Accessibility links

logo-print

ევროპარლამენტი თურქეთისგან "გენოციდის" აღიარებას ითხოვს


ევროპის პარლამენტი აცხადებს, რომ თურქეთმა და სომხეთმა

აუცილებელად უნდა დაძლიონ საკუთარი წარსული და იმეორებს თავის მოწოდებას ანკარისადმი, სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა "გენოციდად" აღიაროს. ევროპის პარლამენტის ბოლო ანგარიში ნაკლებად კატეგორიული გახდა მას მერე, რაც იქიდან ამოიღეს თურქეთის მიმართ წაყენებული პირობა, რომ სომხების გენოციდის აღიარება ევროკავშირში შესვლა-არშესვლის საკითხთან არის დაკავშირებული. მაგრამ, როგორც ანგარიშის ავტორი, ნიდერლანდელი დეპუტატი კამილ ეურლინგსი აცხადებს, თურქეთმა საკუთარ წარსულს თვალი უნდა გაუსწოროს.

(კამილ ეურლინგსის ხმა) “ოფიციალურად, აღიარება არ არის გაწევრიანების კრიტერიუმი, ეს მართალია. მაგრამ აუცილებელია, წევრობის გზაზე დამდგარმა ქვეყანამ თვალი გაუსწოროს წარსულს. ეს არ უნდა იქნეს არასწორად გაგებული. ჩვენ მართლაც მოვუწოდებთ თურქეთს, სომხეთთან ერთად, მოერიოს წარსულს.”

ევროპის პარლამენტმა განაცხადა, რომ ის კვლავ მოუწოდებს თურქეთს, აღიაროს სომხეთის გენოციდი, როგორც ეს უწინდელ რეზოლუციებში კეთდებოდა. ეურლინგისის თანახმად, ანგარიშში ამ ცვლილების შეტანა საჭირო იყო, რათა ის უფრო “სამართლიანი” გამხდარიყო. დეპუტატის თქმით, არ შეიძლება ევროპის კავშირში შესვლის ერთ-ერთი პირობა ოფიციალურად იყოს მასობრივი მკვლელობის აღიარება გენოციდად. ასეთი რამ არც ერთი სხვა კანდიდატი ქვეყნის მიმართ არ გაკეთებულა.

ანგარიშში ამ ცვლილებას ევროპის პარლამენტში დებატები მოჰყვა. თურქეთის მომხრეებმა განაცხადეს, რომ ეს საკითხი - სომხების თემა - გამოიყენება ინსტრუმენტად, რათა თურქეთს კავშირში შესვლის საშუალება არ მისცენ. საქმე ის არის, რომ გაწევრიანების თაობაზე შარშან დაწყებული მოლაპარაკების წარმატებით დაგვირგვინების შემთხვევაშიც კი, ევროპის კავშირში შესასვლელად თურქეთს ევროპარლამენტის ოფიციალური დასტური დასჭირდება.

ევროპარლამენტში გაჩაღებული დისკუსია ასახავს ევროკავშირის წევრთა შორის მზარდ შეშფოთებას, რომ თურქეთი ფეხს ითრევს რეფორმების გატარების საქმეში. ევროპაში აფიქრებთ თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის ერთი მუხლი, კერძოდ, 301-ე, რომელიც “თურქობის” შეურაცხყოფას დანაშაულად მიიჩნევს. მაგალითად მოჰყავთ ხოლმე, რომ წარმოშობით სომეხი თურქი პუბლიცისტი დააპატიმრეს იმის საჯაროდ გამოცხადების გამო, რომ ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ სომეხთა ჟლეტა გენოციდად აღიარა. კამილ ეურლინგსმა გაიმეორა უკვე გამოთქმული კრიტიკა, რომ ეს მუხლი აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ნიშნავს.

(ეურლინგსის ხმა) “ თურქეთის სისხლის სამართლის კოლექსის 301-ე მუხლი ადამიანის უფლებების ევროპის კორნვენციას არ შეესაბამება. ის ერთობ აბსტრაქტულადაა ჩამოყალიბებული და ყოველთვის მისცემს საშუალებას მოსამართლეებს და პროკურორებს, რომელთაც არ სურთ თანმედროვე თურქეთი, სადაც ხალხის უფლებები დაცულია გაასამართლონ ისინი, ვინც თავის შეხედულებას არაძალადობრივი გზით გამოხატავს”.

8 ნოემბერს ევროკომისია თურქეთის შესახებ საკუთარ ანგარიშს გამოაქვეყნებს. ექსპერტების ვარაუდით, მასში თურქეთის მიმართ გამოთქმული იქნება კრიტიკა რეფორმების დაბალი ტემპისა და ევროპის კავშირის წევრთან, კვიპროსთან დაძაბული ურთიერთობის გამო. თუმცა, ბრიუსელში ოფიციალური პირები მაინც იმედოვნებენ, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება თურქეთთან შეიძლება გაგრძელდეს.
XS
SM
MD
LG