Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოცულობის ბუნებრივ აირს მიიღებს საქართველო ბაქო-თბილისი- ერზერუმის გაზსადენიდან


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური ბაქოში მოლაპარაკებებს აწარმოებს ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენიდან დამატებითი მოცულობის გაზის საფასურის შესახებ.


აზერბაიჯანის მხარემ გამოაცხადა, რომ მზადაა, დამატებითი მოცულობის სახით, საქართველოს 300 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიაწოდოს. ეს დაახლოებით 20 პროცენტით თუ შეავსებს იმ დეფიციტს, რომელიც შეიძლება გაჩნდეს რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტის შეწყვეტის შემთხვევაში. რომელი ალტერნატიული წყაროებიდან შეივსება დარჩენილი 80 პროცენტი?

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა ბაქოში გამგზავრების წინ განაცხადა, რომ მისი ვიზიტის მთავარი მიზანი ზამთრისთვის მზადებაა. გილაურმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგებთან ფორსმაჟორულ სიტუაციებში ელექტროენერგიისა და გაზის მოწოდების საკითხები უნდა გაარკვიოს.

თბილისი ისეთი სიტუაციების თავიდან აცილებისთვის ემზადება, როგორიც 2006 წლის დასაწყისში შეიქმნა. მაშინ, რუსეთიდან საქართველოში მომავალი გაზსადენის აფეთქების გამო, საქართველო ერთი კვირის მანძილზე ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა. ახლა კი, როდესაც რუსეთი ეკონომიკური ბლოკადით იმუქრება, გაზის შეწყვეტის საფრთხე კიდევ უფრო იზრდება.

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”რაც შეეხება გაზს, ჩვენ ეს უკვე გამოვიარეთ და გვაქვს საშუალება, რომ გადავერთოთ ირანზე და შახდენიზის გაზიც მალე იქნება. ანუ შეიძლება რაღაც მცირედი უხერხულობა შეგვექმნას, მაგრამ ტოტალური პრობლემა არ იქნება არავითარ შემთხვევაში.”

სახელმწიფო მინისტრის კახა ბენდუქიძის მსგავსად, იმედიანადაა განწყობილი სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხეთაგური:

[ალექსანდრე ხეთაგურის ხმა] ”ალტერნატიული მარშრუტი უკვე არსებობს, ჯერ კიდევ გასულ წელს იყო გამოყენებული, ეს არის აზერბაიჯანის მიმართულება. აქ არის აზერბაიჯანული და ირანული გაზი.”

თუმცა ჯერჯერობით ირანიდან გაზის მოწოდების შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული არ არის და, შესაბამისად, ისიც არაა ცნობილი, რა მოცულობის ბუნებრივი აირის მოწოდებას შეძლებს ირანი.

საქმე ისაა, რომ ირანი თავად განიცდის გაზის დეფიციტს ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში. ბუნებრივ აირზე გაზრდილი მოთხოვნილების გამო ყოყმანობს აზერბაიჯანიც, რომელიც ჯერ კიდევ ახორციელებს გაზის იმპორტს რუსეთიდან.

თბილისი ბაქოსგან გაზსადენის კონსორციუმის შექმნისას განსაზღვრული კვოტის გაზრდას მოითხოვს. ადრინდელი შეთანხმების მიხედვით, საქართველოს, გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, 60 მილიონი კუბური მეტრი გაზი ეკუთვნის, კიდევ 270 მილიონი კი - შეღავათიან ფასად. საქართველოს კი მომავალი წლისთვის დამატებით1 მილიარდი კუბური მეტრის შეძენის სურვილი აქვს, რადგან სწორედ მომავალი წლის დასაწყისში იწურება რუსეთთან დადებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა.

ვარაუდობენ, რომ რუსეთი, დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების ფონზე, ან არ განაახლებს ხელშეკრულებებს, ან კიდევ გაზის ფასს 110-დან 200 აშშ დოლარამდე გაზრდის. სხვაგვარად ფიქრობს ნავთობისა და გაზის ექსპერტი პროფესორი თემურ გოჩიტაშვილი:

[თემურ გოჩიტაშვილის ხმა] ”ჩვენ რუსეთი ვერ გაგვიზრდის ძალიან გაზის ფასს. ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ჩვენთან ევროპული ფასი იქნება, არასოდეს არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ მაშინვე შეგვიძლია გადავერთოთ ირანულ გაზზე, რომელიც არასდროს არ იქნება იმ ფასის, როგორიც ევროპული გაზია.”(სტილი დაცულია)

არის კიდევ სხვა ალტერნატივაც: თბილგაზის ახალმა მფლობელმა “ყაზ-ტრანს-გაზმა” განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებას აწარმოებს ყაზახეთიდან საქართველოში გაზის ტრანსპორტირების შესახებ. გაზის სამომხმარებლო ტარიფის მოცულობა კი მომავალი წლიდან იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რომელი ქვეყნის ბუნებრივი აირის იმპორტს განახორციელებს საქართველო და რა ფასად.
XS
SM
MD
LG