Accessibility links

logo-print

ლიტვური სოლიდარობა: რუს დიპლომატს შპიონაჟისათვის ვილნიუსიდანაც აძევებენ


საქართველოს მსაგავსად, რუსი მაღალი რანგის დიპლომატი ჯაშუშური

საქამიანობის გამო ლიტვიდანაც გააძევეს. მიუხედავად იმისა, რომ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაძევების ფაქტს დიპლომატიური მოსაზრებით არც უარყოფს და არც ადასტურებს, სამაგიეროდ, სარწმუნო წყაროს ცნობით, არ არის გამორიცხული ვილნიუსი ამ ნაბიჯით სოლიდარობას უცხადებდეს საქართველოს, რომელსაც ჯაშუშობაში ბრალდებული რუსი ოფიცრების დაკავების გამო რუსეთმა მკაცრი სანქციებით უპასუხა.


კვირას, ბალტიის ახალი ამბების სააგენტომ, სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა ლიტვიდან შპიონობაში ეჭვმიტანილი მაღალი რანგის რუსი დიპლომატის გაძევების თაობაზე. ცნობაში, რომელმაც მთელი მსოფლიოს სააგენტოები მოიარა, არ იყო მითითებული დიპლომატის ვინაობა და მისი ჯაშუშური საქმიანობის ხელშესახები დეტალები. ინფორმაციის კომენტირებაზე უარი თქვა ვილნიუსში რუსეთის საელჩომ, ხოლო ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტრას ვაიტიეკუნასმა არც უარჰყო და არც დაადასტურა რუსი დიპლომატის გაძევების ცნობა. თუმცა, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაჰპირდა ჟურნალისტებს, რომ 9 ოქტომბერს ამ საკითხზე საგანგებო ბრიფინგს გამართავდა. მაგრამ, როგორც გაირკვა, დაპირებული ბრიფინგი გაურკვეველი დროით გადაიდო, თუმცა ბალტიის ახალი ამბების სააგენტოს ლიტვის სამხახურის რედაქტორმა ალექზანდ მატონისმა რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ სარწმუნო წყაროს ცნობით, რუსი დიპლომატი ცდილობდა დაებლოკა ლიტვის მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი გადაწყვეტილების მიღება.

[ალექზანდ მატონისის ხმა] “გუშინდელი ინფორმაციის შემდეგ ახალი არაფერია. ვიცით, რომ მაღალი რანგის რუს დიპლომატს უბრძანეს დაეტოვებინა ქვეყანა, რადგან წყაროს ცნობით ის ეჭვმიტანილი იყო ჯაშუშურ საქმიანობაში და ცდილობდა ზემოქმედება მოეხდინა ლიტვის ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მოსკოვთან კონფლიქტში. ჩვენივე წყაროს ცნობით, რუსეთი საპასუხოდ ცდილობს ლიტველი დიპლომატის გაძევებას. თუმცა ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო და უშიშროების სამსახური, რომელიც ქვეყანაში კონტრდაზვერვაზეა პასუხისმგებელი.”

ცნობა, რომლის თანახმადაც რუს დიპლომატი ცდილობდა საქართველოს მხარდამჭერ გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მოხდენას, კვირას ლიტვის საინფორმაციო გამოშვებების წამყვანი თემა გახდა. ლიტვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორმა რაიმუნდას ლოპატამ სახელმწიფო ტელევიზიას ამ სკანდალის შესახებ შემდეგი განუცხადა. ციტატა: “ლიტვამ უნდა დაიცვას საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები, რაც მოცემულ მომენტში საქართველოსადმი ლიტვის მხარდაჭერაში გამოიხატება.”
ბალტიის ახალი ამბების სააგენტოს ლიტვური სამსახურის წარმომადგენელი ალექზანდრ მატონისი არ გამორიცხავს, რომ რუსი დიპლომატის ინტერესთა სამიზნე გამხდარიყო ლიტვის პარლამენტი.

[ალექზანდრ მატონისის ხმა] “ძნელი სათქმელია, თუ როგორ ცდილობდა რუსი დიპლომატი ზემოქმედების მოხდენას. ჩვენ ვიცით, რომ ძირითადში ლიტვის პოზიცია საკმაოდ აქტიურია და მხარს უჭერს საქართველოს ამ ბოლოდროინდელ კრიზისში. შესაძლებელია, რუსი დიპლომატი ცდილობდა ზეგავლენის მოხდენას საზოგადოებრივ აზრზე, ლიტვის პარლამენტზე, რომელიც აპირებს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას ან, შესაძლოა, იყო კიდევ სხვა ქმედებებიც. მაგრამ ისევ ვიმეორებ, არ არსებობს იფიციალური ინფორმაცია ამ ინცინდენტთან დაკავშირებით.”

ნიშანდობლივია, რომ ლიტვა არ მოერიდა საერთაშორისო სკანდალს და 2004 წელს, ჯაშუშობის ბრალდებით, ორი დიპლომატი და რუსეთის სამხედრო ატაშე გააძევა ქვეყნიდან. საპასუხოდ მოსკოვმა რუსეთიდან ლიტვის სამხედრო ატაშე გააძევა. ასე რომ, ჯაშუშური სკანდალი არც პირველია და, სჩანს, არც უკანასნელი, ლიტვასა და რუსეთს შორის.
XS
SM
MD
LG