Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანი მერლო: "საქართველოს შესაძლებლობებს ძალიან ოპტიმისტურად ვაფასებ." ინტერვიუ სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტთან


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ამ რამდენიმე დღის წინათ

საქართველოს სტუმრობდა სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციის - აიპსის - პრეზიდენტი ჯანი მერლო. იტალიელი ჟურნალისტი, მსოფლიოს უძველესი სპორტული გაზეთის, "გაძეტა დელო სპორტის" კორესპონდენტი თბილისს საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციისა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიწვევით იმყოფებოდა. მისმა უშუალო მასპინძელმა, ჩვენმა სპორტულმა მიმომხილველმა ელგუჯა ბერიშვილმა, რომელიც, ამავე დროს, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციის პრეზიდენტიც არის, ჯანი მერლო რადიო "თავისუფლების" თბილისის სტუდიაში მიიყვანა და სთხოვა მას, ჩვენი მსმენელისთვის აიპსის ძირითად ამოცანებზე მოეთხრო.

[ჯანი მერლო]: პირველი და უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რა თქმა უნდა, დავეხმაროთ ჩვენს ყველა კოლეგას, ყველა სპორტულ ჟურნალისტს, აღვიდგინოთ ძველი ღირსება და პატივი. თუ ეს მოვახერხეთ, ბევრის გაკეთებას შევძლებთ. უნდა ვეცადოთ, რომ უფრო იოლად ხელმისაწვდომი გავხადოთ ინფორმაციის წყაროები - ეს აუცილებელი პირობაა ეფექტიანი საქმიანობისთვის. უნდა გავაუმჯობესოთ სპორტულ ჟურნალისტთა სამუშაო პირობები და ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი სიტყვის თავისუფლების დამკვიდრებას. ეს ის სამი სვეტია, ურომლისოდაც ჩვენი საქმიანობა წარმოუდგენელია. გარდა ამისა, უნდა ვიზრუნოთ სპორტული ჟურნალისტების ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთა შორის კულტურის დონის ამაღლებაზე. და არა მარტო ახალგაზრდებს შორის. კულტურაა ის იარაღი, ურომლისოდაც ნებისმიერი წარმატება მხოლოდ ოცნებად დაგვრჩება. თუ საქმიანობა სწორად წარვმართეთ, შეგვეძლება ვთქვათ, რომ ჩვენს ორგანიზაციას ნათელი მომავალი აქვს.

[რადიო "თავისუფლება"]: წელიწადზე მეტია, თითქმის წელიწადნახევარია, რაც თქვენ ამ ორგანიზაციას ჩაუდექით სათავეში. მე ვიყავი იმ კონგრესზე, სადაც თქვენ პრეზიდენტად აგირჩიეს. თქვენ იქ სერიოზული გეგმებით გამოხვედით და ალბათ ესეც იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც თქვენ ხმების დიდი უპირატესობით გაიმარჯვეთ. რის გაკეთება მოასწარით ამ ხნის განმავლობაში და რა უახლოესი გეგმები გაქვთ?

[ჯანი მერლო]: პირველ ყოვლისა, ძირფესვიანად შევცვალეთ კომუნიკაციის ფორმები. გადავახალისეთ ჩვენი ბეჭდვითი ორგანო, "აიპს მაგაზინი", რომლის კონცეფციაში, შეიძლება ითქვას, რევოლუცია მოვახდინეთ - ყოველგვარი ზედმეტი ხარჯების გარეშე. ასევე მთლიანად შევცვალეთ ჩვენი ინტერნეტ-გვერდი. მოლაპარაკება გავმართეთ სპორტის ცალკეულ სახეობებში საერთაშორისო ფედერაციების ხელმძღვანელებთან, რომლებიც ჩვენი კოლეგებისთვის უკეთესი სამუშაო პირობების შექმნაზე დავიყაბულეთ. განსაკუთრებით ნაყოფიერად ჩაიარა ჩვენმა მოლაპარაკებამ ფიფასთან, რომელიც დაგვპირდა, რომ უმაღლესი რანგის საფეხბურთო შეჯიბრებებზე აკრედიტებულ ჟურნალისტებს პრობლემები არ შეექმნებათ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვმუშაობთ ეგრეთ წოდებულ "კულტურულ პროექტზე", რადგან კომუნიკაციის სფეროში მიღწეული წარმატებების შემდეგ აუცილებელია, ხელი შევუწყოთ კულტურის დონის ამაღლებას.

[რადიო "თავისუფლება"]: ამ ორი დღის მანძილზე არაერთი შეხვედრა შედგა. ჩემთვის, როგორც მასპინძლისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შეხვედრა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან. იქ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იყო ლაპარაკი; მათ შორის იმაზე, რომ საქართველოში შეიძლება გაისად გაიმართოს სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციის აღმასკომის სხდომა და, უფრო მეტიც, შეიძლება 2009 წელს თბილისში შედგეს სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციის კონგრესი. მესმის, რომ ამაზე საუბარი შეიძლება ნაადრევია, მაგრამ თქვენ, დღეს მიღებული ინფორმაციის შემდეგ, როგორ უყურებთ ამ პერსპექტივას?

[ჯანი მერლო]: სპორტის მინისტრთან და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან შეხვედრების შემდეგ აშკარად დავინახე, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის საუცხოო საშუალებები არსებობს. ამ თანამშრომლობის პირველი გამოხატულება იქნება ისიც, რომ გაისად სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციის აღმასკომის სხდომას სწორედ თბილისში ჩავატარებთ. ეს ჩვენი დაახლოების პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. საქართველოს შესწევს უნარი, ასეთი დონის შეხვედრას უმასპინძლოს. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, ბადრი პატარკაციშვილთან შეხვედრისას გაჩნდა იდეა, 2009 წელს საქართველოში აიპსის კონგრესი ჩავატაროთ: თქვენს ქვეყანაში ჩამოვიყვანოთ და აქაურობა გავაცნოთ მსოფლიოს სპორტული პრესის საუკეთესო წარმომადგენლებს. ჯერჯერობით ეს მხოლოდ იდეაა, ოცნებაა. მაგრამ თუ გაისად აღმასკომის სხდომა მაღალ დონეზე ჩავატარეთ, მაშინ ოცნება შეიძლება რეალობად იქცეს. ისევე, როგორც საქართველოს ოცნება, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლოს. მართალია, ბორჯომის პირველი ცდა წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ მე ამას მარცხად არ აღვიქვამდი. ახლა მთავარია, გააანალიზოთ, სად დაუშვით შეცდომა, რა უნდა გაგეკეთებინათ უკეთ და სხვაგვარად, რათა შემდეგ გამოცდას უკეთ მომზადებული შეხვდეთ. საქართველოს შესაძლებლობებს პირადად მე ძალიან ოპტიმისტურად ვაფასებ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG