Accessibility links

logo-print

ბენიტა ფერერო ვალდნერი: “კონფლიქტი მხოლოდ თავშეკავებით შეიძლება მოგვარდეს”


ევროკავშირის “ტროიკის” მოკლეხნიანი ვიზიტი საქართველოში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების უკიდურეს გამწვავებას დაემთხვა. 2 ოქტომბერს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე

კარელ დე ჰუხტი და ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული რუსი ოფიცრები ახალი გამგზავრებულები იყვნენ, რომ თბილისს ევროკავშირის მაღალი დონის დელეგაცია ეწვია. გუშინ საღამოსვე ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ფინეთის, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის ტექსტის შეთანხმებასთან დაკავშირებით.

ბუნებრივი იქნებოდა გვეთქვა, რომ ევროპელმა სტუმრებმა გვერდი ვერ აუარეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე საუბარს. დიახ, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერკი ტუომიოიამ და ევროკომისარმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა ამ თემაზე ისაუბრეს, თუმცა, შეძლეს გვერდი აევლოთ შექმნილი ვითარების კონკრეტული შეფასებებისთვის. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა:

[ტუომიოიას ხმა]
“ევროკავშირს სურს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან, ასევე გვსურს კარგი ურთიერთობა რუსეთთან და, რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ საქართველოსა და რუსეთს ჰქონდეთ კარგი ურთიერთობა. რასაკვირველია, ჩვენ შეგვაშფოთა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუარესებამ. მოვუწოდეთ ორივე მხარეს თავი შეიკავონ ისეთი ცალმხრივი მოქმედებისგან, რომელიც ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავდა. მზად ვართ ნებისმიერი შესაძლო გზით ხელი შევუწყოთ მხარეებს საკითხების გადაჭრასა და დაძაბულობის შემცირებაში.”

2 ოქტომბრის ოფიციალურ ცერემონიაზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მსგავსი დიპლომატიური განცხადება გააკეთა ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმაც. ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან სატელეფონო საუბრისას კი, როცა მას პირდაპირ ჰკითხეს, ვინ არის დამნაშავე შექმნილ კრიზისში, ფერერო-ვალდნერმა განაცხადა:

[ფერერო-ვალდნერის ხმა]
“ეს არ არის შეკითხვა, რომელზე პასუხის გაცემასაც მე შევძლებდი. ორივე მხარის გასაგონად ვიტყვი, რომ ჩვენს საერთო სამეზობლოში სტაბილურობა უნდა იყოს, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლოა. კონფლიქტი უნდა მოგვარდეს დიალოგით და განსაკუთრებით კი – თავშეკავებით.”

ჩვენს რადიოსთან საუბრისას ფერერო-ვალდნერმა თავი აარიდა პასუხს შეკითხვაზე, იყო თუ არა თავშეკავების ნაკლებობა საქართველოს მიერ რუსი ოფიცრების დაკავების მიზეზი?

[ფერერო-ვალდნერის ხმა]
“იცით, მე არ ვფლობ სრულ ინფორმაციას. მნიშვნელოვანი ახლა ის არის, რომ საქართველო ახლა ცდილობს საკითხის მოგვარებას და მოხარული ვარ, რომ საქმეში ჩაერთო ეუთო. ჩვენი კოლეგა კარელ დე ჰუხტი ჩვენს ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე იყო აქ ოთხი ადამიანის, ოთხი რუსის წასაყვანად”.

ახლა ისევ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკას მივუბრუნდები: საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმა ოფიციალურად ძალაში შევა მიმდინარე წლის ნოემბრიდან, როცა შეთანხმებული დოკუმენტი ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს სხდომაზე ოფიციალურად დამტკიცდება. რაც შეეხება მის რეალურად ამუშავებას, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება მისი ფინანსური მხარე. ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა დირექტორატის მაღალჩინოსანმა, რომელიც მედიასთან ურთიერთობას განაგებს, დევიდ ლიპმანმა, ასეთი პასუხი გამცა:

[ლიპმანის ხმა]
“სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პარალელურად, 2007 წლის იანვრიდან, ძალაში შედის ახალი ფინანსური პროგრამა, რომელსაც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტი ეწოდება. ამ ინსტრუმენტის მიზანია საქართველოსთვის დახმარების გაწევა. რაც მეტ პროგრესს მიაღწევთ სამოქმედო გეგმის შესრულებაში, მეტი იქნება ფინანსური დახმარება ევროკავშირისგან იმ რეფორმების განსახორციელებლად, რომლებზეც სამოქმედო გეგმაშია საუბარი. სამოქმედო გეგმის შესრულების ხარისხზე იქნება აგრეთვე დამოკიდებული ის, თუ რამდენად მიუახლოვდება საქართველო ევროკავშირის შიდა ბაზარს. ანუ რეალურად სამეზობლო პოლიტიკა ეს არის წახალისებისა და შესაძლებლობათა შეთავაზების პოლიტიკა.”

ასეთი გახლავთ ევროკომისიის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, დევიდ ლიპმანის, განმარტება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა კი ევროკავშირის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ საქართველო სამოქმედო გეგმაში გაწერილ ვადაზე ადრე აპირებს თავისი ვალდებულებების შესრულებას:

[ბეჟუაშვილის ხმა]
“ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულების შემდეგ, რასაც საქართველო სამოქმედო გეგმის ტექსტში დაფიქსირებულ ვადაზე ადრე აპირებს, ევროკავშირთან ახალი, სამართლებრივად უფრო მაღალი დონის, სახელშეკრულებო დოკუმენტის გაფორმების საშუალება მოგვეცემა, რისი პერსპექტივა ცალსახადაა გათვალისწინებული დღეს ჩვენ შორის შეთანხმებულ დოკუმენტში.”

სამოქმედო გეგმა ჯერჯერობით საჯაროდ არ გამოქვეყნებულა. ამდენად, დაზუსტებით ძნელია იმის თქმა, რას გულისხმობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველო-ევროკავშირს შორის “ახალი, სამართლებრივად უფრო მაღალი დონის, სახელშეკრულებო დოკუმენტის გაფორმებაში” და რა ცალსახა პერსპექტივას სახავს სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის. იმავე ბენიტა ფერერო-ვალდნერმა მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა არ არის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გადადგმული ნაბიჯი.
XS
SM
MD
LG