Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”24 საათში” ქვეყნდება რუსი უფლებადამცველების მიმართვა


”24 საათში” ქვეყნდება რუსი უფლებადამცველების მიმართვა, სათაურით ”შეჩერდეს საქართველოზე შხამის ფრქვევის პოლიტიკა”. ცნობილი უფლებადამცველები:

ლიუდმილა ალექსეევა, ელენა ბონერი, ლევ პონომარიოვი, ანდრეი პიონტკოვსკი და სხვები მიიჩნევენ, რომ ამგვარი შხამის ფრქვევისა და მუქარის უფლებას თავს საბჭოთა მთავრობაც კი არ აძლევდა. უფლებადამცველები ანტიქართულ კამპანიას აფასებენ როგორც ბიძგს არა თავდაცვითი, არამედ აგრესიული ომისკენ და რუსეთის გენერალური პროკურორისგან სამართლებრივ რეაქციას მოითხოვენ. ”რუსეთის სამოქალაქო საზოგადოებას მოვუწოდებთ მორალური ბოიკოტი გამოუცხადოს იმ მოღვაწეებს, რომლებიც საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი სიძულვილს თესავენ; პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს მოვუწოდებთ ღიად გამოვიდნენ საქართველოს ბლოკადისა და ომისთვის მზადების წინააღმდეგ” - ვკითხულობთ რუსი უფლებადამცველების მიმართვაში, რომელსაც ”24 საათი” აქვეყნებს.

ამავე გაზეთში იბეჭდება პოტომაკის პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის წერილი. დევიდ სმიტი მიიჩნევს, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი მწვავე რეაქცია იმ ფარულ გეგმებზე მიუთითებს, რომლითაც ოფიციალური მოსკოვი საქართველოს სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრას და ნატოში ინტეგრაციისთვის ხელის შეშლას აპირებს.

”რუსეთი აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის” აღიარებისთვის მოკავშირეებს ეძებს” - ეს უკვე ”რეზონანსში” გამოქვეყნებული სტატიის სათაურია. სავარაუდო თანამოაზრეებთან - ბელორუსიასთან და აფრიკისა და აზიის რამდენიმე ქვეყანასთან - რუსეთი კონსულტაციების დაწყებას დაახლოებით ორ კვირაში გეგმავს. ”გარდა ამისა, რუსეთის დიპლომატიურ კორპუსს და წარმომადგენლებს საერთაშორისო ორგანიზაციებში მიეცათ დავალებები - აქტიური კონსულტაციები გასწიონ არაღიარებული რესპუბლიკების უფლებების დასაცავად” - იტყობინება გაზეთის კორესპონდენტი, რომელიც აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრსაც დაუკავშირდა. სერგეი შამბა რუსეთის მხარდაჭერას იმედით უყურებს: ”რომელიმე სახელმწიფოს დამოუკიდებლობას პირველად ერთი ქვეყანა აღიარებს, რასაც შემდგომ სხვა ქვეყნებიც უბამენ მხარს. აბა, როგორ შეიქმნა ესა თუ ის სახელმწიფო? ჯერ ერთმა აღიარა, მერე - მეორემ და მერე - მთელმა მსოფლიომ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საერთაშორისო საზოგადოება გვაღიარებს. არ არსებობს ისეთი შემთხვევა, რომ სახელმწიფო 10 წელი არსებობდეს და მას არ აღიარებდნენ. ასე რომ, რუსეთი იქნება პირველი ან ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს” - ამბობს ”რეზონანსთან” საუბრისას სერგეი შამბა. იმავე გაზეთში ქართველი ექსპერტები რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის აღიარებას გამორიცხავენ. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ასეთი ნაბიჯი მაინც გადაიდგა, მათი თქმით, საერთაშორისო სამართალი მას არალეგიტიმურად მიიჩნევს.

”ახალი ვერსია” რუსეთის მიერ უკვე დაწესებულ და მოსალოდნელ სადამსჯელო სანქციებზე მსჯელობს. ამ მხრივ, ყველაზე მტკივნეულ პრობლემებს შორის კორესპონდენტი შესაძლო ენერგობლოკადას გამოყოფს. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ”ენერგობლოკადის მოწყობის შესახებ გადაწყვეტილება იმ პერიოდში მიიღოს, როდესაც საქართველოს ენერგოსისტემა დეფიციტური იქნება, რადგანაც საკუთარი ძალის დემონსტრირებას ასეთ პირობებში უკეთ შეძლებს.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG