Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე: 7-14 ოქტომბერი


უცხოეთის პრესის მიმოხილვისას, ერთი თემით შემოვიფარგლებით. თუმცა არ შეიძლება, არ აღინიშნოს რომ ბოლო დღეების პუბლიკაციები განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა:

იყო საყურადღებო სტატიები, რომლებითაც გამოეხმაურნენ ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობას, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვიზიტს გერმანიაში, ჩრდილოეთ კორეის კრიზისს, აგრეთვე ლიტერატურისა და მშვიდობის დარგებში ნობელის პრემიების გაცემას. მაგრამ ჩვენთვის, რასაკვირვეულია, პრიორიტეტად საქართველოს თემა რჩება - მასზე კი მართლაც ბევრი იწერება დასავლეთის ჟურნალ-გაზეთებში.

ჯერ ვრცელი სტატიის შესახებ, რომელსაც ავტორიტეტიანი ყოველკვირეული ჟურნალი “ეკონომისტი” აქვეყნებს - მასში აღწერილია სანქციები, რომელთაც რუსეთმა მიმართა საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. ჯაშუშთა სკანდალის გამო: როგორც “ეკონომისტში” ვკითხულობთ, “რუსეთი გაცოფდა” – “ახლა გვესმის, როგორ გრძნობენ თავს აქ, რუსეთში მცხოვრები ჩეჩნებიო”, უთქვამს “ეკონომისტის” ჟურნალისტითვის ქართველ ექიმს, აფხაზეთიდან დევნილს, რომელიც რამდენიმე წელია მოსკოვში ცხოვრობს.

“პრეზიდენტმა სააკაშვილმა შესაძლოა ვერ გათვალა ზარალი, რომლის მიყენებაც კიდევ შეუძლია კრემლს საქართველოსთვის. მან, გარდა ამისა, შესაძლოა გადაჭარბებული იმედები დაუკავშირა უცხოეთიდან დახმარებას. “რუსეთი საქართველოს დასავლეთის დასაყრდენად მიიჩნევს, თვით დასავლეთი კი არაო” - ჩივის სააკაშვილი. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო კონფრონტაციას გადაურჩება. მაგრამ გადაურჩება კი რუსეთი? კრემლის მიერ კონფრონტაციის ესკალაცია არის მაგალითი საბჭოთა ჩვევისა, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო პუტინმა: გარეშე მტრის გამოყენება განტევების ვაცად და ინტსრუმენტად საშინაო პოლიტიკური მიზნებისთვის. უწინ, სამიზნეში ამოღებულთა შორის იყვნენ ამერიკა, უკრაინა, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი უცხოელები.”

ახლა კი ჯერი ქართველებზე მიდგა. “ეკონომისტში” ლაპარაკია რუსეთში ქსენოფობიური ნაციონალზმის ტენდენციაზე და მოყვანილია რამდენიმე რუსი ლიბერალი ექსპერტისა თუ პოლიტიკოსის შეფასებაც. იგორ გაიდარი - ყოფილი პრემიერ-მინისტრი - პარალელს ავლებს ორი მსოფლიო ომის შუა პერიოდის გერმანიასთან, რომელშიც, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა რუსეთში, ჯერ ეკონომიკური ქაოსი დატრიალდა, შემდეგ კი დაიწყო სტაბილიზაცია, რომელსაც პოსტიმპერიული ნოსტალგია დაეფუძნა. ყოველივე ამის შესახებ წაიკითხავთ ჟურნალ “ეკონომისტში”.

გაზეთი “უოლ სტრიტ ჯორნალი” კი 12 ოქტომბრის ნომერში ბეჭდავს წერილს, რომლის ავტორიც თვით პრეზიდენტია - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ის სტატიაში აღწერს გასულ კვირას, რომელიც “ძალიან მძიმე იყო საქართველოსთვის”: საუბარი, ბუნებრივია, ისევ რუსეთის მიერ შემოღებულ სანქციებს ეხება. მათზე აღარ შევჩერდებით, მსმენელისთვის, ალბათ, საკმარისად არის ცნობილი. თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ წერილის იმ მონაკვეთს, რომელიც კრიზისიდან გამოსავალს ეხება: პრეზიდენტ სააკაშვილს სჯერა, რომ ეს გამოსავალი, მშვიდობიანი გამოსავალი, დაძაბულობის მიუხედავად, არსებობს. “უოლ სტრიტ ჯორნალში” ვკითხულობთ:

“საქართველო არ უქმნის არანაირ ფიზიკურ საფრთხეს რუსეთს: ან როგორ შეუქმნიდა ხალხი, რომლის მოსახლეობა 5ი მილიონიც კი არ არის - საფრთხეს მასზე 30ჯერ უფრო დიდ, ბირთვული იარაღით აღჭურვილ სახელმწიფოს? მაგრამ იმისათვის, რომ ზეწოლას გაუძლოს, მას მეგობრების დახმარება სჭირდება. თუ რომელიმე ჩვენგანი შეურიგდება ზეწოლას, ან ეთნიკური სიძულვილის პოლიტიკას, საფრთხე დაგვემუქრება ყველას. ფასეულობები, რომლებითაც შეკრულია საერთაშორისო წესრიგი, ჯაჭვივითაა -სუსტ ადგილას შეიძლება გაწყდეს. ამ სუსტი ნაწილისთვის საფრთხის შექმნა, ან მისი უგულებელყოფა საფრთხეს შეუქმნის მთელს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობას. დღეს, საქართველო დასავლეთის უსაფრთხოების სისტემის განუყოფელ ნაწილად არის ქცეული”.

წერს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტატიაში, რომელიც “უოლ სტრიტ ჯორნალის” 12ი ოქტომბრის ნომერში დაიბეჭდა. იმავე დღეს ლონდონში გამომავალი “გარდიანი” ყურადღებას ამახვილებს შიშზე, რომელშიც მოსკოვის მკვიდრი ქართველები ცხოვრობენ. დანიის ყოველდღიური “პოლიტიკენი” კი მოსკოვის რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობისადმი მიძღვნილ სტატიაში აღნიშნავს:
“ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა მოხდა იმ მომენტში, როცა კრემლი არნახული სისასტიკით უჭერს მარწუხებს პატარა მეზობელ საქართველოს - მასშტაბური სანქციებით, დეპორტაციით, დაშინებით. პოლიტკოვსკაიას მკვლელობა არის ტრაგედია, და სიმბოლო პუტინის რუსეთისა - შიშის, ძალაუფლების სრულყოფისა და ურცხვი სისასტიკის შემაშფოთებელი კომბინაციით”.

ამ მკაცრ შეფასებას კოპენჰაგენში გამომავალ “პოლიტიკენში” წაიკითხავთ. დაბოლოს, კიდევ ერთი პუბლიკაცია, რომელსაც “ტაიმსი” აქვეყნებს. “რატომ არის აუცილებელი დასავლეთისთვის, მხარი დაუჭიროს საქართველოს?” - ასე დასათაურებული სტატიის ავტორი, ედუარდ ლუკასი, სათაურში დასმულ შეკითხვაზე ვრცელ პასუხს აყალიბებს. აი როგორ განმარტავს ის მთავარ მიზეზს, რომლის გამოც შორეული ბრიტანეთიც უნდა იყოს შეშფოთებული საქართველოზე რუსეთის ზეწოლით:

“პირველი მომცრო მარცხები შესაძლოა მოგვიანებით, უფრო დიდ მარცხებში გადაიზარდოს. რუს ხელისუფალთ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, შეაჩერონ და საწინააღმდეგო მიმართულებით წარმართონ თავიანთი ქვეყნის გეოპოლიტიკური დასუსტება. თუ ისინი პრეზიდენტ სააკაშვილის დამარცხებას შეძლებენ, ეს იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი სხვებისთვისაც. თუ საქართველო დამარცხდა, მას სხვებიც მიჰყვებიან. გაძლიერდება რუსეთის გავლენა უკრაინაზე, მოლდავეთზე. შემდეგ მისი ჩრდილი გავრცელდება უხეიროდ მართულ და დემორალიზებულ აღმოსავლეთ ევროპელ ექს-კომუნისტებზე და ბალტიისპირელებზე. ასე - რუსული ნეო-იმპერიალიზმი ჩვენს კარსაც მოადგება”.

ტაიმსის პუბლიკაციაში ჟურნალისტ ედუარდ ლუკასს სხვა პრაგმატული მოსაზრებაც - ენერგეტიკული პოლიტიკის მნიშვნელობაც - მოჰყავს იმის დასასაბუთებლად, რომ დასავლეთისვე ინტერესებში შედის საქართველოს მხარდაჭერა რუსეთთან ამჟამინდელი კრიზისის კონტექსტში.
XS
SM
MD
LG