Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა სომეხთა გენოციდზე გადაწყვეტილებას იღებს


საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ - ეროვნულმა ასამბლეამ - დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, დანაშაულად ითვლება სომეხთა გენოციდის უარყოფა.

შეგახსენებთ, რომ ისტორიკოსების შეფასებით, 1915-1922 წლებში თურქეთში (მაშინდელ ოსმალეთის იმპერიაში) 1,5 მლნ სომეხი იქნა მოკლული, ან დეპორტირებული. თურქეთი უარყოფს ამ მაჩვენებლებს - ირწმუნება, რომ დაღუპული სომხების რიცხვი 300 000-ს არ აღემატებოდა და საერთოდ, იმ პერიოდში, პირველი მსოფლიო ომის შედეგად, ოსმალეთის იმპერიაში ყველა დაზარალდა: დაიღუპა სომხებზე არანაკლები ეთნიკური თურქი. მოკლედ, სომეხთა გენოციდი უთანხმოების გამომწვევი თემაა და, ამდენად, საყოველთო ინტერესს იწვევს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილება.

კანონპროექტს ეროვნულ ასაბმლეაში 106 პარლამენტარი მიემხრო. წინააღმდეგი იყო 19. ჩვენ საშუალება გვაქვს, მოვუსმინოთ ორივე ბანაკის წარმომადგენლებს. ჯერ კანონპროექტის მომხრე - ერიკ რაული: [ერიკ რაულის ხმა] ”ამ მკვლელობათა მასობრივი, დაგეგმილი და მიზანმიმართული ხასიათი ამტკიცებს, რომ ეს გენოციდი იყო. ქალთა და მამაკაცთა სისტემატური გაჟლეტა მათი ეთნიკური კუთვნილების მიხედვით - ამისათვის მიზანმიმართული ქმედებების გატარება - ესადაგება გენოციდის იმ განსაზღვრებას, რომელიც თავის დროზე, პირველად ადვოკატმა რაფაელ ლემკინმა დაადგინა. ამ გენოციდის მნიშვნელობა ნათლად აჩვენებს, რომ ეს მხოლოდ ერთი ერის კი არა, მთელი კაცობრიობის საქმეა”.

და მაინც, კანონპროექტს, რომლის შესაბამისად, სომეხთა გენოციდის უარყოფა დანაშაულად უნდა გამოცხადდეს, მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. მათ შორის არის ეროვნული ასამბლეის 19 წევრი. მიშელ პირონი როგორც აღნიშნავს, მთავრობის ან სასამართლოს საქმე არ არის ისტორიის ინტერპრეტაცია. [ერიკ რაულის ხმა] “ისტორია არ არის სასამართლოში განხილვის ობიექტი. თავისუფალ ქვეყანაში ისტორიული სიმართლის დადგენა არ არის არც პარლამენტისა და არც სასამართლოს საქმე. მაინცდამაინც სოლჟენიცინი უნდა გადავიკითხოთ იმის გასახსენებლად, თუ რა ტიპის რეჟიმებთან გვაქვს საქმე, როცა კანონი განსაზღვრავს ისტორიას, აყალიბებს მეხსიერებას, უკან ტოვებს ტყუილებით და საშინელი მანიპულაციით გატანჯულ ადამიანებს?”

მიშელ პირონის ამ არგუმენტის მიუხედავად, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ კანონპროექტი სომეხთა გენოციდის შესახებ მოიწონა. თუმცა, კანონპროექტის კანონად ქცევისთვის ჯერ საჭიროა პარლამენტის ზედა პალატის, სენატის მხარდაჭერაც, შემდეგ კი მასზე ხელმოწერა პრეზიდენტის მიერ.

როგორც საფრანგეთის საგარეო უწყება დღევანდელ განცხადებაში აღნიშნავს, “ეს არის დასაწყისი ხანგრძლივი საკანონმდებლო პროცესისა”, რომელიც საგარეო უწყების შეფასებით, ზედმეტი და არადროულია. დიახ, საფრანგეთის მთავრობა - პარლამენტის ქვედა პალატის წევრებისაგან განსხვავებით - არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, რომ სომეხთა გენოციდის უარყოფა დანაშაულად გამოცხადდეს. ამიტომ საგარეო უწყებამ უკვე გაავრცელა ცნობა, რომ განაგრძობს კანონის მიღების წინააღმდეგ მუშაობას.

კიდევ უფრო მკვეთრია თურქეთის რეაქცია - ანკარაში, რომელიც გადაჭრით უარყოფს სომეხთა გენოციდის ბრალდებას, პარიზში გამართული კენჭისყრის შედეგს “სამარცხვინო გადაწყვეტილება” უწოდეს. თურქეთის ეკონომიკის მინისტრი ალი ბაბაჩანი კი არ გამორიცხავს საპასუხო ზომებს ფრანგული ბიზნესის წინაღამდეგ.

საფრანგეთმა ჯერ კიდევ 2001 წელს აღიარა სომეხთა გენოციდი, თუმცა მაშინდელ გადაწყვეტილებას არ უკავშირდებოდა რაიმე სამართლებრივი ნაბიჯები გენოციდის უარყოფის შემთხვევაში. ახალი კანონპროექტით კი, თუ იტყვი, რომ სომეხთა გენოციდი არასოდეს მომხდარა, 45 000-მდე ევროთი დაგაჯარიმებენ, ან 5 წლამდე პატიმრობას მოგისჯიან.
XS
SM
MD
LG