Accessibility links

logo-print

როგორ ეხმაურება თბილისი საქართველოს სეპარატისტული რეგიონებისთვის კოსოვოს შესაძლო პრეცედენტად გადაქცევის თაობაზე ხავიერ სოლანას განცხადებას


ევროკავშირის საგარეო საქმეთა კოორდინატორი ხავიერ სოლანა აღიარებს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის წარმოებული კამპანია, შესაძლოა, საქართველოს სეპარატისტული რეგიონებისთვის პრეცედენტად იქცეს.


თქვენთვის უკვე ცნობილია შეხედულებები, რომელიც მან გამოთქვა ოთხშაბათს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან შეხვედრაზე. ამჯერად მინდა კვლავ სოლანას ამ გამოსვლისა და მასზე თბილისის რეაქციის შესახებ გესაუბროთ.

ხავიერ სოლანამ ოთხშაბათს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უთხრა, რომ ცოტა ხნის წინ, მასთან სატელეფონო საუბარში, მიხეილ სააკაშვილმა შეშფოთება გამოხატა იმ გავლენის გამო, რომელიც კოსოვოში გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებამ შეიძლება საქართველოზე მოახდინოს. სოლანამ აღნიშნა, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის სტატუსმა, შესაძლოა, მართლაც უარყოფითი გავლენა იქონიოს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, რომ კოსოვომ შეიძლება პრეცედენტს დაუდოს სათავე:

[ხავიერ სოლანას ხმა] ”ჩიხში მოვექეცით. პრეზიდენტი სააკაშვილიც ჩიხშია მოქცეული. ყველანი ვიმყოფებით ტყვეობაში ამ ორმაგი მექანიზმისა, რომელსაც შეიძლება კარგი შედეგი ჰქონდეს ერთისთვის, მეორისთვის კი არა. შესაძლოა, ეს არ იყოს ყველასთვის მომგებიანი ვითარება. თუმცა უნდა ვეძებოთ და გამოვნახოთ გზა, რომელიც მომგებიანია ყველასთვის. მაგრამ ეს იოლი არ იქნება. ”

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორმა ნათქვამს დასძინა, რომ ევროკავშირი კვლავაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უჭერს მხარს. მაგრამ ის, რაც კოსოვოს დამოუკიდებელი სტატუსის შესაძლო გავლენებზე მისი მხრიდან ითქვა, იყო ამ თემაზე პირველი ხმამაღალი განცხადება. აქამდე მსგავს, მაგრამ თავისთავად გაცილებით მკვეთრ, ხმამაღალ მინიშნებებს მხოლოდ რუსი პოლიტიკოსები და, მათთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აკეთებდა. ხავიერ სოლანას განცხადებამ თბილისი აშკარად შეაშფოთა. საგულისხმოა, რომ განცხადება გაკეთდა მაშინ, როცა რუსეთის არაადეკვატურმა, აგრესიულმა პოლიტიკამ საქართველოს მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერის მკვეთრი ზრდის რეალური მოლოდინი გააჩინა. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე კოსოვოს სტატუსის შესაძლო უარყოფით გავლენაზე საუბარს უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, არაკორექტული უწოდა, სხვათა შორის, იმ მიზეზით, რომ კოსოვოს პრობლემა განსხვავდება იმავე აფხაზეთის პროლემისგან, რის შესახებაც არა ერთხელ თვით ევროკავშირის წარმომადგენლებსაც განუცხადებიათ:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”ჩვენ, ამავე დროს, ყოველთვის გვქონდა ასეთი პოზიცია: კოსოვოს შემთხვევაშიც კი ეს არ არის მარტივად გადასაწყვეტი, რომ სერბეთის თანხმობის გარეშე მოხდეს კოსოვოს აღიარება. ყველასთვის ცხადია, რომ თუ კოსოვოს საკითხი სერბეთის თანხმობის გარეშე გადაწყდა, ეს მისცემს ბიძგს ასეთ სპეკულაციებს. მე არ ვეთანხმები სოლანას ანალიზს, მაგრამ ის სწორედ იმაზე საუბრობს, რომ კოსოვოს საკითხის გადაწყვეტა შეიძლება გახდეს ბიძგი ასეთი სპეკულაციებისთვის და დამატებითი არგუმენტი იმათთვის, ვინც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ უჭერს მხარს.”(სტილი დაცულია)

ჩვენ ვახსენეთ განსხვავება კოსოვოს კონფლიქტსა და აფხაზეთის კონფლიქტს შორის, მასზე ამ ცოტა ხნის წინაც გვქონდა საუბარი ჩვენს ერთ-ერთ სიუჟეტში. განსხვავებას პოლიტოლოგი თემურ იაკობაშვილი აღწერდა:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] ”კოსოვო თუ იყო აგრესიის ობიექტი და კოსოვარებმა თუ შეძლეს სერბების განდევნა მას შემდეგ, რაც სერბების მხრიდან მოხდა ალბანელების ეთნიკური წმენდა, ჩვენს შემთხვევაში პირიქით მოხდა. ჩვენს შემთხვევაში, პირიქით, ეთნიკური წმენდა განახორციელეს აფხაზებმა რუსების დახმარებით და დაზარალებული მხარე არის დანარჩენი საქართველო და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა. ” (სტილი დაცულია)

მიუხედავად ამ აშკარა განსხვავებისა, ევროკავშირის შიგნით მაინც მიმდინარეობს დისკუსია კოსოვოს შესაძლო სტატუსის შესაძლო გავლენებზე. ეს დახურული დისკუსია ახლა სააშკარაოზე გამოვიდა. ხავიერ სოლანამ პირველმა მიანიშნა ღიად იმაზე, თუ რა პროცესები შეიძლება მოჰყვეს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას. გაჩნდა აზრი, ხომ არ ნიშნავს ეს მითითებას იმაზე, რომ პრეცედენტის დაშვებამდე საერთაშორისო თანამეგობრობას მეტი სიფრთხილე მართებს. ამის დაბეჯითებით თქმა ძნელია. არის მოლოდინი, რომ საერთაშორისო მოლაპარაკება, რომელიც ამ წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებით დასრულდება.

და კიდევ: ხავიერ სოლანამ ოთხშაბათს თქვა ისიც, რომ ამ ეტაპისთვის რთული მისაღწევია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებთან დაკავშირებით მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლა, რასაც საქართველო ითხოვს, თუმცა მანამდე ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ კარლ დე ჰუხტმა, ეუთოს სახელით, ცალსახად დაუჭირა მხარი მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლას. ეს კი აშკარად იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოსთვის ამ ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხებისადმი ევროპელთა დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია.
XS
SM
MD
LG