Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნები ყველაზე უფრო განიცდიან ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობას


იმ ადამიანებს შორის, ვისაც თავზარი დასცა ცნობილი რუსი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობამ, ჩეჩნეთის მოქალაქეები, ალბათ, ყველაზე მეტად განიცდიან დანაკარგს.

პოლიტკოვსკაია ყველაზე ხმამაღლა ამხელდა ჩეჩენთა მიმართ ჩადენილ სისასტიკეს და იცავდა ჩეჩენთა უფლებებს მაშინ, როდესაც გაჭიანურებული კონფლიქტის მიმართ ინტერესი დასავლეთშიც შესუსუტდა.


მსოფლიოს საზოგადოება სამ დღეს ელოდა რუსეთის ხელისუფლების რეაქციას ანა პოლიტკოვსკაიას სადისტურ მკვლელობაზე. მაგრამ ვლადიმირ პუტინის მიერ დრეზდენში 10 ოქტომბერს გაკეთებულმა განცხადებამ ყველა გააწბილა.

[ვლადიმერ პუტინის ხმა] “ნამდვილად, ეს ჟურნალისტი ქალი რუსეთის მოქმედი ხელისუფლების მკაცრი კრიტიკოსი იყო. მაგრამ, ვფიქრობ, ჟურნალისტებმა ეს უნდა იცოდნენ, რომ მისი გავლენის ხარისხი რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე უკიდურესად უმნიშვნელო იყო. ის დასავლეთში ჟურნალისტებისა და უფლებათდამცველების წრეში იყო ცნობილი. ვიმეორებ, რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე მისი გავლენის ხარისხი მინიმალური იყო. და ასეთი ადამიანის მკვლელობა, ქალისა და დედის სასტიკი მკვლელობა, თავისთავდ, ქვეყნისა და რუსეთის მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.”

პრეზიდენტ პუტინის ეს განცხადება აბსოლუტურ კონტრასტშია იმ პატივისცემასთან, რაც პოლიტკოვსკაიამ ჟურნალისტური მოღვაწეობით მსოფლიოში მოიხვეჭა. რუსეთის ყველაზე ცნობილმა სამართალდამცველმა ქალმა ლიუდმილა ალექსეევამ ჟურნალისტის დაკრძალვის დროს მოსკოვში, რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ ამ დღეებში ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის გამო თითქმის მთელი ჩეჩნეთი გლოვობს.

[ლიუდმილა ალექსეევას ხმა] “ის ყველაგან ლაპარაკობდა ჩეჩნეთზე. ეს იყო მისი მუდმივი თემა და მუდმივი ტკივილი. და იცით, რომ ჩეჩნეთში არ არის ადამიანი, ვინც არ აღმერთებდეს ანა პოლიტკოვსკაიას. იქ ყველა სახლის კედელზე მისი სურათებია გაკრული.”

ჩეჩნეთა მწუხარების ამსახველი კადრები რუსეთის ტელევიაზიას არ გაუვრცელებია. მაგრამ რადიო “თავისუფლების” ჩრდილო-კავაკსიური სამსახურმა ჩეჩნეთის რამდენიმე მოქალაქესთან გაესაუბრება მოახერხა. სერჟენ-იურტში მცხოვრებმა ქალმა, ამინამ თქვა, რომ პოლიტკოვსკაია მათი “უკანასკნელი იმედი” იყო.

[ამინას ხმა] “სოფლის ყველა მცხოვრებს, ვისაც მე ველაპარაკე, იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად აინტერესებთ ჟურნალიზმი და მიმდინარე პრობლემები, - უკიდურესად აღშფოთებულნი არიან. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, ცხადია, არ უყვარს ადამიანები, ვინც სიმართლეს ამბობენ და თანაგრძნობას იჩენენ დამცირებულთა მიმართა. მათ მოკლეს ხალხის საუკეთესო წარმომადგენელი. ვერ გეტყვით, თუ რამდენად ვარ აღშფოთებული. შენახული მაქვს "ნოვაია გაზეტაში" გამოქვეყნებული მისი ყველა სტატია. ვინახავდი მისი ტელეფონის ნომერს, რათა დავკავშირებოდი ჩემთვის უიმედო სიტუაციაში. ის ჩემი უკანასკნელი იმედი იყო. ჩვენ ვგლოვობთ.”

ჩეჩენმა აპტიმ, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, ანა პოლიტკოვსკაიას საპატივცემულოდ ხსოვნის ცერემონია მოაწყო. აპტიმ რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ შოკირებულია ჟურნალისტის მკვლელობით. “მამაკაცს არ სჩვევია ტირილი, მაგრამ დღეს მე არ მცხვენია ჩემი ცრემლის. იგი ჩვენი გულისთვის მოკვდა”, აპტის მსგავსად ფიქრობს მსოფლიოში მცხოვრები ჩეჩნების უმრავლესობა, რომელთა გლოვას კიდევ უფრო ის აძლიერებს, რომ ხმა, რომელიც მსოფლიოს ჩეჩენთა ტრაგედიას შეახსენებდა, 7 ოქტომბერს საბოლოოდ დადუმდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG