Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის მიმოხილვა


საქართველოზე რუსეთის ეკონომიკური ზეწოლა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომი პრობლემები და საქართველოსა და იტალიის ნაკრები გუნდების გუშინდელი მატჩი -


ამ თემებს აშუქებს დღევანდელი ქართული პრესა. გთავაზობთ რამდენიმე პუბლიკაციის მიმოხილვას.

“ჯერ ერთი ტაიმის გუნდი ვართ”, “ერთსაათიანი მატჩი”, - ქართული პრესა საქართველოს ნაკრების თამაშის გაუმჯობესებასაც უსვამს ხაზს და იმასაც, რომ მას ბრძოლის ჟინი მატჩის ბოლომდე არ შერჩა. თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ “24 საათის” კორესპონდენტთან საუბრისას არ დამალა, რომ არ ეგონა, თუკი მისი გუნდი იტალიელებს ასეთ წინააღმდეგობას გაუწევდა. “ვფიქრობ, გულშემატკივრებმა უნდა იამაყონ იმით, რა თამაშიც დღეს ვაჩვენეთ. პირველ რიგში, ჩვენი ბიჭების თამაშს ვგულისხმობ, თორემ, რა თქმა უნდა, საამაყო შედეგი ნამდვილად არ გვიჩვენებია.” ამავე გაზეთს თავისი შთაბეჭდილება იტალიელთა კაპიტანმა ფაბიო კანავარომაც გაუზიარა: “გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ არ მეგონა, თუ საქართველოსთან თამაში თავიდან ასე გაგვიჭირდებოდა... საბედნიეროდ, შესვენების შემდეგ თამაში ჩვენ სასარგებლოდ შემოვაბრუნეთ და, მადლობა ღმერთს, საქართველოდან გამარჯვებული ვბრუნდებით შინ. ეს სამი ქულა ჩვენი ნაკრებისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო.”

რაც შეეხება პოლიტიკას: “ხიდაშელის მანდატი თოფაძეს აჩუქეს?!” - პირველივე გვერდზე კითხვას სვამს “რეზონანსი”: “დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ, ხელისუფლების მზაკვრული გეგმის გათვალისწინებით, თინა ხიდაშელის კუთვნილი მანდატი გოგი თოფაძეს მისცეს. “მრეწველები” უსუფაშვილს “მზაკვრული” გეგმის ნაწილში კი ეთანხმებიან, მაგრამ იფიცებიან, რომ საკრებულოს წევრობა დამსახურებულად მოიპოვეს.”

“ალია” კი საკრებულოს როლის შესუსტებაზე ამახვილებს ყურადღებას და წერს: “საკრებულოსადმი მიდგომით თბილისის სამივე მერი განსხვავდებოდა. ზოდელავა ყნოსვით გრძნობდა, რომ სააკაშვილი მომავალი პრეზიდენტი იქნებოდა, ამიტომ თავის საქმეს ჩუმად აკეთებდა და საკრებულოს თავმჯდომარეს თვალში არ ეჩხირებოდა. სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ ზოდელავა კიდევ დიდხანს იყო მერი. შემდეგ უკვე ჭიაბერაშვილი დანიშნეს. ჭიაბერაშვილის მოღვაწეობის ხანას უკავშირდება სწორედ მერის, როგორც ფიგურის, გაპიარება. ჭიაბერაშვილმა საკრებულო ფეხებზე დაიკიდა, ბეგაშვილს აღვირი ამოსდო.” “ალია” წერს, რომ “უგულავასთან საკრებულოს ძველი ნომრები აღარ გაუვიდა. მან ბეგაშვილიც თავის ადგილას დასვა და სხვა დანარჩენებიცო”, - წერს “ალია”.

დასასრულ, კვლავ “24 საათს” მივუბრუნდები, სადაც საქართველოზე რუსეთის ეკონომიკური ზეწოლიდან გამოსავალი გზების შესახებ ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს აღმასრულებელი დირექტორის, მამუკა წერეთლის, სტატია ქვეყნდება. მამუკა წერეთელს მიაჩნია, რომ რუსეთის ანტიქართულ პოლიტიკაზე ერთადერთი ადეკვატური პასუხი “მეწარმეობის სრული თავისუფლება, ქვეყანაში დასავლური ინვესტიციების მოზიდვისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნა და ქართული პროდუქტებისთვის ახალი ბაზრების გახსნა იქნება”. მაგალითისთვის ავტორს მოჰყავს შეერთებული შტატების ბაზარი: “აშშ არის პოტენციური ბაზარი ქართული ღვინოებისთვის, წყლისთვის, სუნელებისა და სხვა პროდუქტებისთვის. თუ იქნება შესაბამისი ძალისხმევა, 5-10 წელიწადში, შესაძლებელია, აშშ-დან საქართველომ იმაზე ბევრად მეტი შემოსავალი მიიღოს ღვინისა და წყლის რეალიზაციით, ვიდრე რუსეთიდან იღებდა,” - წერს ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს აღმასრულებელი დირექტორი “24 საათში”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG