Accessibility links

logo-print

რა გავლენას მოახდენს არჩევნების საბოლოო შედეგზე კენჭისყრის პროცესში აღმოჩენილი დარღვევები


ადგილობრივი ორგანოების არჩევნების პროცესს 8 სამეთვალყურეო ორგანიზაცია აკვირდება.



ზოგიერთი მათგანი დარღვევების აღრიცხვითაა დაკავებული, ზოგიც ხმების პარალელურ დათვლას აწარმოებს. მათ მიერ გაწეული სამუშაოს დეტალური ანგარიში არჩევნების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება, მანამდე კი სამეთვალყურეო ორგანიზაციები საარჩევნო დარღვევათა ცალკეულ შემთხვევებზე საუბრობენ. რა ტიპისაა ეს დარღვევები და რა გავლენის მოხდენა შეუძლიათ მათ არჩევნების საბოლოო შედეგებზე?

[დამკვირვებელთა ხმები] ”არჩევნები დაიწყო მძიმედ, იმიტომ რომ მთავარი პროცედურა, ყუთის დალუქვა, ვერ მოხერხდა ისე, როგორც საჭირო იყო.”

”...დაიგვიანა ძალიან დიდი ხნით, რასაც ჰქვია...”

ასეთი ემოციური გამოსვლები და კენჭისყრის დაწყებასთან დაკავშირებული პროცედურული დარღვევები ერთეულ საარჩევნო უბნებში შეინიშნებოდა. სამეთვალყურეო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნების” ცნობით, ადგილი ჰქონდა რამდენიმე უბნის დაგვიანებით გახსნას, რამდენიმე უბანში არ დაუშვეს დამკვირვებლები მიუხედავად იმისა, რომ მათ ხელთ ჰქონდათ აკრედიტაციის მოწმობები. იყო შემთხვევები, როდესაც ჯერ დაიწყო ხმის მიცემის პროცედურა და საარჩევნო ყუთში შემდეგ ჩააგდეს საკონტროლო ფურცელი და ასე შემდეგ. ”სამართლიანი არჩევნების” ექსპერტის კახა სოფრომაძის კომენტარი:

[კახა სოფრომაძის ხმა] ”ჩვეულებრივად მიმდინარეობს არჩევნები, თუმცაღა არის ტექნიკური შეცდომები, არის პროცედურული დარღვევები. თუკი კანდიდატებს შორის პროცენტული სხვაობა არის დაბალი, ამ ფაქტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს შედეგებზე. ძირითადად, საარჩევნო ადმინისტრაციის ბრალია ეს ყველაფერი.”

საარჩევნო წესების დარღვევები აღმოაჩინეს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” დამკვირვებლებმაც: საკონტროლო ფურცლის გარეშე საარჩევნო ურნების დალუქვა, საარჩევნო უბნებში დაულუქავი ბიულეტენების მიტანა და სხვა პროცედურული დარღვევები. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ლიდერის ანა დოლიძის კომენტარი:

[ანა დოლიძის ხმა] ”ეს არის სერიოზული დარღვევა იმდენად, რამდენადაც გამოიწვევს ამ უბანზე არჩევნების შედეგების ბათილობას. ამას ადგილი ჰქონდა რამდენიმე უბანზე. სერიოზული დარღვევაა და საკმაოდ მასობრივი, როდესაც პოლიციელები იმყოფებიან უბანზე.”

კიდევ ერთი სამეთვალყურეო ორგანიზაციის, ”ახალი თაობა - ახალი ალტერნატივის”, დამკვირვებლებმა საარჩევნო პროცედურის მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინეს მარნეულის რაიონში. ამ ორგანიზაციის ლიდერის კოკი იონათამაშვილის განცხადებით, ზოგიერთი უბნისთვის ძალიან პრობლემატურია კენჭისყრის პროცედურების განხორციელება:

[კოკი იონათამიშვილის ხმა] ”არ ჩატარებულა წილისყრა კომისიის წევრებს შორის - ეს არის 55-ე უბანი. 56-შიც ასევე მძიმე ვითარებაა: არ კეთდება მარკირება, ქსეროქსის აპარატის მოხმარება არ იციან, არ არის გამოკრული სადემონსტრაციო ოქმი და, რაც ყველაზე სავალალოა, ერთი ამომრჩეველი რამდენიმე ადამიანის მაგივრად აძლევს ხმას...”

მისი თქმით, ასეთი დარღვევების გამო ამ კონკრეტულ რაიონში შეიძლება დადგეს არჩევნების ჩაშლილად გამოცხადების საკითხი, თუმცა, ზოგადად, არჩევნების შედეგებზე ის დიდ გავლენას ვერ მოახდენს.

სამეთვალყურეო ორგანიზაციების მიერ აღმოჩენილი დარღვევების ნაწილი ადგილზევე აღმოიფხვრა, ნაწილის შესახებ კიდევ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეცნობა. სწორედ მან უნდა მიიღოს ამა თუ იმ უბანში არჩევნების ბათილად ცნობის გადაწყვეტილება.
XS
SM
MD
LG