავების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. ამასობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა კრიზისის განსამუხტად - ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ოფიცრები ეუთოს გადასცეს. მაგრამ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მაინც დაძაბული რჩება - როგორ შეიძლება ის განვითარდეს, რა მოვლენებია მოსალოდნელი? ამ შეკითხვით მივმართეთ ჩვენი რადიოს ანალიტიკოსს, ვიქტორ იასმანს.

უწინარეს ყოვლისა ჩვენს კოლეგას ვკითხეთ ის, რაც ყველას, ყოველ ჩვენგანს ალბათ ყველაზე მეტად აინტერესებს და აღელვებს: რამდენად შესაძლებელია, საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდეს? ამ შეკითხვას ამართლებს არა მარტო აგრესიული რიტორიკა, რომლითაც ბოლოდროინდელი განცხადებები გამოირჩევა (იქნება ეს სახელმწიფო ტერორიზმზე ლაპარაკი, თუ ლავრენტი ბერიას გახსენება), არამედ დიპლომატიური ურთიერთობის შეკვეცა, სატრანსპორტო ბლოკადა და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მანევრებიც, აგრეთვე საქართველოს საზღვართან ჯარების დაგეგმილი გაძლიერება.

ჩვენი კოლეგა ამ კონტექსტში დამამშვიდებელ პროგნოზს იძლევა - სამხედრო საფრთხე მოსალოდნელი არ არის, რადგან თვით რუსეთშიც ბევრი ანალიტიკოსი მიდის დასკვნამდე, რომ რუსულ მხარეს მსგავსი დაპირისპირება ძალიან ძვირად დაუჯდებოდა.

[იასმანის ხმა] “ნებისმიერი სამხედრო ძალის გამოყენება უზარმაზარი რუსეთის მიერ პატარა საქართველოს წინააღმდეგ - რუსეთის წინააღმდეგ აამხედრებს საზოგადოებრივ აზრს. ეს გარდაუვალია! რამდენიმე დღის წინ კრემლის წამყვანმა ანალიტიკოსმა, გლებ პავლოვსკიმ ისიც კი განაცხადა, რომ რუსეთს სურს თავიდან აიცილოს მოვლენათა ისეთი განვითარება, როგორიც ისრაელში ვიხილეთ - ლიბანში “ჰიზბოლაჰის” წინააღმდეგ მოქმედებით. გადამეტებული ძალის გამოყენებით ისრაელმა საზოგადოებრივი აზრი აიმხედრა, თავის მიზანს კი მაინც ვერ მიაღწია”.

საგულისხმოა, რომ ორშაბათის პრეს-კონფერენციაზე, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ასევე უარყო ვარაუდი, რომ საქმე შესაძლოა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდეს. მეორე მხრივ, ჩვენს ექპერტს ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთში მიმართავენ ქართულ მხარისთვის მტკივნეულ საფინანსო-ეკონომიკურ ზომებს. ჩვენს შეკითხვაზე, რატომ გამწვავდა დაძაბულობა ორ მხარეს შორის მაინცდამაინც ახლა, ვიქტორ იასმანი შემდეგ პასუხს იძლევა:

[იასმანის ხმა] “რუსეთის თამაში საქართველოს წინააღმდეგ ძალიან მარტივია. რუსეთს ყოველთვის სურდა კონფლიქტების გაყინვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რათა ხელი შეეშალა ნატოში საქართველოს გაწევრიანებისთვის, რაც არის საქართველოს მთავრობისა და ხალხის ნება. ხოლო საქართველო, თავის მხრივ, ცდილობდა კონფლიქტების მოგვარებას. რატომ უნდოდა რუსეთს კონფლიქტების გაყინვა? - იმიტომ, რომ კონფლიქტების არსებობა ხელს უშლის ნატოში გაწევრიანებას. ახლა, როცა ნატოში გაწევრიანების თარიღი ახლოვდება და ახლოვდება ნოემბრის სამიტი რიგაში, სადაც საქართველოს, როგორც ჩანს, ასეთ წინადადებას შესთავაზებენ, ეს სქემა ამუშავდა. სულ ეს არის”.

და ბოლო შეკითხვა, რომელიც ჩვენი რადიოს ანალიტიკოსს, ვიქტორ იასმანს დავუსვით, არის ის, თუ რას ნიშნავს ამჟამინდელი კრიზისი რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობისთვის, ნიშნავს კი რამეს? ვიქტორ იასმანის პასუხი ცალსახა გამოდგა:

[იასმანის ხმა] “საქართველოს დასახმარებლად, მის მხარდასაჭერად უკვე გამოვიდა აშშ (საკმაოდ აქტიურად) და დიდი ბრიტანეთი. ეს საკმარისია. საქმე ის გახლავთ, რომ გასული კვირის მიწურულს რესპუბლიკელთა უმრველსობის ლიდერმა, კონგრესმენმა ბილ ფრისტმა (სხვათა შორის, ამერიკის შტატ ჯორჯიიდან) შეიტანა წინადადება ნატოში საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ. ეს რუსეთისთვის, პრინციპში, ნიშნავს კონფრონტაციას უკვე არა საქართველოსთან, არამედ აშშ-თან და, სახელდობრ, რესპუბლიკელების ადმინისტრაციასთან”.
XS
SM
MD
LG