Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ საქართველოს ხელისუფლების საქმიანობას კოდორის ხეობაში მკაცრი შეფასება მისცა


პარასკევს გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ზონაში

გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის ნახევარი წლით გაგარძელების შესახებ. რუსეთის ზეწოლით, დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება კოდორის ხეობაში საქრთველოს ხელისუფლების პროვოკაციულ ქმედებაზე. უშიშროების საბჭო, მოუწოდებს თბილისს, დაიცვას მოსკოვის 1994 წლის 14 მაისის შეთანხმება. რეზოლუციის პროექტს არ ეთანხმება აფხაზეთის ლეგიტმიური მთავრობის მეთაური, რომლისგან განსხვავებით, დე-ფაქტო მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრს, ამერიკის საელჩომ რუსეთში ნიუ-იორკში გასამგზავრებელ ვიზაზე უარი უთხრა.
სადავოდ ქცეული გაეროს რეზოლუციის წინაისტორია კი ასეთი გახლავთ.


ჯერ კიდევ 3 ოქტომბერს, საქართველო-რუსეთს შორის ჯაშუშთა სკანადალით გამოწვეული დიპლომატიური ომის გარიჟრაჟზე, რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში შეიტანა განცხადების პროექტი “საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე.” დოკუმენტის პროექტი დაბეჯითებით მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, გაეყვანა ჯარი კოდორის ხეობიდან. მაგრამ საქართველოს სტრატეგიული მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების ჩარევის შემდეგ, განცხადების პროექტი რუსეთს უკან დაუბრუნდა. მაგრამ რუსეთმა ერთგვარი "შემოვლითი გზა" აირჩია და გადაწყვიტა, საქართველოს კრიტიკა მოხვედრილიყო უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში. როგორც გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი, ვიტალი ჩურკინი ამტკიცებს, რუსეთის დელეგაციამ შეძლო მიეღოთ ისეთი რეზოლუციის ტექსტი, რომელიც დიპლომატიური ფორმით, მაგრამ მკაფიოდ აკრიტიკებს საქართვველოს ხელისუფლების ქმედებებს.

[ვიტალი ჩურკინის ხმა ] “რეზოლუცია შეიცავს ყველა აუცილებელ ელემენტს, რომლებიც ასახავენ გაეროს გენერალური მდივნის მოხსნებას ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის თაობაზე, ასახავენ იმ დარღვევებს, რაც საქართველოს მხარემ დაუშვა არსებული შეთანხმებების თანახმად. ის აგზავნის ყველა აუცილებელ სიგნალს. მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება, სათანადო დიპლომატიურ სახით, იმ სიმკვეთრის გარეშე, რასაც არცთუ იშვითად ვისმენთ საქართველოს ხელისუფლებისაგან.”


თუმცა, ვიდრე რეზოლუციის ტექსტზე კენჭისყრა გაიმართებოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამერიკისა და მეგობართა ჯგუფის გავლენით, რეზოლუციაში კოდორის ხეობაზე აქცენტი არ გაკეთდებოდა. საქართველოს ხელისუფლების რწმენას აძლიერებდა გაეროს სამხედრო მისიისა და რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობის მიერ კოდორის ხეობაში, ანუ ოფიციალური ვერსიით ზემო აფხაზეთში, 12 ოქტომბერს განხორციელებული მონიტორინგი, რომლის დროსაც, - როგორც საქართველოს პრალმანეტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბარქაძემ ჟურნალისტებს უთხრა, - საქართველოს მხირდან შეთანხმების დარღვევა არ დაფიქსირებულა.


[დავით ბაქრაძის ხმა] “ეს არის ჩვენი ძალიან დიდი გამარჯვება. ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ არანაირ დარღევაზე კოდორში საუბარი არ არის. რა თქმა უნდა, ეს მონიტორინგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ვერანაირი მოთხოვნა ამ რეზოლუციაში, რომ ქართული მხარე რაღაცას არღვევს და რაღაცის გაყვანაა საჭირო, ვერ დაფიქსირდება. და ეს არის ის ძალიან ძირეული ცვლილება, რაც ამ დოკუმენტმა განიცადა რუსულ ვარიანტთან შედარებით.”

მაგრამ თბილისის მოლოდინი არ გამართლდა. რეზოლუციის შესახებ გაეროს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ რეზოლუცია “დაბეჯითებით მოუწოდებს საქართველოს მხარეს სერიოზულად მოეკიდოს აფხაზური მხარის საფუძვლიან შეშფოთებას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, უარი თქვას ნაბიჯებზე, რომლებიც შესაძლებელია აღქმული იქნას, როგორც მუქარა, უარი თქვას საომარ რიტორიკაზე და პროვოკაციულ ქმედებებზე კოდორის ხეობის ზედა ნაწილში.”
რეზოლუციის ტექსტს არ ეთანხმება გაეროში საქართველოს წარმომადგენელი იარაკლი ალასანია და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია, რომლებმაც ნიუ-იორკში 13 ოქტომბერს, პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ კოდორის ხეობაში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება, საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმური უფლებაა. მათ საყვედური გამოთქვეს იმაზეც, რომ უშიშროების საბჭომ არ დაგმო კოდორის ხეობის ქვედა ნაწილში ჩატარებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის შეიარაღებული ძალების სამხედრო მანევრები, რომლის დროსაც მძიმე ტექნიკაც იყო გამოყენებული. მაგრამ ეს პოსტ-ფაქტუმ საყვედურები, ალბათ, ვერაფერს შეცვლის რეზოლუციაში, რომელიც, შესაძლოა, ყველაზე კრიტიკული იყოს იმ რეზოლუციათა შორის, რაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ გაეროს კედლებში მიღებულა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG