Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხავიერ სოლანა: კოსოვო შესაძლოა საქართველოს სეპარატისტული რეგიონებისთვის პრეცედენტად იქცეს


ევროკავშირის საგარეო საქმეთა კოორდინატორი, ხავიერ სოლანა, აღიარებს,

რომ კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის წარმოებული კამპანია შესაძლოა საქართველოს სეპარატისტული რეგიონებისთვის პრეცედენტად იქცეს. ამასთან, იგი აღნიშნავს, რომ ევროკავშირს არ შეუძლია მშვიდობისდამცველთა შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თხოვნის შესრულება. თუმცა, სოლანას თქმით, ბრიუსელი აქტიურად მუშაობს მოსკოვსა და თბილისს შორის ნდობის დამყარებაზე.

ხავიერ სოლანამ ოთხშაბათს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უთხრა, რომ ახლახან, მასთან სატელეფონო საუბარში, მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ ძალიან შეშფოთებულია იმ გავლენის გამო, რომელიც კოსოვოში გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებამ შეიძლება საქართველოზე მოახდინოს. სერბიის პროვინცია, რომლის 2 მილიონი მოსახლის უმეტესობას ეთნიკური ალბანელები შეადგენენ, დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის იბრძვის. ბელგრადი ამის წინააღმდეგია, თუმცა სავარაუდოდ, საერთაშორისო მოლაპარაკება, რომელიც ამ წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს, კოსოვოს დამოუკიდებლობით დასრულდება. ამგვარი მოლოდინი როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ევროკავშირში არსებობს.

სოლანას თქმით, ისიც თვლის, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის სტატუსმა შესაძლოა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა კოორდინატორი აღიარებს, რომ კოსოვომ შეიძლება ”პრეცედენტს” დაუდოს საფუძველი:

[სოლანას ხმა]: ”ჩიხში მოვექეცით. პრეზიდენტი სააკაშვილიც ჩიხშია მოქცეული, ყველანი ვიმყოფებით ამ ორმაგი მექანიზმის ტყვეობაში, რასაც შეიძლება კარგი შედეგი ჰქონდეს ერთისთვის, მეორისთვის კი არა. შესაძლოა ეს არ იყოს ყველასთვის მომგებიანი ვითარება. თუმცა უნდა ვეძებოთ და გამოვნახოთ ისეთი გზა, რომელიც ყველასთვის მომგებიანია. მაგრამ ეს იოლი არ იქნება."

ამასთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა კოორდინატორი აცხადებს, რომ ევროკავშირი კვლავაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს.

სოლანას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მასთან საუბრისას იმ ფორმატზეც გამოთქვა უკმაყოფილება, რომლითაც ამ ეტაპზე ცხინვალის რეგიონთან მოლაპარაკება წარმოებს - სადაც საქართველო, სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთის და ჩრდილოეთი ოსეთის პირისპირ არის. სოლანას თანახმად, სააკაშვილი ამას იმ ფორმატს ამჯობინებს, რომელიც მოლდავეთსა და დნესტრისპირეთს შორის გამართულ მოლაპარაკებაში გამოიყენება. იქ შეერთებული შტატები და ევროკავშირი დამკვირვებლებად გამოდიან, უკრაინა კი მოლაპარაკების ერთ-ერთი მონაწილეა.

მაგრამ, სოლანამ განაცხადა, რომ ”ამ ეტაპზე ამის მიღწევა რთულია” - და დაამატა, რომ მოლაპარაკების ფორმატი არც მოლდავეთში მუშაობს ძალიან ეფექტიანად.

ხავიერ სოლანას ევროპის პარლამენტის ესტონელმა დეპუტატმა,
ტოომას ჰენდრიკ ილვესმა, საქართველოში ევროკავშირის სამშვიდობო ჯარის გაგზავნის თაობაზე დაუსვა შეკითხვა.
სოლანამ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მას ამ საკითხზეც მიმართა თხოვნით - თუმცა ამ თხოვნაზე სოლანას პასუხი უარყოფითია. მისი თქმით, ეს დღეს ევროკავშირისთვის ”ძალიან რთული გადაწყვეტილება” იქნებოდა, და ამდენად, ამ ეტაპზე, ევროკავშირი ამ თხოვნას ვერ დააკმაყოფილებს.

რუსეთის გაღიზიანების შიშით, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, და ევროკავშირის რამდენიმე სხვა წევრი ქვეყანა, დიდი ხანია ეწინააღმდეგებიან საქართველოს საზღვრებზე ევროკავშირის დამკვირვებელთა გაგზავნის იდეას. სოლანა აღნიშნავს, რომ საქართველოს პრობლემების გადასაჭრელად ევროკავშირის სამშვიდობო ჯარის გაგზავნა შესაძლოა ”საუკეთესო გამოსავალი” არც იყოს:

[სოლანას ხმა]: "ახლა უნდა ვეცადოთ, საქართველოს უსაფრთხოებისთვის საუკეთესო გამოსავალი გამოვნახოთ. შეიძლება ეს არ იყოს სამშვიდობო ძალები, შეიძლება ეს რაღაც სხვა რამ იყოს. მაგრამ, მე ვფიქრობ, იქ ევროპელ მშვიდობისდამცველთა გაგზავნა ისეთი რამაა, რასაც მე დღეს არ გავაკეთებდი. რასაც თქვენ გეუბნებით, სააკაშვილსაც ეს ვუთხარი."

ევროკავშირის საგარეო საქმეთა კოორდინატორს არ დაუკონკრეტებია, რა ალტერნატიული ნაბიჯების გადადგმას თვლის დასაშვებად საქართველოსთან მიმართებით. თუმცა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოსა და რუსეთს შორის კრიზისის დაძლევის, და ნდობის აღდგენის მიზნით, მოსკოვთანაც და თბილისთანაც გააგრძელებს მოლაპარაკებას.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG