Accessibility links

კულტურული მიმოხილვა


თავის წინასაარჩევნო კლიპებში

მმართველმა პარტიამ ჰოლივუდში, ე.ი. ”ოცნების ფაბრიკაში”, გადაღებული ფილმების მუსიკალურ მოტივებს მიანიჭა უპირატესობა... ეს, რა თქმა უნდა, ორიგინალური მუსიკაა... ის დრო გავიდა, როცა ქართული პოლიტიკური პარტიები საარჩევნოდ მუსიკალურ შლაგერებს იყენებდნენ, უხეშად რომ ვთქვათ, ქურდობდნენ... დღეს შარის თავი არავის აქვს - ყველაფერი ისე ხდება, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში: მუსიკას უკვეთენ... კომპოზიტორს, რომლის ვინაობა (ისევე როგორც, საერთოდ, წინასაარჩევნო კლიპის რეჟისორის ვინაობა) არ სახელდება, ეუბნებიან: გვინდა რაღაც ოპტიმისტური, დასამახსოვრებელი, მაგალითად, ”ინდიანა ჯონსის” მსგავსი მუსიკა. მუსიკის გადაკეთებაზე ადვილი კი არაფერია. კაცმა რომ თქვას, არც წინასაარჩევნო კლიპის გადაღება და მონტაჟია რთული...მთავარია პარტიას, რომელმაც წინასაარჩევნო კლიპით უნდა მოაწონოს თავი ტელემაყურებელს (უფრო სწორად, ელექტორატს) თავად ჰქონდეს რამე გაკეთებული და, ე.ი., საჩვენებელი.

ნაციონალური მოძრაობა, მოგეხსენებათ, სანახაობის, ე.ი. ”საჩვენებლის”, დეფიციტს ნამდვილად არ განიცდის - უხვად აქვს ფირზე აღბეჭდილი შადრევნები, ტრაქტორები, შეღებილი სახლები (ფერი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდა ნაციონალების წინასაარჩევნო კლიპებში)... მაგრამ ხელისუფლებამ ისიც გაითვალისწინა, რომ ამომრჩევლისთვის (რომელიც ისეთი გულუბრყვილო აღარაა, როგორიც 10-15 წლის წინ იყო) არა მარტო ფერად-ფერადი და ”წყალწყალა” სახეების, არამედ ცოცხალი და წარმატებული ადამიანების ჩვენებაა მნიშვნელოვანი... ასე გაჩნდა ნაციონალების წინასაარჩევნო კამპანიაში ორი ბიზნესმენის, სერგი კაკილაშვილისა და კახა ალანიას, მინი პორტრეტები (რა თქმა უნდა, ოპტიმისტური მუსიკალური მოტივის ფონზე).

[ხმა. კახა ალანიას კლიპი - ”ჩამოვიყვანეთ ჰოლანდიური ჯიშის 36 ძროხა”]

მაგრამ ნაციონალების საარჩევნო კამპანიაში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა არა ჰოლანდიური ძროხა და ფქვილის წარმატებული ბიზნესი, არამედ ეგრეთ წოდებულ ”პარალელურ მონტაჟზე” აგებული ლამის ”სრულმეტრაჟიანი კლიპი”... როგორც ჩანს, სახელისუფლო პარტია თავადაც იმდენად მოიხიბლა ამ კლიპით, რომ საგანგებო პრეზენტაცია, ანუ ”კლიპის პრემიერაც” კი გამართა...

[ხმა. გიგა ბოკერია] ”ჩვენ ჩვენს ძვირფას ოპონენტებზე უკეთ ვერავინ დაგვახასიათებს, მათი აზრი ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მე ვთვლი, რომ ისინი სწორად აფასებენ შექმნილ ვითარებას.”

გიგა ბოკერიას ეს ტექსტი ქვეტექსტსაც მოიცავს: ოპოზიცია არ არის კონსტრუქციული, მისი წინასაარჩევნო კამპანია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკაზეა აგებული... ამიტომ ეს ხალხი, უბრალოდ, სანდო არ არის.

[ხმა - ”არ მჯერა”... ბოლოს - ზურაბიშვილი: ”მე დავინახე ფოლკლორული მოწყობები, რომელიც სტალინის დროსაც არ ტარდებოდა ამ ფორმით”]

სტალინის დროს ასეთი ფორმით ნამდვილად არ ტარდებოდა...ამ ღონისძიებაზე ეგრეთ წოდებულ ”მასოვკას” ახალი ფორმები აცვია - უფრო თანამედროვე და უფრო ჭრელი... რაც დადასტურებულია ნაციონალების წინასაარჩევნო კლიპში. პრინციპი აქ მარტივია: ”სრულმეტრაჟიანი კლიპის” ავტორი იღებს ოპოზიციონერის კონტექსტიდან ამოგლეჯილ რომელიმე ფრაზას (სასურველია ”გრამატიკული შეცდომებით”) და ”აჯახებს” მას ნაციონალების ”აღმშენებლობით სახეებს”. ”შეჯახების” ეფექტი ძლიერდება ფერით: ოპოზიცია ”შავ-თეთრია”, ნაციონალური მოძრაობის ღონისძიებები კი - ფერადი. მართალია, ჩვენი ამომრჩეველი ისეთი გულუბრყვილო აღარაა, როგორიც 10-15 წლის წინ იყო, აღქმის თეორიაში მაინც არსებობს კლასიკური სქემები, რომელთაც ცივილიზაცია ვერა და ვერ ერევა... ერთ-ერთი ასეთი სქემაა კონტრასტი - ”ფერადი” არა მარტო მომხიბლავია, არამედ ბუნებრივი და ნაღდი, შავ-თეთრი კი ქმნის დისტანციას... იმდენად ძლიერს, რომ მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არცა აქვს ვინ და რას ლაპარაკობს ამ შავ-თეთრ კადრში.

თავისი ”სრულმეტრაჟიანი კლიპით” მმართველმა პარტიამ კიდევ ერთი საქმე გააკეთა. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გარკვეული ”განწყობა” შეუქმნეს ელექტორატს, პრინციპით: რაც უფრო ხშირად გამოჩნდებიან ეს სახეები ეკრანზე, მით უფრო მალე მობეზრდება ისინი მაყურებელს. მაგრამ ოპოზიციამ ეს პრინციპი ან არ გაითვალისწინა, ან, უბრალოდ, სახსრები არ ეყო იმისთვის, რომ სასწრაფოდ გადაეღო ახალი კლიპები... ამიტომაც სახეები მაინც ვნახეთ - განსაკუთრებით ხშირად, ბლოკ ”დავითაშვილი-ხიდაშელი-ბერძენიშვილის” ლიდერთა სახეები...სხვათა შორის, ამ ბლოკმა უარი თქვა მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების კრიტიკაზე და აქცენტი უკვე ”გაკეთებულ საქმეებზე” გადაიტანა... გვიჩვენა, რომ ბლოკის ლიდერები ”ხალხში” არიან... სხვა საქმეა, რომ ხალხის რაოდენობა ბევრად უფრო მცირე იყო, ვიდრე ნაციონალების მასობრივ ღონისძიებებში. ამიტომაც კონტრასტს ამ მხრივაც მმართველი პარტიის სასარგებლოდ უნდა ეთამაშა.

[”მრეწველების” კლიპი...] ”ჯერ საქმე, მერე პიარი.”

”მრეწველებმა” ცდუნებას ვერ გაუძლეს და წინასაარჩევნო კლიპები ასევე მმართველი პარტიის კრიტიკაზე გადაიტანეს. კონტრაპუნქტის პრინციპი ”მრეწველებმაც” გამოიყენეს. ”ქვეყანაში უცხოელი სპეციალისტები მუშაობენ,” შეგვახსენებს კლიპში წამყვანი, ეკრანზე კი წიგნებით მოვაჭრეს ვხედავთ... როგორც ჩანს, ”უცხოელს”... ბოლოს კადრში ჩნდება მრეწველების ლიდერი, რომელიც საქმეზე საუბრობს... ”ჯერ საქმე, მერე პიარი” - გვარწმუნებს ”მრეწველების” სარეკლამო კლიპი, რომელიც, მოგეხსენებათ, სწორედაც რომ ”პიარის” ნაწილია.



[ხმა. ლეიბორისტების კლიპი]

ლეიბორისტებმა ტრადიციას არ უღალატეს და წინასაარჩევნო კლიპისთვის ”კომედიის ჟანრი” აირჩიეს. თავის დროზე ლეიბორისტების წინასაარჩევნო კლიპებმა, რომელშიც ქართული კინოკომედიების ფრაგმენტები იყო გამოყენებული, საკმაოდ ეფექტურად იმუშავა. მაგრამ ქართული ფილმების კადრების გამოყენება ავტორებთან შეთანხმების გარეშე დღეს უკვე სარისკო იქნებოდა... ამიტომაც გამოიყენეს რუსული-საბჭოთა შლაგერი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ”ხალხში ყოფნის” კადრებს დაედო - როგორ ცეკვავს, როგორ ჭამს საქართველოს პრეზიდენტი (მაშინ, როცა ხალხი შიმშილით იხოცება)... არჩევნების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ”პარალელური მონტაჟის” კლასიკურმა სქემამ ამჯერად არ გაამართლა... რატომ გაამართლა ნაციონალების კლიპმა და რატომ არ აღმოჩნდა ეფექტური ასეთივე პრინციპით გაკეთებული ლეიბორისტების კლიპი? ამაზე, ალბათ, აღქმის სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ... თუმცა საეჭვოა, რომ ეს მსჯელობა გაიმართოს - არჩევნები ხომ უკვე დასრულდა.
XS
SM
MD
LG