Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს, საკრებულოებს, ირჩევენ


2006 წლის 5 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს, საკრებულოებს, ირჩევენ.



ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კანონით განსაზღვრულ დროს, დილით 8 საათზე, გაიხსნა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ტერიტორია 76 საარჩევნო ოლქად და 3 ათას უბნადაა დაყოფილი. დედაქალაქში მცხოვრები ამომრჩევლები საკრებულოს 25 წევრს მაჟორიტარული, ხოლო დანარჩენ 12 წევრს პროპორციული სისტემით ირჩევენ. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუკი კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო შესაბამის ოლქში მცხოვრები ამომრჩევლების ერთმა მესამედმა. სულ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემა საქართველოს 3 მილიონ 200 ათას მოქალაქეს შეუძლია.

ბატონი ბეგლარი და მისი მეზობლები ძველ თბილისში, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე, ცხოვრობენ. პენსიონერებმა არ დაიზარეს და მოქალაქეობრივი ვალი დილაადრიან მოიხადეს, როცა მათ ქუჩაზე გახსნილ საარჩევნო უბანში მივიდნენ და საკრებულოს წევრობის სასურველ კანდიდატს მისცეს ხმა. ვალმოხდილი მოხუცები კენჭისყრის შემდეგ ნარდის თამაშით ირთობდნენ თავს.

[ბატონ ბეგლარის ხმა] „მეხუთე, მეხუთე... უგულავას მივეცით ხმა. უგულავათი კმაყოფილები ვართ, რატომ არა...“

[მამაკაცის ხმა] „ჯანმრთელები ვიყოთ და ყველაფერი კარგად იქნება. ნელ-ნელა ყველაფერი გამოსწორდება.“

ბატონ ბეგლარისა და მისი მეზობლების მსგავსად, საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტმაც, რომელიც მთაწმინდის რაიონის 21-ე საარჩევნო უბანში ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა. მიხეილ სააკაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ მხარი დაუჭირა საქართველოს აღმშენებლობისა და გამთლიანების პროცესს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ამ დღეებში მიდის ძალიან დიდი ლანძღვაც და კრიტიკაც, მაგრამ ისინი ვეღარ აჩერებენ საქართველოს წინსვლას თავისუფლებისკენ. უკეთესი მომავლისკენ. ჩვენი დისციპლინით, ჩვენი ორგანიზებულობით უნდა გავცეთ პასუხი ამ ძალებს და დავანახვოთ დანარჩენ მსოფლიოს, რომელიც მხარს გვიჭერს, რომ ჩვენ ვართ ორგანიზებული, დისციპლინირებული, ცივილიზებული ერი და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ამას ჩვენ გავაკეთებთ.“

მიხეილ სააკაშვილმა კმაყოფილება ვერ დამალა ამომრჩეველთა აქტიურობის გამო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივნის გიზო მჭედლიძის თქმით, 14 საათისთვის კენჭისყრაში მონაწილეობა დედაქალაქში მცხოვრებ ამომრჩეველთა 20-მა პროცენტმა მიიღო:

[გიზო მჭედლიძის ხმა] „ჩემდა გასაოცრად (ეს განსაკუთრებით თბილისს ეხება), არის განსაკუთრებით მაღალი აქტიურობა, ვიდრე ეს წინა ადგილობრივ არჩევნებზე ყოფილა. რაიონებში ამომრჩევლები ყოველთვის აქტიურობდნენ, მაგრამ წელს ისინიც განსაკუთრებულად აქტიურობენ.“ (სტილი დაცულია)

გიზო მჭედლიძის თქმით, არჩევნების მსვლელობისას სერიოზული დარღვევები იშვიათი გამონაკლისის სახით დაფიქსირდა, თუმცა ცესკოს მდივნის ამ განცხადებას არ ეთანხმება პარლამენტის წევრი ზვიად ძიძიგური:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] „ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები, თანამდებობის პირები, დგებიან საარჩევნო უბნების წინ და აკეთებენ ერთგვარ კორიდორს, სადაც ხდება ამომრჩევლის დამუშავება-დაშინება. ახსენებენ, რომ დაურიგეს ვაუჩერები, სამედიცინო პოლისები და ასე შემდეგ. ამომრჩეველი ამგვარი ურთიერთობის შემდეგ ექცევა ზეწოლის ქვეშ.“

ოპოზიციური პარტიების გარდა, არჩევნებს ადგილობრივი და საერთაშორისო მეთვალყურეებიც აკვირდებიან. მათ მიერ აღმოჩენილი დარღვევების საფუძველზე შედგენილი ოქმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში იყრის თავს. თუმცა, ბატონი ბეგლარი და ზუბალაშვილების ქუჩაზე მცხოვრები სხვა მოქალაქეები დარწმუნებულნი არიან, რომ მათი ხმები არ დაიკარგება. დღის პირველ ნახევარში საარჩევნო უბნები უკევე მოვლილი ჰქონდათ იმ თბილისელებს, რომლებსაც მე რუსთაველის გამზირზე გამოველაპარაკე.

[ქალბატონის ხმა] „გეტყვით, რატომ არ გეტყვით! მე არ ვმალავ, რომ ნაციონალებს ვუჭერ მხარს. დაინტერესებული ვარ გიგი უგულავას გამარჯვებით.“

[მამაკაცის ხმა] „დავითაშვილს მივეცი ხმა. რა არის, იცით? ხელისუფლება ფასადის გაკეთილშობილებით არის დაკავებული და სიღრმისეულად არაფერს აკეთებს. ისე, დავითაშვილს კი არა, მისი ბლოკის წევრს, ლადო ვარდოსანიძეს, უფრო ვემხრობი“.

[მამაკაცის ხმა] „ვერ გაგიმხელთ, თუ ვის მივეცი ხმა. ისე, იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება.“

თუმცა ვისი რჩეული გაიმარჯვებს არჩევნებში, მხოლოდ კენჭისყრის შემდეგ გამოჩნდება. საარჩევნო უბნები 20 საათისთვის დაიხურება, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ შედეგებს ღამის 12 საათზე გამოაცხადებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG