Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აკაკი ბაქრაძის რვატომეული


ბიბლიოთეკაში იშვიათად ვლაპარაკობთ ტომეულებზე. დასრულებულ გამოცემას კი სულ ერთხელ შევეხეთ - ეს იყო ”ბერძნული მითების სამყაროს” ათტომეული.

დღეს კიდევ ერთ გამოცემაზე ვისაუბრებთ, რომელიც სულ ახლახანს დასრულდა: ბოლო, მერვე ტომი რამდენიმე დღეში გამოჩნდება წიგნის ბაზარზე, სასიგნალო ეგზემპლარები კი უკვე მზადაა. რვატომეული თავს უყრის ერთი და იმავე ავტორის ტექსტებს: მოგონებებს, ლიტერატურის ისტორიას, ლიტერატურის, კინოსა და თეატრის კრიტიკას, პოლემიკას, პოლიტიკურ პუბლიცისტიკას, ბიოგრაფიულ რომანებს, ლექციებს... ეს გახლავთ აკაკი ბაქრაძის თხზულებათა კრებული, რომლის გამოცემაც ერთობლივად გაასრულეს გამომცემლობებმა ”ნეკერმა” და ”ლომისმა”.

აკაკი ბაქრაძის თხზულებათა რვატომეულის გამოცემა 3 წლის წინ დაიწყეს და, საქართველოს საგამომცემლო ტემპების პირობაზე, მალე დაასრულეს. 3 წელი მართლაც მალეა, მით უმეტეს, თუ თითოეული ტომის მოცულობას გავითვალისწინებთ: 500 გვერდზე ნაკლები არც ერთი არ არის.

აკაკი ბაქრაძის სიცოცხლეში გამოცემული უკანასკნელი წიგნი გახლდათ ”კარდუ” - გრიგოლ რობაქიძის ბელეტრიზებული ბიოგრაფია. მანამდე აკაკი ბაქრაძე 4 ათეულ წელზე მეტხანს აქვეყნებდა თავის წერილებსა თუ წიგნებს. ტომების რედაქტორს, აკაკი ბაქრაძის ვაჟს, ლაშა ბაქრაძეს ვეკითხები, მოიცვა თუ არა რვატომეულმა ყველაფერი, რაც აკაკი ბაქრაძეს დაუწერია?

[ლაშა ბაქრაძის ხმა] "რასაკვირველია, ეს რვა ტომიც არ არის სრული. ჩავთვალეთ, რომ ახალგაზრდობის დროინდელი სტატიები არ არის აუცილებელი, რომ გამოიცეს - იქნება ეს კინოსთან დაკავშირებული სტატიები, თუ 50-ანი წლების პუბლიკაციები. მამაჩემს თვითონ არ გამოუცია შემდეგში ეს სტატიები. ესაა თხზულებათა, შეიძლება ითქვას, რჩეული. კიდევ შეიძლება რაღაც-რაღაცების გამოცემა მომავალში”.

არ იფიქროთ, რომ ოჯახი ან გამომცემლები რაიმეს მალავენ: მერვე ტომს ერთვის 27-გვერდიანი ბიბლიოგრაფია; იქ ნახავთ, რას და სად აქვეყნებდა აკაკი ბაქრაძე 1952 წლიდან. სხვათა შორის, მისი ნაწერები ქვეყნდებოდა გარდაცვალების შემდეგ, 1999 წლიდან 2005 წლის ჩათვლით.

მოკლედ, მრავალფეროვანი დანატოვარია. მაგრამ ასეთ ფონზეც მაინტერესებს, თუ შევიდა რვატომეულში რაიმე, რასაც აქამდე დღის სინათლე არ უნახავს. როგორც ცნობილია, ქართველი მწერლები კონუმიზმის ხანაში პრაქტიკულად არ წერდნენ ”უჯრისთვის”, ანუ ძალიან იშვიათად ქმნიდნენ ნაწარმოებებს, რომლებიც იმთავითვე განწირული იქნებოდა ცენზურის სამსხვერპლოზე მოსახვედრად და არ დაიბეჭდებოდა. ლაპარაკია არა დისიდენტურ გამოცემებზე, არამედ სწორედ მხატვრულ და კრიტიკულ ტექსტებზე. 80-ანი წლების დასაწყისში აკაკი ბაქრაძემ დაწერა "მწერლობის მოთვინიერება", რომელსაც იმხანად არავინ გამოაქვეყნებდა და საბეჭდ მანქანაზე აკრეფილი ვრცელდებოდა მკითხველებში. ამ წიგნის ერთი თავი მეც მომისმენია ოციოდე წლის წინ, მწერალთა კავშირში, სადაც აკაკი ბაქრაძემ ის მოხსენების სახით წაიკითხა: ”უღირსებო კაცი ანუ ”ახალი ადამიანი”. საბოლოოდ წიგნი 1990 წელს გამოიცა, მაგრამ შემოკლებულ-შეკვეცილი სახით. სრული ტექსტი რვატომეულის მესამე წიგნში შევიდა. გარდა ამისა,

[ლაშა ბაქრაძის ხმა] ”მას უნდოდა, გაეკეთებინა წიგნი ”გადარჩენა”, რომელიც შევეცადეთ აღგვედგინა ამ წიგნისათვის უკვე მომზადებული ჩანაწერების მიხედვით და ისიც მესამე ტომში შევიდა. თუ ”მწერლობის მოთვინიერება” გვიყვება, როგორ ათვინიერებდა კომუნისტური ხელისუფლება ქართულ მწერლობას, ”გადარჩენაში” არის საუბარი, როგორ შეინარჩუნა ქართულმა მწერლობამ ქართული კულტურა, მეობა და ა.შ. მე-20 საუკუნეში, როცა განსაკუთრებულად უჭირდა კომუნისტური იდეოლოგიური წნეხის დროს.”

ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ ტომეულებში ასევე შევიდა რამდენიმე გამოუქვეყნებელი სტატია, ინტერვიუები, რომლებიც თავის დროზე არ დაიბეჭდა სრული სახით. აკაკი ბაქრაძეს დარჩა ჩანაწერები, დღიურები. ის სხვა ფორმატით უნდა გამოიცეს და ამ რვატომეულის ნაწილსა თუ გაგრძელებას არ წარმოადგენდეს, მიაჩნია ლაშა ბაქრაძეს. სამაგიეროდ, ტომებში ნახავთ სხვა სიახლესაც - აკაკი ბაქრაძეს მთარგმნელისა და დრამატურგის რანგში:

[ლაშა ბაქრაძის ხმა] ”თარგმანი არის, მაგალითად, იტალიურიდან - გაბრიელ დ’ანუნციოს პატარა მოთხრობა ”ტოტო”. მამაჩემს იტალიური ძალიან მოსწონდა და იტალიური კინოსადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო თვითონ, ”თვითშეისწავლა” იტალიური ენა. არის პიესა ”ნინო ჭავჭავაძის უკანასკნელი ღამე”. ახლა გვიჭირავს მე-8 ტომი. აქ არის ის, რაც მორჩა, 7 ტომში რაც არ შევიდა: წერილები, სიტყვები, პიესები, მიმართვები, რამდენიმე ბარათი... სრულიად სხვადასხვა დროის ტექსტებია. გარდა ამისა, აქ არის მასალები მემუარებისათვის - ასეთი წიგნიც უნდოდა, რომ დაეწერა...”

მერვე ტომის თვალიერებისას თვალი მოვკარი სათაურს: ”კომკავშირული ქრისტიანობა”. პატარა ტექსტია, დაწერილი 1996 წლის იანვარში. დაბეჭდილა გაზეთ ”ივერიელში”. მოისმინეთ: ”ამას წინათ ტელევიზიით აჩვენეს, როგორ მოაწყვეს კოლექტიური ნათლობა. სახელმწიფო ჩინოვნიკების მთელი რაზმი ნათლავდა ბავშვებს. ახალგაზრდა ქალი, რომელიც ამ კოლექტიური ნათლობის თაოსანი ყოფილა, იკვეხნიდა, რომ არა მარტო სახელმწიფო ჩინოვნიკები მონათლავენ ბავშვებს ასე ჯოგურად, არამედ მეცნიერებიც, მწერლებიც, მხატვრებიც, მუსიკოსებიც, სპორტსმენებიც, პარტიების წარმომადგენლებიც. ეს კოლექტიური ნათლობა ზედმიწევნით ჰგავდა კომკავშირულ კოლექტიურ ქორწილებს, რომელთაც კომუნისტური რეჟიმის დროს გულმოდგინედ აწყობდა ალკკ, ანუ ახალგაზრდათა ლენინური კომუნისტური კავშირი. ეტყობა, საქართველოში კომკავშირული ქრისტიანობის აღორძინება იწყება”.

[ლაშა ბაქრაძის ხმა] ”თუ ავიღებთ პოლიტიკურ პუბლიცისტიკას, გაოცდებით, იმდენად ბევრი რამ მოგეჩვენებათ აქტუალურად და დღეს დაწერილად. მისი გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა და ბევრი პრობლემა, რაც 10-15 წლის წინათ გვქონდა, კაცმა შეიძლება იფიქროს, რომ დღესაც გვაქვს. ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ მოვლენებს. თუმცა, კონკრეტულ მოვლენებსაც ეხება და ამ მხრივ, ანუ ისტორიული თვალსაზრისითაც საინტერესოა: როგორი იყო იმ მომენტში ავტორის ხედვა”.

აკაკი ბაქრაძის ნაწერებში ხვდებით იმას, რაც ძალიან იშვიათი იყო მისი თანამედროვეების შემოქმედებაში: ესაა სიცხადე. არანაირი ნართაულები, ქარაგმები და ეზოპეს ენა. ის არის გულწრფელი, გამბედავი და გასაგები. მაგალითად, მემუარულ ჩანაწერებში თქვენ ხედავთ ცოდნას, რომელიც გვიან შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა. აკაკი ბაქრაძეს კი 30 წლის წინათ ჰქონდა და არ მალავდა. ესაა ცოდნა ედუარდ შევარდნაძის შესახებ. სამი წლის წინათ შევარდნაძეში აღარ დარჩა არავითარი ენიგმა, არავითარი ქარიზმა. მისი არსი ზედმიწევნით გასაგები გახდა ყველასთვის. აკაკი ბაქრაძეს კი ეს ცოდნა ათწლეულების წინ ჰქონდა. უბრალოდ, მან დროს გაუსწრო და, როგორც ხდება ხოლმე, დიდხანს მოუხდა მოცდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობა, კონფლიქტების გადაჭრის გზები, პოსტკომუნისტური ქვეყნის ელიტა, ინტელიგენციისა და ხელისუფლების ურთიერთობები, საბჭოთა პერიოდის ქართველი კომუნისტების სიქველენი - თვალის ერთი გადავლებით, ეს საკითხები ამოდის რვატომეულის ბოლო წიგნიდან. ბიბლიოთეკაში დღეს ისე ვილაპარაკეთ, არაფერი გვითქვამს აკაკი ბაქრაძის იდეებზე, მიდგომებზე, თავად მის მნიშვნელობაზე მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიასა და კულტურაში. აკაკი ბაქრაძე დღესაც ცოცხალი პუბლიცისტია და მას წაიკითხავს არა მხოლოდ ის, ვინც თავის დროზე იცნობდა, უსმენდა და კითხულობდა აკაკი ბაქრაძეს, არამედ ვისაც ახალგაზრდა ასაკის გამო საერთოდ არ უნახავს იგი, მაგრამ აინტერესებს უცნობი და ღრმა განზომილებები მეოცე საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ ყოფაში, ლიტერატურაში, კინოში, თეატრსა თუ პოლიტიკაში.

[ლაშა ბაქრაძის ხმა] ”ისე დღეს საზოგადოებრიობისათვის, მე ვფიქრობ, დიდად აქტუალური არ არის აკაკი ბაქრაძე ისევე, როგორც საერთოდ, ვფიქრობ, არავინ არ არის დღეს ქართულ რეალობაში აქტუალური და საინტერესო”.

არა მგონია, ასე იყოს.
XS
SM
MD
LG