Accessibility links

logo-print

პარასკევს გამოსულ ქართულ გაზეთებში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა 5 ოქტომბრის თვითმმართველობის


პარასკევს გამოსულ ქართულ გაზეთებში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა 5 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს. ”რეზონანსი” აქცენტს საქართველოს კონფლიქტურ

რეგიონებზე აკეთებს - ”გალი დააშინეს, არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ქართველებს აფხაზური მილიცია ენგურის ხიდზე სცემდა.” გაზეთის კორესპონდენტი სოფელ ოტობაიასა და ნაბაკევის რამდენიმე მკვიდრს დაუკავშირდა. ქეთევანი, რომლის გვარიც გასაგები მიზეზების გამო არ სახელდება, ამბობს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ გალელები რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილა: ”აფხაზმა მილიციელებმა თითქმის ყველა ოჯახი შემოიარეს. თავდაპირველად სიტყვიერი გაფრთხილება მოგვცეს და გვითხრეს, რომ თუ მათ სიტყვებს არ გავითვალისწინებდით, აფხაზური კანონმდებლობით დაგვსჯიდნენ. აგვიხსნეს, რომ ჩვენ ვართ სხვა სახელმწიფოს (აფხაზეთის) მოქალაქეები და მეზობელი სახელმწიფოს (საქართველოს) არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება არ გვაქვს... თუ კანონმდებლობას დავარღვევდით, სს პასუხისმგებლობა დაგვეკისრებოდა.”

ქეთევანის თქმით, მილიციამ ისე საფუძვლიანად იმუშავა, რომ გალელების დაშინება მართლაც შეძლო. შედეგად, ყოველი 20 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობის სურვილის გამოთქმა მხოლოდ ერთმა გაბედა. ისიც მხოლოდ ქალებმა, რადგანაც მამაკაცებს გაცილებით სერიოზული საფრთხე ელოდათ. სოფელ ოტობაიაში მცხოვრები ამომრჩეველი, სახელად ლამზირა, ენგურის ხიდზე ინციდენტის მოწმე თავად გახდა და ეს მაშინ მოხდა, როდესაც მან და მისმა უბნელმა კიდევ 11-მა ქალმა ხიდზე ერთად გადმოსვლა გადაწყვიტა. არჩევნებში მონაწილეობის მსურველ ქალებს, რომლებსაც აფხაზურმა პოლიციამ ნამდვილი დაკითხვა მოუწყო, გადაადგილების მიზეზი არ დაუსახელებიათ. თუმცა, თვითმხილველის მონათხრობის მიხედვით, მათ არ დაუჯერეს, უკან გაბრუნება მოსთხოვეს და ერთ-ერთ ქალს აფხაზი მილიციელები ხელითაც კი შეეხნენ, ხოლო მის შვილს, რომელიც დედას გამოესარჩლა, სასტიკად სცემეს.

”რეზონანსი” იტყობინება იმასაც, რომ ადგილობრივი არჩევნები ექსცესების გარეშე ჩატარდა ცხინვალის რეგიონში. ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში კენჭს მხოლოდ მმართველი პარტიის წევრები იყრიდნენ. არც ერთ ოპოზიციურ პარტიას იქ საკუთარი კანდიდატი არ წარუდგენია.

”24 საათი” არასამთავრობოთა დაკვირვებაზე წერს. თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესში დარღვევები რომ აღირიცხა, ამას ცენტრალური საარჩევნო კომისიაც ადასტურებს, თუმცა, მისი ინფორმაციით, დარღვევები იმდენად სერიოზული არ ყოფილა, რომ შედეგებზე რაიმე სახის გავლენა მოეხდინა. გაცილებით სერიოზულ დარღვევევებზე მსჯელობს მე-3 სექტორი. გაზეთში გამოქვეყნებულმა სტატიამ სწორედ მათ პრეტენზიებს მოუყარა თავი. ასე მაგალითად, დამკვირვებლებმა არასამთავრობო ორგანიზაციისა ”ახალი თაობა - ახალი ინიციატივა” ყველაზე მეტი დარღვევა მარნეულის რაიონის საარჩევნო უბნებზე აღმოაჩინეს: ”მარნეულის #3 საარჩევნო უბანზე არ ჰქონდათ სარეგისტრაციო ჟურნალი და ჩანაწერთა წიგნი; არ ჩატარებულა წილის ყრა, კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრთა შორის თავად გაანაწილა ფუნქციები, არ კეთდებოდა მარკირება და ამომრჩევლები ბიულეტენს ყუთში კონვერტის გარეშე აგდებდნენ.”

ასევე დარღვევებზე მსჯელობს ბლოკ ”დავითაშვილი-ხიდაშელი-ბერძენიშვილის” ერთ-ერთი ლიდერი ”ახალი ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში. კენჭისყრის პროცესით უკმაყოფილო თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ”ჩატარებული არჩევნები ნამდვილად გასცდა შევარდნაძისდროინდელი სტანდარტებით დემოკრატიის ხარისხს და ასლან აბაშიძის სტანდარტებს მიუახლოვდა.”

მაშინ , როცა საარჩევნო სიებში საკუთარი თავი ადამიანებმა ვერ აღმოაჩინეს, ”ახალი თაობის” ინფორმაციით, ვაკეში საარჩევნო სიაში ძაღლი ჯეკი ქართველიშვილი იყო შეყვანილი. გაზეთი ინტერესდება, მისცა თუ არა ხმა პატივცემულმა ძაღლმა რომელიმე პოლიტიკურ ძალას.
XS
SM
MD
LG