Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან საავიაციო, სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლა აკრძალა


საქართველოში ჯაშუშობაში ბრალდებული 4 რუსი ოფიცრის გათავისუფლების მიუხედავად, მაინც შევიდა ძალაში მოსკოვის მუქარა საქართველოს სატრანსპორტო ბლოკადის შესახებ.

3 ოქტომბრიდან რუსეთ-საქართველოს შორის შეწყდა როგორც სარკინიგზო, ასევე საავიაციო მიმოსვლა. ვინ ზარალდება ამ გადაწყვეტილებით და რა გზებით შეიძლება სატრანსპორტო ბლოკადის დაძლევა?

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო მოხელეები საქართველოსთან სატრანსპორტო მიმოსვლის შეჩერებას - ძირითადად კი, საავიაციო რეისების გაუქმებას - სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან. აი, რას ამბობს რუსეთის საჰაერო ნავიგაციის სამსახურის უფროსი ალექსანდრ ნერადკო:

[ალექსანდრ ნერადკოს ხმა] ”2006 წლის 3 ოქტომბერს, მოსკოვის დროით 0 საათზე, წყდება საავიაციო მიმოსვლა საქართველოს რესპუბლიკასთან. ეს გამოწვეულია საჰაერო სივრცის ქართველი მომხმარებლების მზარდი დავალიანებით. ვადაგადაცილებული დავალიანება 3,6 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს და მიმდინარე დავალიანებამ უკვე გადააჭარბა 176 ათას დოლარს.”

სატრანსპორტო ბლოკადის სულ სხვა მიზეზებზე ლაპარაკობს რუსეთის დუმის სპიკერი ბორის გრიზლოვი:

[ბორის გრიზლოვის ხმა] ”სიტუაცია, სამწუხაროდ, იძაბება სააკაშვილის რეჟიმის მიერ და სახელმწიფო სათათბიროს რეაგირება აუცილებლად მიაჩნია. სანქციები, რომელიც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ აამოქმედა, მიმართულია სააკაშვილის რეჟიმის და არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ.”

გრიზლოვის განცხადების მიუხედავად, საავიაციო რეისების შეწყვეტით უბრალო ხალხი ზარალდება, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებიც. აი, რა უთხრეს ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოსკოვში გასამგზავრებლად მისულმა რუსეთის მოქალაქეებმა:

[მოქალაქეთა ხმა] ”გავიგეთ, რომ ჩვენი რეისი გაუქმებულია. კარგია, რომ ფული გვაქვს და შეგვიძლია სხვა ქვეყნის ბილეთი ვიყიდოთ. მაგრამ არის ხალხი, რომელიც წავიდა ვლადიკავკაზში მიმავალი მანქანების საძებრად ან ფულის საშოვნელად. მათ არა აქვთ ფული, რათა საკუთარი ძალებით გაემგზავრონ საქართველოდან.”

”ყველაზე მეტად მე მაკვირვებს ის, რომ რუსეთი არ ზრუნავს რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც ახლა აქ, აეროპორტში, სხედან და არ შეუძლიათ საქართველოდან გამგზავრება. გამოდის, რომ რუსეთს მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახები აინტერესებს.”

ამ და სხვა მგზავრებს საქართველოს ავიაკომპანიები აიმედებენ, რომ რუსეთთან საავიაციო მიმოსვლის საერთოდ აკრძალვის რეალური მიზეზები არ არსებობს და რომ რეისები დროებით გადაიდო. ქართულ მხარეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის იმედი აქვს. ამ ორგანიზაციის შეხვედრაზე, რომელიც 3 ოქტომბერს დაიწყო პარიზში, ქართული მხარე რუსეთის მხრიდან ავიაბლოკადის საკითხს დააყენებს.

[მერაბ ასლამაძის ხმა] ”ორივე ქვეყანა იკაოს წევრია. პრინციპში ასეთი შემთხვევები არც ისე ხშირია. მექანიზმი შეიძლება არსებობდეს, როდესაც არსებობს სერიოზული არგუმენტი, მაგრამ ამ შემთხვევაში ასეთი არგუმენტი არ არსებობს...”(სტილი დაცულია)

განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში საქართველოს საჰაერო ნავიგაციის სამსახურის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მერაბ ასლამაძემ. მანვე დასძინა, რომ, თუ რუსეთი უმიზეზო გადაწყვეტილებას არ შეცვლის, საქართველოს ავიაკომპანიები ალტერნატიულ გზებს მოძებნიან და რუსეთში გამგზავრების მსურველებს ტრანზიტულ მარშრუტებს შესთავაზებენ, სომხეთის აზერბაიჯანის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების გავლით.
XS
SM
MD
LG