Accessibility links

logo-print

“მოსკოვი ჯობნის დასავლეთს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში გავლენის მოპოვებაში - წერს ”უოლ სტრიტ ჯორნალი”


“მოსკოვმა დიდ წარმატებებს მიაღწია და იგი სულ უფრო დაუნდობელი ხდება მაშინ, როცა დასავლეთი საკუთარი პრობლემებით არის დაკავებული”,

ასე ახასიათებენ ყოფილ საბჭოთა კავშირში შექმნილ ვითარებას მარკ ჩემპიონი და გაი ჩეიზენი “უოლ სტრიტ ჯორნალში” გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელსაც არაორაზროვანი სათაური აქვს: “მოსკოვი ჯობნის დასავლეთს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში გავლენის მოპოვებაში”. მართალია, სტატია ძირითადად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ეხება, მაგრამ ავტორთა აზრით, ამ ორ ქვეყანას შორის გართულებული ურთიერთობა მხოლოდ ცალკეული გამოვლინებაა ზოგადი ტენდენციისა, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ რუსეთი სულ უფრო ენერგიულად იწყებს თავისი დაუკმაყოფილებელი იმპერიული ამბიციების რეალიზებას.

“სულ რაღაც ორი წლის წინ საქმე ისე გამოიყურებოდა, რომ რუსეთი კარგავდა გავლენას იმ ტერიტორიებზე, რომლებიც საუკუნეების მანძილზე მისი იმპერიის ნაწილი იყო”, წერს გაზეთი და მაგალითად მოჰყავს ცენტრალურ აზიაში შეერთებული შტატების სამხედრო ბაზების არსებობა; ხელისუფლების სათავეში პროდასავლურად განწყობილი მთავრობების მოსვლა საქართველოსა და უკრაინაში.
მაგრამ მას მერე ბევრი რამ შეიცვალა. სტატიის ავტორთა აზრით, მოსკოვმა მთავარ წარმატებას მიაღწია უკრაინაში, სადაც ნარინჯისფერი რევოლუცია კრიზისმა მოიცვა. გასულ თვეში კი კიევმა განაცხადა, რომ არ ჩქარობს ნატოში გაწევრიანებას. ამის პარალელურად ცენტრალური აზიის ლიდერები მკვეთრად გადაიხარნენ რუსეთისკენ და ამერიკელ სამხედროებს ქვეყნები დაატოვებინეს. თანაც (ციტატა) “რუსეთმა კიდევ უფრო გაიმყარა პოზიციები ცენტრალური აზიის ენერგობაზარზე და ამით ენერგომატარებლებით ევროპის მომარაგება კიდევ უფრო მყარად მოიგდო ხელში”, წერენ მარკ ჩემპიონი და გაი ჩეიზენი.
ავტორთა აზრით, სწორედ რუსეთის გაზზე დამოკიდებულების გამო ვერ ბედავს ევროპა მოსკოვთან ურთიერთობების გამწვავებას და ამით კრემლი კარგად სარგებლობს. სტატიის თანახმად, ამ რეალობასთან ერთგვარად წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ხელმძღვანელობის იმედები, რომელთაც ის დასავლეთს უკავშირებს.

“ბატონ სააკაშვილს მიაჩნია, რომ გადამწყვეტ ვითარებაში დასავლეთი მხარს დაუჭერს მას, ვინაიდან, მისი თქმით, საქართველოში დასავლური ღირებულებების ბედი წყდება. მაგრამ,” შენიშნავს “უოლ სტრიტ ჯორნალი”, “დიპლომატების თქმით, როგორც შეერთებული შტატების, ისე ევროპის ოფიციალური პირები ცდილობენ, შეაკავონ ბატონი სააკაშვილი ისეთი ქმედებებისგან, რომელთაც მოსკოვის გაღიზიანება და კრიზისის გამწვავება შეუძლია.”
ვითარების ასახსნელად ავტორები იმოწმებენ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ დმიტრი როგოზინის მრავლისმეტყველ სიტყვებს, რომ რუსეთის გაზზე დამოკიდებული ევროპა არ შეუშლის კრემლს ხელს პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის აღდგენაში და რომ პუტინმა მშვენივრად უწყის, რომ ევროპელები რუსეთთან საქართველოს გულისთვის ურთიერთობას არ გაიფუჭებენ.
სტატიის ავტორების აზრით, რუსეთი საქართველოს “საჩვენებელ პროცესს” უმართავს სხვების დასანახად, რათა ყველამ იცოდეს, რას ნიშნავს რუსეთის გავლენის სფეროდან გასვლის მისწრაფება.

შემდეგ პუბლიკაციაში საუბარია იმაზე, თუ როგორ ისაუბრეს ბუშმა და პუტინმა ტელეფონით ირანის შესახებ. ამ საუბრისას პუტინმა საქართველოს თემაც წამოჭრა. კრემლმა სრულიად არაორაზროვნად გააფრთხილა შეერთებული შტატები, რომ (ციტატა) “სახიფათო და მიუღებელია მესამე მხარის ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ თავისი დესტრუქციული პოლიტიკის შეგულიანებად გაიგოს.”

სტატიაში საუბარი იმ სანქციებზე, რომელთა მეშვეობითაც რუსეთი საქართველოს დასჯას ცდილობს. მაგრამ, ავტორთა თქმით, მოსკოვმა შეიძლება ეს არ იკმაროს და ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიეროს. პუტინმა ოთხშაბათს პარლამენტის ლიდერებთან შეხვედრაზე უკვე აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის აღიარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
სტატის ავტორთა თქმით, ვითარების სერიოზულობას გამოხატავს პუტინთან შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის, დუმის ვიცე-სპიკერ სერგეი ბაბურინის სიტყვები: “თუკი ნატოს ნებისმიერ ფასად სურს საქართველო, მაშინ შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის გარეშე მიიღოს იგიო.”
“ზოგიერთი მიმომხილველი გამოთქვამს შიშს, რომ კონფრონტაცია ომშიც შეიძლება გადაიზარდოს”, წერენ მარკ ჩემპიონი და გაი ჩეიზენი. სტატიაში ნახსენებია ერთ-ერთი ასეთი მიმომხილველი, რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგენგაუერი, რომლის თანახმად, იმ ზომებს, რომელთაც ახლა რუსეთი ატარებს საქართველოს მიმართ, ომამდე მივყავართ. ფელგენგაუერის თქმით, ორივე მხარეს მკვეთრად გამოკვეთილი მიზნები აქვს: რუსეთს - საქართველოში რეჟიმის შეცვლა, საქართველოს კი - აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დაბრუნება. სტატიის ავტორები იზიარებენ ფელგენგაუერის შიშს იმის თაობაზე, რომ რუსეთმა საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანის დაჩქარებაზე დაიწყო ზრუნვა. “ჯარის იქ ყოლა კოზირი კი არა, არამედ სისუსტეა, იგი პოტენციური მძევალია. ნებისმიერი კონფლიქტის წინ იგი გაჰყავთო.”

სტატიის ბოლოს მოყვანილია მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომ იგი ამჟამად ცდილობს, თავი შეიკავოს ისეთი გამონათქვამების ან ქმედებებისგან, რომლებიც რუსეთის პროვოცირებად შეიძლება იქნეს გაგებული. “მაგრამ ამაში იგი ყოველთვის ვერ აღწევს წარმატებასო”, დაასკვნის “უოლ სტრიტ ჯორნალი”.
XS
SM
MD
LG