Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირი საქართველოს აკრიტიკებს


ევროპის კავშირის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთი კავკასიის საკითხებში, პიტერ სემნებიმ, საქართველოს მოუწოდა,

რომ "უფრო მეტი უნდა იფიქროს იმაზე", თუ როგორ მიაწვდინოს ხმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. დღეს ბრიუსელში ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში გამოსვლისას სემნებიმ გააკრიტიკა საქართველოს სტრატეგია. ამის შესახებ ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტი, აჰტო ლობიაკასი იტყობინება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს საქართველოს ბლოკადა, ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთი კავკასიის საკითხებში, პიტერ სემნებიმ თქვა, რომ ამჟამინდელი კრიზისი კულმინაციაა ესკალაციის ხანგძლივი პროცესისა.
მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გართულების ძირები აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის გაყინულ კონფლიქტებშია საძიებელი.
დღეს სემნებიმ ბრიუსელში გამოსვლისას თქვა, რომ მაშინ, როცა ევროკავშირი საქართაველოს გამუდმებით აფრთხილებს, რომ კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეიძლება მოგვარდეს, თბილისი ნაკლებად აქცევს ამას ყურადღებას, როცა საქმე წინსვლისთვის საჭირო პირობების შექმნას ეხება.
[სემნების ხმა] "გარდა ამისა, იმისათვის, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის პირობები შეიქმნას, საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, რომელიც ზოგჯერ საკმაოდ მწვავე იყო, უნდა დაცხრეს. ის უნდა შეცვალოს ნდობის აღდგენისკენ მიმართულმა სხვადასხვა სახის ზომამ, რათა პირობები შეიქმნას ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს შორის ნამდვილი დიალოგი გახდეს შესაძლებელი."
ამგვარი რიტორიკის საილუსტრაციოდ სემნებიმ თქვა, რომ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების კოორდინატორის, ხავიერ სოლანას ძლიერი საერთაშორისო ზეწოლა გახდა საჭირო საიმისოდ, რომ შერბილებულიყო სექტემბერში ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის ტექსტი. სოლანა რომ არა, სააკაშვილს გადაწყვეტილი ჰქონდა საჯაროდ წარმოედგინა ვადები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის ჯარების გასვლისთვის.
დღევანდელ გამოსვლაში სემნებიმ "ლეგიტიმური" უწოდა საქართველოს მცდელობას, რუსეთის სამშვიდობო ძალები შეიცვალოს საერთაშორისო კონტინგენტით და მის სურვილს, შეიცვალოს სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატი.
მაგრამ, სემნების თანახმად, საქართველოს პოზიცია სერიოზულ სისუსტეებს შეიცავს. მისი თქმით, ის იმგვარად იქნა წარმოდგენილი, რომ პროვოკაციულია რუსეთის მიმართ, რაც სრულიად არ არის აუცილებელი. ქართული გეგმები ამავე დროს არ ითვალისწინებს ნდობის აღდგენას, ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებას, მათში არ არის მკაფიოდ საუბარი იმაზე, თუ რას უპირებს თბილისი "უშიშროების იმ ვაკუუმს", რომელიც გაჩნდება სამშვიდობო ძალების უცებ გასვლის შემთხვევაში.
სემნებიმ გამოსვლაში შენიშნა, რომ საქართველოს სამშვიდობო გეგმა, რომელიც გასულ წელს გამოქვეყნდა, ჩიხში მოექცა. ამის მიზეზად სემნებიმ დაასახელა შედარებით ზომიერი შუამავლის ჩამოშორება სამშვიდობო პროცესისგან. იგულისხმება გიორგი ხაინდრავა.
ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სხვა შესაძლო საფრთხეებზეც ისაუბრა. მისი თქმით, კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში, სხვა უმცირესობებიც არსებობენ და სანამ ყველა თანაბრად ვერ სარგებლობს საერთო კეთილდღეობით, ქვეყანაში მომავალი კონფლიქტების პოტენციალი არ ამოწურულა.
დღევანდელ გამოსვლაში სემნებიმ გაიმეორა ევროკავშირის პოზიცია, რომ ევროკავშირი არ აპირებს კოსოვოს პრეცედენტი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზეც გაავრცელოს. ამავე დროს მან განაცხადა, რომ ევროპის კავშირი არ აპირებს საქართველოს კოფლიქტურ რეგიონებში სამშვიდობო ჯარების გაგზავნას და არც დამკვირვებლის სტატუსით მოლაპარაკებებში მონაწილეობას მოითხოვს. მისი თქმით, ევროპის კავშირის დახმარება მომავალშიც შემოფარგლული იქნება ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ზომებზე, კონფლიქტის რეგიონების რეაბილიტაციაზე და ლტოლივლებისა და ადგილნაცვალი პირების დაბრუნებაზე.
იმ ფაქტს, რომ თავის გამოსვლაში სემნებიმ შედარებით ზომიერად გააკრიტიკა რუსეთი, მიმომხილველები იმით ხსნიან, რომ მისი უშუალო უფლებამოსილება სამხრეთი კავკასიით შემოიფარგლება.
უნდა ითქვას, რომ თავად აუდიტორია, რომლის წინაშეც გამოვიდა სემნები, არ ყოფილა ასე თავშეკავებული. ევროპის სახალხო პარტის მემარჯვენე ფრაქციის წარმომადგენელმა ჩარლზ ტანოკმა მწვავედ გააკრიტიკა რუსეთი აფხაზებისა და ოსებისთვის რუსეთის პასპორტების გაცემისთვის.
მისი თქმით, შეიძლება პარადოქსული ვითარება შეიქმნას, როცა რუსული პასპორტების წყალობით ევროპის კავშირში მოგზაურობა ქართველებზე უფრო იოლად შეეძლებათ აფხაზებსა და ოსებს.
[ტანოკის ხმა] "ჩემის აზრით, წინსვლას შეუწყობს ხელს, თუკი მივიჩნევთ, რომ ამ პასპორტებს არა აქვს იგივე ძალა, რაც რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებთა რუსულ პასპორტებს. როგორმე უნდა შევუშალოთ ხელი რუსეთის ამ მოქალაქეებს - ან ამ ეგრეთწოდებულ რუსეთის მოქალაქეებს გაყინული კონფლიქტების რეგიონებიდან -, იმ პრივილეგიებით სარგებლობაში, რომლებიც მათთვის კი არ იყო გათვალისწინებული, არამედ რუსებისთვის, რომლებიც მართლა ცხოვრობენ საკუთრივ რუსეთში."
რუსეთის მისამართით მწვავე კრიტიკა გაისმა ლიტვის ექსპრეზიდენტ ვიტაუტას ლანდსბერგისის მხრიდანაც. მისი თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენების მუქარა "სიგიჟეს უახლოვდება."
XS
SM
MD
LG