Accessibility links

logo-print

როგორ ცხოვრობენ რუსები საქართველოში - უნდა უპასუხოს თუ არა საქართველომ რუსეთის სანქციებს სანქციებით


საბჭოთა კავშირის დაშლამდე - 1989 წელს ჩატარებული საკავშრო აღრიცხვის მიხედვით, საქართველოში 340 ათასი ეთნიკური რუსი ცხოვრობდა.

ეკონომიკური კავშირების რღვევისა და სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად გაღატაკებული საქართველო გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების პირველ ნახევარში ეთნიკური უმცირესობების ბევრმა წარმომადგენელმა დატოვა. მათ შორის იყვნენ რუსებიც, რომლებმაც შიმშილსა და სიცივეს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება ამჯობინეს, თუმცა, თუ სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტს დავუჯერებთ, საქართველო უკლებლივ ყველა რუსს არ დაუტოვებია. 2002 წელს ჩატარებული საყოველთაო აღრიცხვის მიხედვით, მათი რაოდენობა 68 ათასს აღწევს. როგორ ცხოვრობენ რუსები საქართველოში, რას ფიქრობენ ქართველები რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკაზე და უნდა უპასუხოს თუ არა საქართველომ რუსეთის მთავრობის სანქციებს სანქციებით?

43 წლის მორჩილი ილია თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის მართლმადიდებელი ტაძრის მსახურია. საქართველოში შვიდი წლის წინ მშობლიური ვოლგოგრადიდან ჩამოვიდა. ლოცულობს, რომ რუსი და ქართველი პოლიტიკოსების დავას რიგითი ადამიანები არ აჰყვნენ. მორჩილს საკუთარ თავზე ლაპარაკი უჭირს, თუმცა ამბობს, რომ მის ყოფაზე რუსეთისა და საქართველოს გართულებული ურთიერთობა არ ასახულა:
[მორჩილი ილია] „უბრალო მუშურ-გლეხური ოჯახიდან ვარ. 1991 წელს ცოლი მოვიყვანე. განგების ნებით ისე მოხდა, რომ 1998 წელს შვილთან ერთად საქართველოში ჩამოვედი და აქ დავრჩი. პირადად ჩემთვის არაფერი შეცვლილა, სრულებით არაფერი. ქართველი ხალხისგან კვლავ ვგრძნობ იმ სითბოსა და სიყვარულს, რასაც არასოდეს მაკლებდა.“
ტაძარში, სადაც ილია მსახურობს, ყველა რელიგიური რიტუალი რუსულ ენაზე სრულდება. ალბათ, ამიტომაც მრევლში ეთნიკური რუსები უფრო სჭარბობენ. 61 წლის სერგეი დავიდოვი ეკლესიაში თითქმის ყოველდღე დადის. უმუშევარია, მუდმივი შემოსავალი არ გააჩნია და ამიტომაც ეკლესია მას, სულიერის გარდა, მატერიალურ საკვებსაც აძლევს. სერგეის ჩანთაში ყოველთვის ნახავთ ჭურჭელს წვნიანისთვის, რომელსაც ეკლესიის მსახურები შეჭირვებული ადამიანებისთვის უსასყიდლოდ გასცემენ. სერგეი დავიდოვი ამბობს, რომ ძალიან უმძიმს საქართველოსა და რუსეთის გართულებულ ურიერთობაზე ლაპარაკი:
[სერგეი დავიდოვის ხმა] „საბჭოთა კავშირი დიდი ხანია აღარაა, მაგრამ თავს მაინც ერთი ოჯახის წევრებად მივიჩნევთ. ამიტომ, როცა ოჯახის წევრები ჩხუბობენ, ბუნებრივია, ეს მაწუხებს, თუმცა, რა თქმა უნდა, ფიზიკურ შევიწროებას მე არ განვიცდი, მაგრამ მორალურად ძალიან დათრგუნული ვარ, რადგანაც ცუდი, კონფლიქტური სიტუაციაა შექმნილი.”
კონფლიქტური სიტუაციის მიუხედავად, პრობლემები არ შექმნია თბილისში მდებარე 72-ე რუსულ სკოლას, სადაც დირექტორის მოადგილედ ლუდმილა ლიკონცევა მუშაობს. პეტერბურგში დაბადებული ქალბატონი, რომელიც საქართველოში 1968 წლიდან ცხოვრობს, ამბობს, რომ რუსეთის მთავრობის პოლიტიკას საერთო არაფერი აქვს რუსი ხალხის განწყობასთან:
[ლუდმილა ლიკონცევას ხმა]“ გული მტკივა იმის გამო, რაც ხდება. მაგრამ გვირეკავენ მშობლიური ქალაქიდან და გვეუბნებიან, არ დავუჯეროთ იმას, რასაც ამბობენ. გვეუბნებიან, ჩვენ თქვენთან ვართ, გვიყვარს საქართველო და ქართველებიო. ჩვენ აქ სამშობლო ვიპოვეთ, აქ არიან ჩვენი შვილები და შვილიშვილები და არსად წასვლას არ ვაპირებთ. ჩვენ ვადიდებთ ჩვენს სახელმწიფოს და ძალას და სიყვარულს ვაძლევთ მოზარდ თაობას იმისათვის, რომ მეგობრობა სამუდამო და მტკიცე იყოს.”
72-ე სკოლაშივე სწავლობს პატარა ანატოლიც, რომლის თქმითაც, მისი მშობლები არ აპირებენ საქართველოდან წასვლას:
[ანატოლის ხმა] „ძალიან კარგი სკოლაა, ძალიან მომწონს. კარგი კლასელები მყავს. ქართველებიც, რუსებიც, სომხებიც. ჩემი დაც სწავლობდა ამ სკოლაში და ახლა ინსტიტუტში სწავლობს.“
ანატოლის მშობლები, ეთნიკური რუსები, თბილისში მაღაზიას ფლობენ, თუმცა საგადასახადო პოლიციის თანამშრომლებს, რუსი კოლეგებისაგან განსხვავებით, ეთნიკური ნიშნით სავაჭრო ობიექტების შემოწმება ჯერ არ დაუწყიათ. კახა ლომაია, განათლების მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრი, ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს რუსეთის მთავრობისგან მაგალითის აღებას:
[კახა ლომაიას ხმა] „ღმერთმა დაგვიფაროს. ჩვენი პასუხია დემოკრატიული, ტოლერანტული, გახსნილი, პლურალისტური საზოგადოება. ჩვენი პასუხია ის ღირებულებები, რასაც ვიზიარებთ - პირველ რიგში, ადამიანის უფლებების დაცვა. ყოველგვარი ქსენოფობიისგან, ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან საქართველო ყოველთვის შორს იყო და, რა თქმა უნდა, მომავალშიც ასე იქნება.“
უნდა ითქვას, რომ, რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების აკრძალვის მიუხედავად, საქართველოში მომხმარებელი არ მოჰკლებია რუსულ ალკოჰოლურ სასმელებსა და რესტორნებს. რესტორანი „მატრიოშკა“, რომელიც თბილისის ცენტრში მდებარეობს, გურმანებს რუსული კერძებით იზიდავს.
[ნიკოლაის ხმა] „სასმელებიდან, რა თქმა უნდა, რუსული არაყი გვაქვს. კერძებიდან პილმენები, ვარენიკები. თუ წვნიანს მიირთმევთ, უხა, ბორშჩი, შჩი, სალიანკა... რა ვიცი, ძალიან ბევრი რამ გვაქვს.“
რესტორნის თანამშრომელი ნიკოლაი მეუბნება, რომ, პოლიტიკური ვითარების გაუარესების მიუხედავად, თბილისში რუსული სამზარეულოს თაყვანისმცემელთა რაოდენობა არ შემცირებულა. ეს ფაქტი დამიდასტურა რესტორნის სტუმარმა ქალბატონმა ნათიამ, რომელიც ცხელი პილმენების მოტანამდე ყელს რუსული ლუდით ისველებდა. რუსეთთან გამწვავებული ურთიერთობის გამო, ხომ არ აპირებს იგი კულინარიული მიდრეკილებების შეცვლას?
[ნათიას ხმა] „არა, არა, არავითარ შემთხვევაში. პოლიტიკას ვერ ჩავრევთ სამზარეულოში.“
XS
SM
MD
LG