Accessibility links

logo-print

როგორ აფასებენ საქართველოში გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას


პარასკევს, 13 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის ნახევარი წლით გაგრძელების შესახებ.


დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება კოდორის ხეობაში საქართველოს ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით. ასევე, უშიშროების საბჭო მოუწოდებს თბილისს, დაიცვას მოსკოვის 1994 წლის 14 მაისის შეთანხმება. გაეროს ამ რეზოლუციას საქართველოში სხვადასხვაგვარად აფასებენ: ერთნი მას დამარცხებას უწოდებენ, ხოლო მეორენი - გამარჯვებას.

ყველაზე პირველად გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და 13 ოქტომბრის გვიან საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მთავარი ორი მომენტი, რაც უნდოდა რუსეთის დიპლომატიას, ერთი - უპირობო დაგმობა საქართველოს ოპერაციისა კოდორის ხეობაში, ზემო აფხაზეთში, რაც, თავისთავად, იქნებოდა სერიოზული ძალის მქონე იურიდიული დოკუმენტი, თუმცა არა სავალდებულო, მაგრამ მაინც... და მეორე, მთავარი, რისთვისაც იბრძოდნენ, ამ ოპერაციამდე, ანუ ივლისის თვემდე, არსებული სტატუს-კვოს აღდგენა. ნურას უკაცრავად, ეს არ გავიდა...”(სტილი დაცულია)

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას საქართველოს ხელისუფლების მარცხად აფასებენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები, მათ შორის ყველაზე რადიკალურად - ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] ”პრეზიდენტის წინასაარჩევნო ავანტიურისტულ შოუებს უკვე შეეწირა კოდორის ხეობა, საქართველოს ციტადელი, რომლითაც უნდა დავბრუნებულიყავით აფხაზეთში. გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც დამანგრეველი და კატასტროფულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის.”

თუმცა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში არაფერი წერია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოების კოდორის ხეობიდან, ზემო აფხაზეთიდან, გასვლის შესახებ. სხვაგვარად ფიქრობს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში:

[სერგეი ბაღაფშის ხმა] ”საქართველოს პრეზიდენტმა გეოგრაფია თუ ცუდად იცის, ჩვენ მას შევახსენებთ, რომ კოდორის ხეობის ზემო ნაწილი ეს აფხაზეთის ტერიტორიაა... და ის იქნება აფხაზეთის შემადგენლობაში. უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესრულება სავალდებულოა ყველა ქვეყნისთვის, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს და საერთაშორისო საზოგადოებრიობას.”

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი მკაცრად აფრთხილებს ყველას, რომ საქართველო კოდორის ხეობაში არ დაუშვებს ისეთი მოვლენების განმეორებას, როგორსაც ადგილი ჰქონდა გალის რაიონში 1998 წელს. მაშინ გალის რაიონში დაბრუნებული ქართველი ლტოლვილები მეორედ გამოაძევეს საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ნურავის ნუ გაუჩნდება ერთი წუთი ცდუნებაც კი, რომ კოდორში რაღაც საბაბით და ზემო აფხაზეთში განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც მიმართული იქნება იქედან ამ ტერიტორიის საქართველოს ხელისუფლების კონტროლიდან გამოგლეჯისკენ და იქედან კანონიერი ხელისუფლების გაძევებისკენ.”(სტილი დაცულია)

სხვათა შორის, გაეროს რეზოლუციაში გაკრიტიკებულია საქართველოს ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა.

ამ რეკომენდაციების გარდა, რეზოლუციის მთავარი საგანი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის 6 თვით გაგრძელებაა. ამას ოპოზიცია აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელების ტოლფასად მიიჩნევს, რადგან გაეროს მისია ეფუძნება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ძალების ოპერაციას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში:

[დავით ბაქრაძის ხმა] ”საუბარი არის იუნომიგის მანდატის გაგრძელებაზე 2007 წლის გაზაფხულამდე. ეს შედიოდა ქართული მხარის გეგმებში, ვინაიდან ჩვენ გვსურს საერთაშორისო კომპონენტის გაგრძელება კონფლიქტურ ზონებში - არა მარტო გაგრძელება, ჩვენ გვსურს ამ კომპონენტის კიდევ უფრო გაძლიერება. რაც შეეხება დსთ-ს სამშვიდობო ძალებს, მათ მანდატს გაეროს უშიშროების საბჭო არ აგრძელებს. მათი მანდატი გრძელდება დსთ-ს შესაბამის სტრუქტურებში.”

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის მიერ გამოთქმული ეს მოსაზრება ოფიციალური თბილისის პოზიციას წარმოადგენს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიციალური თბილისი კვლავაც გააგრძელებს მუშაობას სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლისა და არსებული კონტინგენტის ინტერნაციონალური ძალებით ჩანაცვლების მისაღწევად.
XS
SM
MD
LG