Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას წერდა გასულ კვირას რუსეთის პრესა საქართველოზე ან რომელი თემა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რას წერდა გასულ კვირას რუსეთის პრესა საქართველოზე ან რომელი თემა აღმოჩნდა ყველაზე საინტერესო რუსი ჟურნალისტებისთვის, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს.

საქართველოში რუსი ოფიცრების დაკავებამ ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური ცხოვრების ყველა ახალი ამბავი გადაფარა. ჩვენ დღეს რუსეთის გაზეთების არაერთი პუბლიკაციიდან ის სტატიები შევარჩიეთ, რომლებიც ე.წ. ჯაშუშების სკანდალის ფარულ მხარეებს შეეხება.

29 სექტემბრის გაზეთ ”კომერსანტის” ვარაუდით, საეჭვოა, თბილისში რუსი ოფიცრების დაკავების მიზანი რუსული სადაზვერვო სამსახურების ქსელის განეიტრალება ყოფილიყო. ”ამ პოლიტიკურ თამაშში ფსონი უფრო დიდია. ფაქტია, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობა ადრეც არაერთხელ გამწვავებულა, მაგრამ მსგავსი ვნებათაღელვა, კარგა ხანია, არ ყოფილა, - წერს ”კომერსანტი” და დაასკვნის: რადგან ურთიერთობების გამწვავება ტყუილად არ ხდება, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცა ამ ვითარების სათავისოდ გამოყენებას გეგმავს. კერძოდ:

”საქართველომ არაერთხელ განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების დროში გაწელილი პროცესი მას ხელს არ აძლევს. ასეთი მდგომარეობა, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს, რაც ნიშნავს, რომ ნატოს წევრობა უახლოეს წლებში საქართველოსთვის გამორიცხული იქნება. ამიტომ თბილისმა მოვლენების დაჩქარება გადაწყვიტა: თუ რუსეთი ოფიცრების დაკავებას მკაცრი აქციებით გამოეხმაურებოდა, დასავლეთი პატარა საქართველოს ამოუდგებოდა მხარში და მის მიერ დაპირებული ნატოსთან ინტენსიური დიალოგი ალიანსში შესვლის მოსამზადებელ ეტაპად იქცეოდა. მაგრამ რუსეთმა მკაცრი პასუხისგან თავი შეიკავა. მეტიც, მან საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარების თხოვნით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა. აი, ეს გადაწყვეტილება კი, შესაძლოა, რუსეთს მძიმედ დაუჯდეს. ერთი მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციები, რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლებას თავშეკავებისა და რუსეთთან დიალოგისკენ მოუწოდებენ, რაც მოსკოვს გულს დაუამებს, მაგრამ, მეორე მხრივ, დასავლეთი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მოუგვარებელ კონფლიქტებთან დაკავშირებით და მათ სასწრაფო მოგვარებაში აქტიური მონაწილეობის მიღებას მოითხოვს. ეს კი მოსკოვს, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში მთავარი მშვიდობისმყოფელის როლს უფრთხილდება, საეჭვოა, მოეწონოს. სავარაუდოდ, სწორედ აქ უნდა ვეძებოთ ქართული მხარის მიერ მოსკოვისთვის დაგებული მახე.


”იქცევა თუ არა აგენტების სკანდალი საქართველოსთვის ახალ ეტაპად ნატოსკენ მიმავალ გზაზე? ” - კითხულობს 29 სექტემბრის გაზეთი ”მოსკოვსკიე ნოვოსტი”, რომლის აზრითაც, რუსი ოფიცრების ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი შთამბეჭდავია - ასეთი შეურაცხყოფა რუსეთისთვის კარგა ხანია, არავის მიუყენებია. აჟიოტაჟის მთავარ მიზეზად კი გაზეთი ასახელებს საქართველოს ხელისუფლების დაუფარავ სურვილს, რაც საქართველოს კონფლიქტური ზონებიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანასა და სხვა ქვეყნების სამშვიდობო ნაწილებით ჩანაცვლებას გულისხმობს. შესაბამისად, რუსეთის მტრული პოლიტიკის დემონსტრირებით თბილისი ცდილობს დასავლეთი მოვლენათა განვითარების ქართულ ვერსიაში დაარწმუნოს, - ასკვნის გაზეთი და განაგრძობს:

საეჭვოა, ეს გეგმა განხორციელდეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაეროს უშიშროების საბჭო, მოლოდინის მიუხედავად, მოვლენების ქართულ ვერსიას გაიზიარებს, მოსკოვი ასეთ რეზოლუციას ვეტოს დაადებს. ამ შემთხვევაში თბილისი მხოლოდ, ასე ვთქვათ, მორალურ გამარჯვებაზე საუბარს შეძლებს. თუმცა მორალური გამარჯვება ბევრად ნაკლები იქნება იმ მრავალრიცხოვან დანაკარგთან შედარებით, რაც აუცილებლად იჩენს თავს ორი ქვეყნის ისედაც მძიმე ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავებით.
XS
SM
MD
LG