Accessibility links

logo-print

ფილმი-იუბილარი – “გიორგობისთვე”


“საბჭოთა საქართველოს ყველაზე დიდი მტრებიც,

უკიდურესად რეაქციონერი ადამიანებიც კი, ვერ მოახერხებდნენ ასეთი პასკვილის შექმნას,” – წერდა ზუსტად 40 წლის წინ გაზეთი “სოფლის ცხოვრება” ოთარ იოსელიანის ფილმზე “გიორგობისთვე”... და არა მარტო ეს გაზეთი – “გიორგობისთვეს” ყველა მხრიდან შეუტიეს და კინოთეატრების დირექციას იოსელიანის ფილმის ჩვენება აუკრძალეს. ქართული კინოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ფილმის ისტორია – ჩვენი ქვეყნის ისტორიაა.


რუსებისგან განსხვავებით, ქართველები ვერ დავიკვეხნით ეგრეთ წოდებული “თაროზე შემოდებული”, ე.ი. აკრძალული, ფილმების სიმრავლით. ჩვენმა კინემატოგრაფისტებმა დიდი ხანია ახსნეს, რატომ სწყალობდათ ბედი ცენზურასთან დამოკიდებულებაში – ახსნეს თავად ქართული კინოს ენით, შეიძლება ითქვას, “ეზოპეს ენით”, როცა კინემატოგრაფისტის სათქმელი ესმის მაყურებელს, მაგრამ არა ცენზურას ან როდესაც ცენზურა მიიჩნევს, რომ “ეზოპეს ენას” ვერ გაიგებს მაყურებელი და თანხმდება ფილმის ჩვენებაზე.

მაგრამ არიან კინემატოგრაფისტები, რომლებიც ამ გაძლიერებულ პირობითობას გაურბიან და ცდილობენ ზედმეტად არ გაემიჯნონ სინამდვილეს. ერთ-ერთი – ოთარ იოსელიანია და მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი “გიორგობისთვე”, რომლის გადაღება ზუსტად 40 წლის წინ რეჟისორს ძალიან ძვირად დაუჯდა.

არადა, ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო. “გიორგობისთვე” ნახა საქართველოს კომპარტიის ცეკას მდივანმა დევი სტურუამ. მოეწონა იმხანად სრულიად გამოუცდელი კინოდრამატურგის ამირან ჭიჭინაძისა და რეჟისორ ოთარ იოსელიანის დებიუტი და სურათი კინოგაქირავებას გადასცა.

კინოთეატრ “სპარტაკში” დილის სეანსზე უამრავი ხალხი მივიდა – თბილისში ხმა გავრცელდა, იოსელიანმა ანტისაბჭოთა ფილმი გადაიღოო... თუმცა სეანსის დასრულების შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც “ანტისაბჭოთას” კიდევ ერთი იარლიყი დაუმატეს – “ანტიქართული”... ასეთი შეფასება, მოგეხსენებათ, ყოველთვის ხელს აძლევდა საბჭოთა (და არა მარტო საბჭოთა) ხელისუფლებას, რომელიც მოგვიანებით თავს გაიმართლებდა: ხომ ხედავთ, ეს ნაწარმოები ხალხსაც არ მოსწონსო... ასე დაესხმებიან თავს 70-იან წლებში თემურ ჩხეიძეს სპექტაკლისთვის “ჯაყოს ხიზნები”... მაგრამ ეს შევარდნაძის ხელისუფლების დროს მოხდება. “გიორგობისთვე” კი მაშინ გამოვიდა ეკრანებზე, როცა საქართველოს ვასილ მჟავანაძე მართავდა. აი, რას იგონებს აკაკი ბაქრაძე “გიორგობისთვის” წინააღმდეგ აგორებული კამპანიის შესახებ:

[აკაკი ბაქრაძის ტექსტი] “ცენტრალურ კომიტეტში წერილებს გზავნიდნენ კოლექტიურად და ინდივიდუალურად... ფილმის თითოეული კადრი უხამსობა, დამცირება და აგდებაა ქართველი ერისა... “გიორგობისთვეში” შებილწულია ქართველი ერი, მუსიკალური ხელოვნება – აი, რას წერდნენ ამ წერილებში.”

მუსიკალურ ხელოვნებას რაც შეეხება... მოგვიანებით, როცა “გიორგობისთვე” ჟან ვიგოს პრემიით აღინიშნება, ფრანგები სწორედ ფილმის გასაოცარ მუსიკალურ სტრუქტურაზე დაწერენ - იტყვიან, ესაა ფილმი, რომელშიც ქართული პოლიფონიის ტრადიციები წარმოჩნდებაო.

[ნათია ამირეჯიბის ხმა] “შეისწავლა ქართული ხალხური სიმღერები – მას ხომ ძალიან კარგი სმენა აქვს, კარგად მღერის, ამბობენ, რომ დირიჟორობა უნდოდა თავის დროზე... მაგრამ მერე გადაიფიქრა სრულიად საწინააღმდეგოდ და მათემატიკურზე შევიდა.”

კინომცოდნე ნათია ამირეჯიბი, რომელსაც ოთარ იოსელიანზე წიგნი აქვს დაწერილი, ამბობს, რომ, “გიორგობისთვის” წინააღმდეგ ომი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ დაიწყო... მაგრამ პასუხისმგებლობა იმ ადამიანებსაც არ უნდა მოვუხსნათ, რომლებმაც ფილმი, უბრალოდ, ვერ გაიგეს და სწორედ ამიტომ, გაღიზიანებულებმა და გაბრაზებულებმა, სასწრაფოდ გამოაცხვეს წერილები ქარტულ საბჭოთა პრესაში.


[ნათია ამირეჯიბის ხმა] “ფილმის ავტორი მტრის თვალით უყურებს ჩვენს ცხოვრებას, – ეწერა გაზეთებში. – “გიორგობისთვე” უნდა დაიწვას, კვალი არ უნდა დარჩეს მისი...” სხვა ავტორი: “ეს ფილმი ეკრანებიდან მოიხსნას, განადგურდეს”... ეს ყველაფერი პარტიის ცეკაში მიდიოდა, 120 გვერდიანი წიგნი იყო, რომელიც მოგვიანებით მისმა ყოფილმა სტუდენტმა გადმოუბეჭდა... სულ ესაა – განადგურებულია.”

ვინაიდან ეს წერილები უშუალოდ მჟავანაძესთან მიდიოდა, ქართველმა კინემატოგრაფისტებმა საქართველოს ცეკას პირველ მდივანთან სტუმრობა გადაწყვიტეს. აკაკი ბაქრაძის თქმით, მჟავანაძემ ფილმს ბოლომდე უყურა და ბრძანა, სასწრაფოდ ამოეღოთ ფილმის პროლოგიდან ახლო ხედით გადაღებული ბერიკაცი, გვარად იოსელიანი... კინემატოგრაფისტებს გაკვირვებიათ, საიდან იცნო ეს მოხუცი მჟავანაძემ ანდა რატომ ჰქონდა მას ასეთი მძაფრი რეაქცია მოხუცის ხილვაზე. აი, როგორ ხსნის მჟავანაძის გაღიზიანებას აკაკი ბაქრაძე:

[აკაკი ბაქრაძის ტექსტი]“20-იანი წლების ბოლოს კულაკობის წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობდა. მაშინ ქუთაისის მაზრის კომკავშირული აქტივის წევრი მჟავანაძეც ყოფილა. იგი სხვებთან ერთად მონაწილეობდა ქართველი გლეხების საკუთარი მიწა-წყლიდან აყრასა და ციმბირს გადასახლებაში. დასჯილ გლეხებს შორის ის იოსელიანიც მოხვედრილა, ოთარმა “გიორგობისთვეში” რომ გადაიღო... ცეკას მდივანს ძველი ნაცნობი ფილმში რომ დაუნახავს, ელდა სცემია – ამას ჩემს წინააღმდეგ აკეთებენ, ამით ქართველ ხალხს ეუბნებიან, აი ვინ არის მჟავანაძე, ჩვენი გლეხობის მტერიო.”

როგორც კი მჟავანაძემ იოსელიანი ამ კადრის ამოჭრაზე დაითანხმა, გული გადაუშალა თურმე “გიორგობისთვის” დამცველებს – უმტკიცებდა მათ, ხრუშჩოვს მთელი ქართველი ხალხის ციმბირში გადასახლება უნდოდა, მაგრამ მე მაგრად დავდექიო. აკაკი ბაქრაძე არ წერს, რამდენად დაიჯერეს კინემატოგრაფისტებმა ეს ამბავი... ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ, პრესაში გაშლილი კამპანიის მიუხედავად, ამ შეხვედრის შემდეგ “გიორგობისთვე” ხელახლა გამოვიდა ეკრანებზე. გავრცელებულია აზრი, რომ ფილმის რეაბილიტაცია განაპირობა მეღვინეთა პროცესმა, რომელიც სწორედ “გიორგობისთვის” ჩვენების დროს დაიწყო საქართველოში – რამდენიმე მეღვინეს ბრალად ედებოდა ღვინის ფალსიფიკაცია და სახელმწიფო თანხების მითვისება... გავრცელებულია კიდევ ერთი მოსაზრება – ნაკლებად პოპულარული საქართველოში... “გიორგობისთვე” მოეწონათ რუსეთში... იქ იმაზეც კი დახუჭეს თვალი, თუ როგორი ირონიით გამოხატა რეჟისორმა რუსი ტურისტები, ღვინის ქარხანაში რომ მიდიან ექსკურსიაზე და “სულიკოს” მღერიან.

[ნათია ამირეჯიბის ხმა] “დისიდენტად ითვლებოდა უკვე, დევნილი იყო. ყველა მისი ფილმი თითქმის დახურული იყო.”

ნათია ამირეჯიბი ოთარ იოსელიანს “კინოდისიდენტად” მიიჩნევს. დისიდენტები, როგორც წესი, ერთ კონკრეტულ ხელისუფლებას ან კონკრეტულ სისტემას უპირისპირდებიან, მერე კი, როცა ეს სისტემა ინგრევა, ძალიან ხშირად რეაქციონერების როლში გვევლინებიან ხოლმე. ოთარ იოსელიანი ასეთი ტიპის დისიდენტებს არ მიეკუთვნება... და ამას არა მარტო “გიორგობისთვე”, არამედ ის წერილიც ამტკიცებს, რომელიც ფილმის პრემიერის შემდეგ დაიბეჭდა: “ეს სურათი ღვარძლიანად ლაფს ასხამს ჩვენს სამშობლოს, საქართველოს... ქართველმა ხალხმა ასეთი რეჟისორი თავიდან უნდა მოიცილოს!”

დღეს ჩვენ აღარც მჟავანაძე გვყავს და არც საბჭთა ხელისუფლება... მაგრამ ხელოვნების ნაწარმოებისადმი დამოკიდებულება დიდად არ შეცვლილა... ასეთი სახის ტექსტებს ხშირად გადაეყრებით დღევანდელ ქართულ პრესაში. იოსელიანი კვლავ დისიდენტად რჩება.
XS
SM
MD
LG