Accessibility links

logo-print

ნობელის პრემია პირველად მოიპოვა თურქმა - ორჰან პამუკმა


დღეს ცნობილი გახდა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატის ვინაობა.

ეს არის ორჰან პამუკი, ცნობილი თურქი მწერალი - სწორედ ის მწერალი, რომელსაც თურქეთში სასამართლო პროცესი მოუწყეს "თურქულობის შეურაცხყოფის" გამო. “თურქულობის შეურაცხყოფა” კი იმით გამოიხატა, რომ ორჰან პამუკმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთს არ სურს, დაუშვას ღია დისკუსია თავისი ისტორიის ორ მეტად მტკივნეულ ეპიზოდზე - სომეხთა ხოცვა-ჟლეტაზე პირველი მსოფლიო ომის დროს და ქურთების ბოლოდროინდელ პარტიზანულ ბრძოლაზე.

შეგვიძლია მოვისმინოთ 2005 წლის ოქტომბრის ჩანაწერი, როცა ორჰან პამუკი გერმანიაში სტუმრობისას განმარტავს, რა იგულისხმა სომხების და ქურთების პრობლემის მოხსენიებით. [ორჰან პამუკის ხმა] “პოლიტიკურ სარბიელზე ბოლოს რაც გადამხდა იყო ის, რომ შვეიცარიის ერთ-ერთ გაზეთს ვუთხარი, რომ მილიონი სომეხი და 30 000 ქურთი იქნენ მოკლული. და ვთქვი ისიც, რომ ამაზე თურქეთში, ჩვეულებრივ, არ ლაპარაკობენ. მერე თურქეთში ბრალდება წამიყენეს. მე მარტო იმის თქმა მინდოდა, რომ ამ საკითხზე თურქეთში ღია დისკუსია არ მიმდინარეობს. და კიდევ - საჭიროა, საჯაროდ განვიხილოთ, რა მოუვიდათ სომხებს ოსმალეთის პერიოდში - თურქეთში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს ამაზე ლაპარაკი”.

მაგრამ პამუკს სასამართლო მოუწყეს. მას სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა აღშფოთებამ, რომელიც საზღვარგარეთ, განსაკუთრებით კი ევროკავშირში გამოიწვია პამუკისთვის პროცესის მოწყობამ, ანკარას უკან დახევა აიძულა. წელს იანვარში საქმის განხილვა შეწყდა, პროცესი აღარ განუახლებიათ.

რასაკვირველია, უსამართლობა იქნებოდა პამუკის მნიშვნელობაზე საუბარი, მისი უწინარესად პოლიტიკური პოზიციის მოხსენიებით. პამუკი, უწინარეს ყოვლისა, მაინც საუცხოო მწერალია და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მისთვის მინიჭება მოულოდნელობა არ ყოფილა - პამუკის წიგნებს (მას 7 რომანი აქვს გამოქვეყნებული) მთელს მსოფლიოში იცნობენ და აფასებენ. შვეციის სამეფო აკადემია, რომელიც პრემიას გასცემს, ქების სიტყვებს არ იშურებს თურქი ხელოვანის ოსტატობის მისამართით: [ჰორაცე ენგდალის ხმა] “ლიტერატურის დარგში 2006 წლის ნობელის პრემია მიენიჭა თურქ მწერალს, ორჰან პამუკს, რომელმაც მისი მშობლიური ქალაქის მელანქოლიური სულის ძიებისას კულტურათა შეჯახებისა და შერწყმის ახალი სიმბოლოები აღმოაჩინა".

ეს იყო შვეციის სამეფო აკადემიის მუდმივი მდივნის, ჰორაცე ენგდალის გამოსვლის ჩანაწერი.

რაც უნდა საკამათო იყოს თანამემამულეთათვის ორჰან პამუკის პოლიტიკური შეხედულებები - ეჭვი არ არის, რომ თურქების უმეტესობა დღეს ძალიან გახარებულია: პამუკი პირველი თურქია, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა.
XS
SM
MD
LG