Accessibility links

logo-print

დღევანდელ პრესაშიც გრძელდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში წარმოქმნილი კრიზისის გაშუქება. გარდა ამისა


დღევანდელ პრესაშიც გრძელდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში წარმოქმნილი კრიზისის გაშუქება. გარდა ამისა, გაზეთები დიდ ყურადღებას უთმობენ ადგილობრივი

არჩევნების შედეგების განხილვასაც. გაგაცნობთ რამდენიმე პუბლიკაციას.

“ქართულ-რუსული კრიზისის გაკვეთილები” - “24 საათი” უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ასკვნის, რომ ევროპა “თბილისის სიმართლეს აღიარებს, თუმცა რეალური დახმარებისგან თავს იკავებს.”

ამავე გაზეთში, “დავით კოვზირიძის სვეტში”, წაიკითხავთ: “მე თუ მკითხავთ, ყველაზე ღირსეული, მაგრამ ძნელი გზა არის რუსეთში მცხოვრები აბსოლუტურად ყველა ქართველის სამშობლოში დაბრუნება. ექიმები, ხელოვანები, მეცნიერები, ყველა უნდა წამოვიდეს იქიდან და ემსახუროს საკუთარ სამშობლოს, რომელსაც ზუსტად ახლა სჭირდება გაერთიანება. შეიძლება აბსურდია ხელის ერთი მოსმით ყველაფრის მიტოვება, მაგრამ ეს ორმხრივი პროცესი უნდა იყოს – საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ამ მიგრაციის მაქსიმალური უმტკივნეულობა”, - წერს “24 საათის” სვეტის ავტორი.

“საქართველოს რესპუბლიკა” კი რუსულ-ქართულ კრიზისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან აკავშირებს. “პიარის მთავარი მიზანი გარე ფაქტორებზე, მტრის ხატის ძებნაზე ყურადღების გადატანა იყო”, - მიაჩნია ავტორს.

“რეზონანსი” საერთაშორისო ასოციაცია “თეთრი მანდილის” რუსეთის პრეზიდენტისა და რუსეთის საზოგადოებისადმი მიმართვას აქვეყნებს: “კიდევ ერთხელ მოგმართავთ: დაგვერწმუნეთ, როგორც არ უნდა მოქმედებდეს რუსული მასმედია და აღვივებდეს ზიზღს საქართველოს მიმართ, საქართველო არავის პასუხობს ზიზღით... შევჩერდეთ და მადლობა ვუთხრათ ღმერთს, რომ ცოცხლები ვართ. ვიცხოვროთ, როგორც ღირსეულმა და თანასწორუფლებიანმა მეზობლებმა,” - წერია მიმართვაში, რომელსაც “რეზონანსი” აქვეყნებს.

ახლა, რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს: იმავე “რეზონანსის” ფურცლებზე არჩევნების შედეგებს საარჩევნო ბლოკ “დავითაშვილი-ხიდაშელი-ბერძენიშვილის” წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი აფასებს. მას მიაჩნია, რომ სააკაშვილი არა კონკურენტუნარიან პარტიას, არამედ ახალ “მოქალაქეთა კავშირს” აშენებს. დავით ბერძენიშვილი დეტალურად ეხება აჭარაში ჩატარებულ არჩევნებს და ამბობს: “სააკაშვილი გვატყუებს, როცა ამბობს, ასეთი დემოკრატიული არჩევნები აჭარაში არასდროს ჩატარებულაო. ეტყობა, დაავიწყდა, რომ ორი წლის წინ აჭარაში უმაღლესი საბჭოს არჩევნები თავად ჩაატარა. მე ვეთანხმები მას მისი გამოსვლის იმ ნაწილში, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები დემოკრატიული არ იყო, მაგრამ არ ვეთანხმები იმაში, რომ 5 ოქტომბრის არჩევნები დემოკრატიული იყო,” - ამბობს დავით ბერძენიშვილი “რეზონანსთან” ინტერვიუში და დასძენს, რომ ბლოკმა, რომელსაც ის წარმოადგენს, ძალიან მაღალი შედეგი მიიღო არჩევნებში მიუხედავად იმისა, რომ ხმები წაართვეს.

“ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს მამუკა არეშიძესთან, რომელიც ამბობს, რომ ”ოპოზიციურ პარტიებს დაახლოებით ის მაჩვენებელი ჰქონდათ, რასაც იმსახურებდნენ. მათმა არასწორმა სტრატეგიამ გამოიწვია ეს შედეგი”. ამავე გაზეთის ფურცლებზე ფრაქცია “მრეწველების” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ნორმალური საარჩევნო კოდექსისა და საარჩევნო პირობებში ოპოზიცია ძალიან ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა ხელისუფლებას და შეიძლება 10-15 დეპუტატიც გაეყვანა საკრებულოში. ცაგარეიშვილისავე თანახმად, “მრეწველებს” ჯერ არა აქვთ გადაწყვეტილი შევლენ თუ არა საკრებულოში, ანუ დაიკავებენ თუ არა იმ ერთ ადგილს, რომელიც მათ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიანიჭა.
XS
SM
MD
LG