Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკლო თუ არა ცესკომ ოპოზიციას ერთი მანდატი? - „კონსერვატორებისა“ და „რესპუბლიკელების“ გაერთიანებული ბლოკი სასამართლოში ჩივის


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკანასკნელ სხდომაზე საქართველოს დედაქალაქის, თბილისის, თვითმმართველობის ორგანოს, საკრებულოს,

არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა. ცესკოს ინფორმაციით, 4 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ოთხმა პოლიტიკურმა სუბიექტმა გადალახა: 67 პროცენტით ყველაზე მაღალი შედეგი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩვენა; ამომრჩეველთა 12-მა პროცენტმა ხმა „რესპუბლიკელებისა“ და „კონსერვატორების“ გაერთიანებულ ბლოკს მისცა, ხოლო „ლეიბორისტები“ და „მრეწველები“, შესაბამისად, 10-სა და 6 პროცენტს დასჯერდნენ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, ასევე გამოაქვეყნა თბილისის საკრებულოს შემადგენლობა. 37 ადგილიან საკრებულოში ოპოზიციურ პარტიებს მხოლოდ თითო-თითო მანდატი ერგოთ. მოლოდინი გაუცრუვდა „დავითაშვილი-ხიდაშელი-ბერძენიშვილის“ საარჩევნო ბლოკსაც, რომლის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათ ერთი მანდატი დააკლო.

ცესკო საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ ხუთდღიან ვადაში ჩაეტია და არჩევნების შედეგები 10 ოქტომბრამდე გამოაქვეყნა. კომისიის მდივანი გიზო მჭედლიძე ამბობს, რომ თბილისის მასშტაბით ყველა მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს და, შესაბამისად, 25-ვე მანდატს დაეუფლნენ. რაც შეეხება პროპორციული სისტემით მანდატების განაწილებას:

[გიზო მჭედლიძის ხმა] „პროპორციული სისტემით 12 მანდატი განაწილდა შემდეგნაირად: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო 9 მანდატი, ერთი მანდატი მიიღო „დავითაშვილი-ხიდაშელი-ბერძენიშვილის“ ბლოკმა და თითო-თითო -„ლეიბორისტებმა“ და „მრეწველებმა“.

მმართველი პარტიის მიერ ნაჩვენებმა ამ შედეგმა კმაყოფილი დატოვა საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა ბევრი ილაპარაკა ოპოზიციის წარუმატებლობაზე:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „სრულიადაც არ მახარებს ოპოზიციის კატასტროფული დამარცხება. ამაზე დიდი „გაფარჩაკება“ და დამარცხება ბუნებაში არ არსებობს. მე მახარებს ჩვენი კარგი შედეგი, მაგრამ ყველაზე ეფექტიანი და ქმედითი ხელისუფლებაც კი კარგავს რაღაც ნაწილს თავისი ქმედითობისა და ეფექტურობისა, როცა არ ჰყავს ორგანიზებული, კონსტრუქციული ოპოზიცია.“

საქართველოს პრეზიდენტის სიტყვების გულწრფელობაში ეჭვი ეპარება რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარეს. დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროპორციული სისტემით მანდატების განაწილებისას სწორედ ხელისუფლების მითითებით დააკლო „დავითაშვილი-ხიდაშელი-ბერძენიშვილის“ საარჩევნო ბლოკს ერთი მანდატი:

[დავით უსუფაშვილის ხმა] „ჩვენ გვეუბნებიან, რომ 12 პროცენტს მივიღებდით თუ 6 პროცენტს, ეგ სულ ერთია. თურმე მივიღებდით მაინც ერთ მანდატს. ეს ყველაფერი არის ლოგიკური დასასრული იმისა, თუ როგორ დაიწყო არჩევნები. მოგვპარეს ორი დღე არჩევნების დასაწყისში, ახლა კი მოგვპარეს ერთი მანდატი. ასე რომ, შეიკრა ძალიან ლოგიკური წრე ხელისუფლების ქმედებებში.“

დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ცესკოსთან დავა, ანუ მანდატისთვის ბრძოლა, სასამართლოში გაგრძელდება, თუმცა კომისიის მდივანი გიზო მჭედლიძე ირწმუნება, რომ სადავო არაფერია. პროპორციული სისტემით მანდატების მიკუთვნების წესი ნათლადაა განმარტებული საარჩევნო კოდექსში, რომლის 126-ე მუხლში წერია: საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 12-ზე და გაიყოს ყველა სუბიექტის ხმათა ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების რაოდენობათა ჯამი 12-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელი მანდატებიდან თითო მანდატი მიეკუთვნება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც მეტი ხმები მიიღეს.

[გიზო მჭედლიძის ხმა] „მრეწველებს აქვთ ექვს პროცენტზე მეტი. 6 პროცენტი 12 მანდატიდან არის 0,72, ანუ, პირდაპირი დათვლით, მრეწველებს მანდატი არ ხვდებათ. ნაშთი დარჩა ორი. აქედან ერთი მანდატი 4 პროცენტგადალახულ პარტიას უნდა მიეცეს, მეორე კი საუკეთესო მაჩვენებლის მქონე პარტიამ, ანუ ნაციონალურმა მოძრაობამ, უნდა წაიღოს. რა არის აქ გაუგებარი?“

გიზო მჭედლიძე დარწმუნებულია, რომ სასამართლო არ შეცვლის ცესკოს მიერ დამტკიცებულ შემაჯამებელ ოქმს, რომლის მიხედვითაც, 5 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიცია პირწმინდად დამარცხდა. ელოდა თუ არა ამომრჩეველი ასეთ შედეგს? მე ამ კითხვით რამდენიმე თბილისელს მივმართე.

[მამაკაცის ხმა] „პრინციპში ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. მე მეხუთე შემოვხაზე და უმეტესობაც მეხუთე ნომერმა, ანუ გიგი უგულავამ, აიღო. მორჩა, კმაყოფილი ვარ!“

[მამაკაცის ხმა] „კარგა ხანია დავკარგე არჩევნების ობიექტურობის იმედი. რა შედეგებიც ამ არჩევნებზე მივიღეთ, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან არაობიექტური, იმდენად არათანაბრად განაწილდა.“

დაბოლოს, კვლავ ცესკოსა და “რესპუბლიკელების” დავის თაობაზე. თუკი ცენტრალური საარჩევნო კომისია სასამართლო პროცესს წააგებს, თბილისის საკრებულოში „კონსერვატორებისა“ და „რესპუბლიკელების“ საარჩევნო ბლოკი ორი წევრით იქნება წარმოდგენილი, ხოლო ერთადერთ მანდატს დაკარგავენ „მრეწველები“, რომლებსაც კანონით დადგენილი 4 პროცენტიანი ბარიერი გადალახული აქვთ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG