Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბჭოთა ჯაშუშის კინომითი


“მერაბიშვილმა უჩვენა კინო რუს ჯაშუშებზე”,

”ჯაშუშებთან ბრძოლა, როგორც კინოში”, ”თბილისმა შოუ მოაწყო”, ” - ასეთი სათაურებით გამოეხმაურა ზოგიერთი რუსული ინტერნეტგამოცემა სამხედრო მოსამსახურეების დაკავების ფაქტს საქართველოში. ”კინო” და”შოუ” ამ სტატიების ავტორებს შემთხვევით არ უხსენებიათ - საბჭოთა ჯაშუშის მითი თავდაპირველად, 30-იან წლებში, სწორედ კინოში დამკვიდრდა და როგორც, ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, ”ოქროს საუკუნის” ავტორი გიორგი გვახარია ამტკიცებს, ამ მითს განსაკუთრებული ცვლილება არც დღეს განუცდია

[64. ”ცირკი”]

ისააკ დუნაევსკის ეს სიმღერა, რომელიც ფაქტობრივად არაოფიციალურ საბჭოთა ჰიმნად იქცა, გრიგორი ალექსანდროვის ფილმის, ”ცირკის” ძირითადი მუსიკალური მოტივია. ერთ-ერტ ყველაზე პოპულარულ საბჭოთა ფილმში, რომლის პრემიერა სტალინური ტერორის ხანას დაემთხვა, შეერთღებული შტატებიდან დევნილი მსახიობი, მარიონი (ლიუბოვ ორლოვას შესრულებით), დევნილი იმიტომ, რომ შავკანიანისგან უკანონო ბავშვი - უკანონო შავკანიანი ბავშვი გააჩინა, სტალინის საბჭოთა კავშირში მიაგნებს სიყვარულს და ბედნიერებას... მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა, მიუხედავად იმისა, რომ თავისი იმპრესარიოს, გერმანელი ჯაშუშის ტერორისა და შანტაჟის მსხვერპლია. მოსკოველი კინომცოდნის, მაია ტუროვსკაიას თქმით, იმხანად ბევრმა არ იცოდა, რომ ალექსანდროვმა თითქმის გაიმეორა ერნტს ლიუბიჩის ფილმის, ”ნინოჩკას” სიუჟეტი, ერთ-ერთი პირველი ამერიკული ფილმისა, რომლის მთავარი გმირი საბჭოთა ჯაშუშია, გრეტა გარბოს შესრულებით

[მაია ტუროვსკაიას ხმა]64.1.45 ”ერნსტ ლიუბიჩის ეს ფილმი, რომელშიც მთავარ როლს გრეტა გარბო ასრულებს, გვიამბობს საბჭოთა მზვერავზე, რომელიც საიდუმლო მისიით ჩადის საფრანგეთში, ფრანგი მამაკაცი შეუყვარდება და პარიზში დარჩება, თუმცა მარიონისგან განსხვავებით მისი იდეოლოგია არ იცვლება”

ასე დაიწყო ყველაფერი - ჰოლივუდის მიბაძვით; აღმოჩნდა, რომ ფილმები ჯაშუშებზე და აგენტებზე ძალიან მოსწონს მაყურებელს - როგორც დასავლეთში, ასევე საბჭოთა კავშირში, აღმოჩნდა, რომ ”მტრის ქვეყნის ჯაშუში” ბრწყინვალე სახეა კონფლიქტის შესაქმნელად და მით უფრო ბრწყინვალეა, როცა ეკრანზე ჯაშუშის თავისებური ”კათარზისი” ხდება - მზვერავი ”იდეოლოგიას” იცვლის... თუმცა 30-იანი წლების საბჭოთა კინოში (მათ შორის ქართულ ფილმებშიც) ”უცხო ქვეყნის ჯაშუშის” გარდაქმნა არ ხდება. მას ამხელენ. მერე კი, მისი დასჯა (სასამართლოზე რომ არაფერი ვთქვათ) ეკრანზე ნაჩვენები არ არის... აპატიმრებენ და ხალხი გამარჯვებას ზეიმობს. ესაა და ეს.

ცოტა ხანში ცხადი ხდება, რომ პუბლიკის აღსაგზნებად ”უცხო ქვეყნის ჯაშუშის” დამარცხების თემა საკმარისი აღარ არის. აუცილებელია გამოიხატოს სახე საბჭოთა მზვერავისა, რომელიც დასავლეთში, რომელიღაც ანტიკომუნისტურ ქსელს გამოააშკარავებს... მაგალითად, სტალინზე თავდასხმის ოპერაციას შეერთებულ შტატებში, ან გერმანიაში... მართალია ამ ფილმებში ნიუ-იორკი და ბერლინი ”მოსფილმის” დეკორაციებშია გადაღებული და ყველაფერი უსაშველოდ ხელოვნურია, აღმოჩნდა, რომ საბჭოთა პუბლიკას სწორედ თავისი მზვერავის ხილვა უფრო მოსწონს... მოსწონს, როცა კაგებეს ოფიცერი მტერს ”მტრის ბუნაგში” ამარცხებს

[სიმღერა კაგებეზე]65

50-60-იან წლებში ასეთი სიმღერები რუს მზვერავებზე საბჭოთა სათავგადასავლო ფილმების აუცილებელი ატრიბუტი ხდება. ”მზვერავის გმირობა”, ”ფარი და მახვილი”, ”საიდუმლო მისია” - თითოეულ ამ ფილმს უფრო მეტი მოგება მოაქვს, ვიდრე წლის განმავლობაში ეკრანებზე ნაჩვენებ ყველა ფილმს ერთად. კინოგაქირავება სურათებს საბჭოთა ჯაშუშებზე წლის ბოლოს უჩვენებდა, რათა კინოთეატრებს გეგმა შეესრულებინა. და მაინც, ყველა დროის ჰიტი შტირლიცი აღმოჩნდა - ”გაზაფხულის 17 გაელვება”, რომელმაც საბჭოთა მაყურებელს სატელევიზიო კინოს ყურება ასწავლა...იმხანად ჩამოყალიბდა სწორედ, ჭკვიანი, უანგარო, ქვეყნისთვის თავდადებული საბჭოთა მზვერავის სახე, განსხვავებული თუნდაც იმ ”კუნთმაგარი” ჯაშუშებისგან, რომლის სახე პარალელურად იქმნება ანტისაბჭოთა დასავლურ ფილმებში

[ვისოცკი სიმღერა ”აგენტი 07”]

ამ სიმღერაში ვლადიმერ ვისოცკი ჯეიმს ბონდზე მღერის...იმ ”აგენტზე”, რომელსაც საბჭოთა მაყურებელი მხოლოდ ”ბურჟუაზიული სამყაროს კრიზისისზე” დაწერილი წიგნებით იცნობდა. მერე საბჭოთა კავშირი დაინგრა. რუსეთში ჯეიმს ბონდის სერიალიც ნახეს და ”ბურჟუაზიული სამყაროს” ყველა ის ფილმიც, რომელშიც საბჭოთა მზვერავებს ამარცხებდნენ. მიუხედავად ამისა, 60-იან, 70-იან წლებში კაგებეს გენერლებზე გადაღებული ფილმების პოპულარობა სულ უფრო მეტად იზრდება. ზოგიერთი მონაცემით დღეს რუსულ ვიდეობაზარზე ყველაზე დიდია მოთხოვნილება საბჭოთა ეგრეთ წოდებულ ”სათავგადასავლო ფილმზე” - კაგებეს გენერლებითა და ”ინტელექტუალური მზვერავებით”

შესაბამისად იზრდება მოთხოვნილება პატრიოტულ თემებზე გადაღებულ ფილმებზე. ახალ რუსული ”ბოევიკში” ( ასე მოინათლა ამ ფილმების ჟანრი) ”სარკისებური ომები” გაჩნდნენ ამერიკელი ჯაშუშები, რომლებიც რუსული არმიის გეგმებს სწავლობენ. წონასწორობისა და ბალანსისთვის ასეთ ფილმებში (როგორიცაა, მაგალითად, ”პირადი ნომერი”, ”განსაკუთრებული შემთხვევა”) გამოჩნდნებიან ხოლმე ამერიკელი ჟურნალისტი... ქალები, რომლებიც რუსი სამხედროების მიმართ სიმპატიას არ მალავენ. თანაც, რუსული ბოევიკის სიუჟეტი მეტნაკლებად ასახავს პოლიტიკურ რეალობას... მაგალითად, ჩეჩნეთის ომის დროს, ეკრანებზე გამოვიდა არაერთი ფილმი, რომელიც რუსი ჯარისკაცების გმირობას ასახავს ჩეჩნეთში... შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, შორს არაა ის დრო, როცა ეკრანზე ვიხილავთ ახალ კინოშოუს - საქართველოში რუსი მზვერავების გმირობის ისტორიას - ინტელექტუალურ ჯაშუშებს, რომლებიც მტერს არ აძლევენ საშუალებას განახორციელოს თავისი ”მზაკვრული გეგმები”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG