Accessibility links

რუსეთში საქართველოს რუსეთის ნომერ პირველ მტრად აცხადებენ - რას ფიქრობენ მოსკოვში, საქართველოს სათვისტომოში, ამ გამძაფრებული ანტიქართული ისტერიის თაობაზე


საქართველო რუსეთის ნომერი პირველი მტერია - ასე ფიქრობს რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა, ფონდ ”საზოგადოებრივი აზრის” მიერ რუსეთში ჩატარებული

გამოკითხვის მიხედვით. გამოკითხვის ასეთი შედეგი სინამდვილესთან რომ ახლოსაა, ამას დამატებითი გამოკვლევა არ სჭირდება. რუსეთის ტელეარხებიდან რუსი პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები და, მათთან ერთად, ჟურნალისტები რუსეთის მოსახლეობას ამ დღეებში ერთსა და იმავეს ეუბნებიან: ნომერი პირველი მტერი საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატების წაქეზებით, რუსეთს ომით ემუქრება.
რამდენად აბსურდულიც უნდა იყოს ეს აზრი, რუსეთში ამას იჯერებენ. ანტიქართულ ისტერიას იქ არასოდეს მიუღწევია დღევანდელი მასშტაბებისათვის.

6 ოქტომბერს მე მოსკოვში ტელეფონით დავუკავშირდი ქართული სათვისტომოს ვიცე-პრეზიდენტს დავით ბერიტაშვილს და ვკითხე, ბოლო პერიოდში რამდენად შეიცვალა რუსების დამოკიდებულება მის მიმართაც:

[დავით ბერიტაშვილის ხმა] ”მე მგონი, ყველას მიმართ შეიცვალა - საბუთიანების მიმართაც და უსაბუთოების მიმართაც. როცა წლების მანძილზე უნერგავენ მოსახლეობას, რომ ქართველი მტერია, მართლა რენდგენის აპარატი ხომ არა აქვს ხალხს, რომ სიღრმეებში ჩაიხედოს და მიხვდეს, რომ ატყუებენ.”

კაზინოების შემდეგ მოსკოვში ქართველების რამდენიმე მსხვილი რესტორნის მუშაობაც შეაჩერეს, ფინანსური ანგარიშგების, საგადასახადო დოკუმენტაციისა და სანიტარული მდგომარეობის შესწავლის მომიზეზებით. რუსეთის საემიგრაციო კონტროლის სამსახური კი რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მკაცრი შემოწმებით არის დაკავებული. გავრცელდა ისეთი ცნობაც, რომ მოსკოვში სპეციალურმა სამსახურებმა სკოლებიდან ქართული გვარის ბავშვების სია მოითხოვეს, მათი მშობლების მოძიების მიზნით. დავით ბერიტაშვილის ინფორმაციით, მოსკოვის განათლების დეპარტამენტი შეეწინააღმდეგა ამ საშინელ აქციას . ”მგონი, უკან მოუხდათ დახევა იმათ, ვინც სკოლებიდან ქართველი ბავშვების სია მოითხოვაო,” -ამბობს ის.

რუსეთში ქართველებს აპატიმრებენ და მათგან იმათ, ვისაც დოკუმენტაცია წესრიგში არა აქვს, ქვეყნიდან აძევებენ. 6 ოქტომბერს რუსეთში საქართველოს საკონსულოს თანამშრომლებმა სამშობლოსკენ გამოაცილეს მოსკოვიდან და მოსკოვის ოლქიდან დეპორტირებული 143 ქართველი.

რუსეთში აღიარებენ, რომ მათ ქვეყანაში კრიმინალსა და დანაშაულთან ბრძოლა გაჩაღდა ეთნიკური ნიშნით. ”რუსეთში საკუთარი კანონები საქართველოზე ზეწოლის საბაბით ახსენდებათ,” -აღნიშნა მოსკოვის საქალაქო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი მიტროხინმა. მოსკოვში, საქართველოს სათვისტომოში, ნაკლებ სავარაუდოდ მიაჩნიათ, ასეთი მასშტაბის ანტიქართული ისტერია და რუსეთიდან ქართველების გამოძევება იმაზე იყოს გათვლილი, რომ ჩრდილოეთში ოჯახების სარჩენად გადახვეწილი ქართველები სამშობლოში იძულებით დაბრუნების შემდეგ ხელისუფლებას მკვეთრად დაუპირისპირდებიან და რუსეთის დასაყრდენ ძალად ჩამოყალიბდებიან. “აქ იციან, რომ ასეთი მიზანი ეფექტს ახლო მომავალში ვერ მოიტანს,” აღნიშნავს დავით ბერიტაშვილი:

[დავით ბერიტაშვილის ხმა] ”მე ვფიქრობ, რომ სკანდალური ისტერიის სტრატეგიული მიზანი არის დარბევის ინსპირირება საქართველოში. მოდელი, ალბათ, ასეთია: ” ეს ათასობით გაგდებული ხალხი, რომელსაც რუსეთში ბიზნესი დაენგრა და ოჯახებში სიძნელეები აქვს, შურისძიების მიზნით საქართველოში რუსებს დაერევა. ”

მაგრამ დავით ბერიტაშვილს ძალიან ეეჭვება, რომ საქართველოში რუსებთან ანგარიშსწორება მოხდეს ეთნიკური ნიშნით. ის შენიშნავს, რომ რუსეთში საქართველოზე, იქ მიმდინარე პროცესებსა და ზოგადად ქართველზე ისეთი წარმოდგენა შეიქმნეს, როგორიც სურდათ, და დაიჯერეს, ვთქვათ, ისიც, რომ იგორ გიორგაძეს შეკედლებული ქართველი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების ოპოზიციის სახე და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესების გამომხატველია. სწორედ იმისათვის მიიწვიეს ის ახლახან რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე, რომ ამგვარად წარმოაჩინონ,” - აღნიშნავს ის და დასძენს, რომ როცა ოპოზიციურ აზრს არავითარი გასაქანი არა აქვს, მოსკოვიდან დანარჩენ რუსეთში საზოგადოებრივ აზრს ანგაჟირებული ვაიპოლიტიკოსები ქმნიან.

საუბრის დასასრულს გაცნობებთ, რომ რუსი უფლებადამცველები - კერძოდ, წარმომადგენლები ორგანიზაციისა ”ადამიანის უფლებებისათვის” - კვირას მოსკოვში აქციის გამართვას აპირებენ და ამ აქციით ფიქრობენ გააპროტესტონ ანტიქართული ისტერიის გაჩაღება.
XS
SM
MD
LG