Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დაკრძალეს ანა პოლიტკოვსკაია


მოსკოვის ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე დღეს ასობით ადამიანი შეიკრიბა: ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, კოლეგებმა, თანამოაზრეებმა უკანასკნელი პატივი მიაგეს ცნობილ ჟურნალისტს, ანა პოლიტკოვსკაიას.

ალბათ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მთელს მსოფლიოში მოჰყვა გამოხმაურება ამ, გაბედულებით გამორჩეული ჟურნალისტის მკვლელობას, რომელიც შაბათს, 7 ოქტომბერს მოსკოვში მოხდა: პოლიტკოვსკაია საკუთარ სახლში, ლიფტიდან გამოდიოდა, როცა მას ესროლეს - სამჯერ მკერდის არეში, ერთხელ თავში. პროკურატურა დაქირავებული მკვლელის ხელწერაზე ლაპარაკობს. მკვლელის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია და, ალბათ, არავის გაუკვირდება, უცნობი რომ დარჩეს კიდეც. ხელისუფლების სათავეში ვლადიმირ პუტინის ჩადგომის შემდეგ რუსეთში 12 ჟურნალისტის მკვლელობიდან 12-ვე გაუხსნელია. ამიტომაც, პოლიტკოვსკაიას დაკრძალვის ცერემონიაზე ბევრჯერ გაიჟღერა რუსეთში ჟურნალისტთა დაუცველობის პრობლემამ.

ერთ-ერთი, ვინც პოლიტკოვსკაიას დაკრძალვის ცერემონიაზე შეშფოთება გამოთქვა ჟურნალისტთა დაუცველობის გამო, ომბუდსმენი ვლადიმირ ლუკინი იყო: [ლუკინის ხმა] “ბევრჯერ მიმიქცევია ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენელთა ყურადღება იმ გარემოებისკენ, რომ ჟურნალისტები მძიმე მდგომარეობაში არიან, რომ საჭიროა მათი დაცვა. სამწუხაროდ, ვითარება უკეთესობისაკენ არ იცვლება”.

პოლიტკოვსკაიას დაკრძალვაზე მისულთა შორის უცხოელი დიპლომატები და ჟურნალისტებიც იყვნენ, მაგრამ - თუ სახალხო დამცველს, ზემოხსენებულ ვლადიმირ ლუკინს არ ჩავთვლით - არც ერთი მაღალი რანგის რუსი ოფიციალური პირი არ მისულა მოკლული ჟურნალისტისთვის უკანასკნელი პატივის მისაგებად. არათუ დაკრძალვაზე არ მისულა - პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შემდეგ თითქმის ორი დღე გავიდა მასზე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გამოხმაურების გარეშე.

ეს მაშინ როცა, უწინარეს ყოვლისა ჩეჩნეთის კონფლიქტზე მომუშავე წამყვანი ჟურნალისტის მკვლელობას მალევე მოჰყვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა თუ საფრანგეთის პრეზიდენტის, ეუთოს თავმჯდომარისა თუ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებები, რომლებშიც მწუხარებასა და შეშფოთებას გამოთქვამდნენ.

რატომ დააგვიანა პრეზიდენტ პუტინის რეაქციამ? ამ შეკითხვით მოსკოვში ჩვენმა კორესპონდენტმა მიმართა ოლეგ პანფილოვს, ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის დირექტორს. [პანფილოვის ხმა] “ჩემთვის ძალიან საწყენია პრეზიდენტ პუტინის პოზიცია. ის აჩვენებს, რომ არის ამ ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ ნაწილის პრეზიდენტი - იმ ნაწილისა, რომელსაც არ უყვარდა ანა პოლიტკოვსკაია, რომელსაც სძულდა მისი საქმიანობა, სძულდა მისი სტატიები. შემიძლია მოვიყვანო საფრანგეთის პრეზიდენტის მაგალითი - როცა ერაყში მძევლად აიყვანეს ფრანგი ჟურნალისტი ქალი, ის მაშინვე დაბრუნდა შვებულებიდან და განცხადება გააკეთა”.

პანფილოვის ამ შეფასების კონტექსტში აღსანიშნავია, რომ 9 ოქტომბერს (პოლიტკოვსკაია კი 7 ოქტომბერს იყო მოკლული) ორმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ მოუწოდა პუტინს, საჯარო მიმართვაში დაეგმო ეს მკვლელობა. პუტინმა ამის შემდეგ გააკეთა განცხადება - მან ამერიკელ კოლეგა, ჯორჯ ბუშთან სატელეფონო საუბარში პირობა დადო, რომ გულდასმით გამოიძიებენ პოლიტკოვსკაიას, პუტინის თქმით, “ტრაგიკულ სიკვდილს”. მოგვიანებით მისი კომენტარი კრემლის ვესაიტზე გამოაქვეყნეს.

დღეს კი პუტინს გერმანიაში მოუწია პოზიციის გამოხატვა ჟურნალისტის “ტრაგიკულ სიკვდილთან” დაკავშირებით: როგორც რუსეთის პრეზიდენტმა მასპინძელი ქვეყნის კაცნლერ ანგელა მერკელთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, მოხდა დანაშაული, რომელიც “არ შეიძლება, დაუსჯელი დარჩეს”. პრეზიდენტი პუტინი გერმანიაში ჩაფრინდა დღეს, როცა მოსკოვში მიწას მიაბარეს ანა პოლიტკოვსკაია.
XS
SM
MD
LG